ტერმინი „პერსონალური შემოსავალი“ აღნიშნავს ყველა შემოსავალს, რომელიც ერთობლივად მიიღება ქვეყნის ყველა ინდივიდის ან ოჯახის მიერ. პერსონალური შემოსავალი მოიცავს კომპენსაციას მრავალი წყაროდან, მათ შორის ხელფასებს, ბონუსებს, თვითდასაქმებიდან მიღებულ შემოსავალს, დივიდენდებს ინვესტიციებიდან, ქირავნობის ქვითრებს უძრავი ქონების ინვესტიციებიდან და ა. შ.
პერსონალური შემოსავლის გააზრება
ტერმინი „პერსონალური შემოსავალი“ ზოგჯერ გამოიყენება ინდივიდის მიერ მიღებული მთლიანი კომპენსაციის აღსანიშნავად. უმეტეს იურისდიქციაში, პირადი შემოსავალი, რომელსაც ასევე მთლიან შემოსავალს უწოდებენ, გარკვეული საბაზისო ოდენობის გადაჭარბების შემთხვევაში დაბეგვრას ექვემდებარება.
პირადი შემოსავალი მნიშვნელოვნად ზემოქმედებს სამომხმარებლო ხარჯებზე. იქიდან გამომდინარე, რომ ეს უკანასკნელი ეკონომიკისთვის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, ეროვნული სტატისტიკური ორგანიზაციები, ეკონომისტები და ანალიტიკოსები თვალს ადევნებენ პერსონალური შემოსავლების კვარტალურ ან წლიურ მაჩვენებლებს.
შეერთებულ შტატებში ეკონომიკური ანალიზის ბიურო (BEA) ყოველთვიურად აკონტროლებს პირადი შემოსავლის სტატისტიკას და ამ მაჩვენებლებს წინა თვის შედეგებს ადარებს. გარდა ამისა, სააგენტო ამ მონაცემებს აყალიბებს კატეგორიებად, როგორიცაა პირადი შემოსავალი, რომელიც გამომუშავებულია ხელფასებით, იჯარით, მეურნეობისა და ინდივიდუალური მეწარმეობის მეშვეობით. ეს BEA-ს საშუალებას აძლევს, ჩაატაროს ანალიზი იმის შესახებ, თუ როგორ იცვლება შემოსავლის ტენდენციები.
პერსონალური შემოსავალი იზრდება ეკონომიკური ექსპანსიის პერიოდებში და სტაგნაციას განიცდის ან ოდნავ მცირდება რეცესიის დროს. 1980-იანი წლებიდან სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ ისეთ ეკონომიკებში, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია, ხელი შეუწყო ამ ქვეყნების მილიონობით მოქალაქის პერსონალური შემოსავლების მნიშვნელოვან ზრდას.
პერსონალური შემოსავალი vs სუფთა პერსონალური შემოსავალი
სუფთა პერსონალური შემოსავალი (DPI) გულისხმობს იმ თანხის რაოდენობას, რომელიც მოსახლეობას გადასახადების გადახდის შემდეგ დარჩა. შესაბამისად, ეს მაჩვენებელი პერსონალური შემოსავლისგან განსხვავდება იმით, რომ გადასახადებს ითვალისწინებს.
გადასახადების გადახდის შემდეგ დარჩენილი შემოსავლის ანალიზი მნიშვნელოვანია, რადგან ეს ის ფულია, რომელსაც რეალურად მოსახლეობა ხარჯვისთვის, დაზოგვისთვის ან ინვესტირებისთვის იყენებს.
პერსონალური შემოსავალი vs პერსონალური მოხმარების ხარჯები
პირად შემოსავალს ხშირად ადარებენ პერსონალური მოხმარების ხარჯებს (PCE). ეს უკანასკნელი ზომავს ცვლილებებს სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასებში. ამის გათვალისწინებით ანალიტიკოსებს შეუძლიათ გაარკვიონ, როგორ მოქმედებს პირადი შემოსავლის ცვლილებები ხარჯებზე.
მაგალითად, თუ ერთი თვის განმავლობაში პერსონალური შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზრდება და ასევე მოიმატებს PCE, მომხმარებლები, შესაძლოა, კოლექტიურად მეტ ნაღდ ფულს ფლობდნენ, მაგრამ მათ ასევე შეიძლება მოუწიოთ მეტი ფულის დახარჯვა ძირითად საქონელსა და მომსახურებაზე.