გასული წელს ლებრონ ჯეიმსი NBA-ის ისტორიაში პირველი მილიარდერი ვარსკვლავი გახდა. ბევრი ჩვენგანი კარგად იცნობს მის შესაძლებლობებს საკალათბურთო მოედანზე, მაგრამ დღეს განვიხილავთ ლებრონის განსხვავებულ მხარეს — მის ინვესტიციებს, რომლებმაც კალათბურთელს კიდევ ერთი მწვერვალის დაპყრობის საშუალება მისცა. სტატიაში მოგიყვებით იმ ბრენდებისა და ბიზნესების შესახებ, რომლებმაც NBA-ს ვარსკვლავს დიდი სიმდიდრე მოუტანა.
ბრენდებთან პარტნიორობა
პარტნიორობამ მსოფლიოს ზოგიერთ უდიდეს ბრენდთან, მათ შორის Nike-თან, PepsiCo-სთან და Walmart-თან, ლებრონს მილიონობით დოლარის გამომუშავების საშუალება მისცა.
Forbes-ის თანახმად, იგი Nike-ისგან წელიწადში დაახლოებით $32 მილიონს იღებს. მევერიკ კარტერმა, ჯეიმსის დიდი ხნის ბიზნეს პარტნიორმა განაცხადა, რომ კალათბურთელის მიერ კომპანიასთან დადებული გარიგების ღირებულება $1 მილიარდს აჭარბებს.
ინვესტიციები
38 წლის ლებრონს ასევე ინვესტიციები აქვს ჩადებული ბევრ ბრენდში, რომელთანაც თანამშრომლობს. მოდით, ზოგიერთი მისი ყველაზე მომგებიანი ინვესტიცია განვიხილოთ.
Beats by Dre
ჯეიმსი ყურსასმენების ბრენდის — Beats by Dre-ის ერთ-ერთი პირველი ინვესტორი იყოს. მან დაახლოებით $30 მილიონი გამოიმუშავა ნაღდი ფულით და აქციებით, როდესაც 2014 წელს Apple-მა კომპანია $3 მილიარდად შეიძინა.
2020 წელს Dubs Talk: A Golden State Warriors-ის პოდკასტში ჯეიმსის ყოფილმა თანაგუნდელმა — კენდრიკ პერკინსმა განაცხადა, რომ Beats by Dre-ს „ჩუმი ინვესტორის“ როლის მორგებამ ლებრონს მთლიანობაში $700 მილიონის გამომუშავების საშუალება მისცა.
Blaze Pizza
ლებრონი პიცის ქსელის — Blaze Pizza-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი ინვესტორია. Forbes-ის თანახმად, ჯეიმსმა უარი თქვა McDonald’s-თან $15 მილიონის ღირებულების ხელშეკრულების გაფორმებაზე Blaze Pizza-ში ინვესტიციის სასარგებლოდ.
Forbes-ის შეფასებით, ლებრონის წილი Blaze-ის ფრანშიზში დაახლოებით $30 მილიონს შეადგენს. კომპანიაში მისი და კარტერის საწყისი ინვესტიცია კი $1 მილიონზე ნაკლები იყო.
SpringHill Company
ლებრონ ჯეიმსმა და მევერიკ კარტერმა 2020 წელს $100 მილიონის ოდენობით ინვესტიციით თავიანთი გასართობი და პროდიუსერული კომპანია — SpringHill დააარსეს. 2021 წელს SpringHill-მა მცირე წილი ინვესტორთა ჯგუფს დაახლოებით $725 მილიონის სანაცვლოდ მიჰყიდა. ინვესტორებს შორის იყვნენ RedBird Capital Partners, Fenway Sports Group, Nike და Epic Games. ჯეიმსი კვლავ რჩება ყველაზე მსხვილ აქციონერად და კომპანიაში მისი წილი $300 მილიონად არის შეფასებული.
SpringHill-მა მხარი დაუჭირა პროექტებს, როგორიცაა ფილმი Space Jam: A New Legacy (რომელშიც ჯეიმსმა ითამაშა), Youtube თოქ-შოუს სახელწოდებით The Shop: Uninterrupted და ადამ სენდლერის ფილმს — Hustle, სხვა კინო, სატელევიზიო და აუდიო პროდუქციებთან ერთად.
Fenway Sports Group
2021 წელს ჯეიმსმა და კარტერმა დათმეს თავიანთი წილები ინგლისის პრემიერ ლიგის საფეხბურთო გუნდში Liverpool F.C.-ში, რათა გლობალური სპორტის, მარკეტინგის და უძრავი ქონების პლატფორმის — Fenway Sports Group-ის მეწილეები გამხდარიყვნენ. ჯეიმსი FSG-ში დაახლოებით 1%-იან წილის მფლობელია, რომელიც $90 მილიონად არის შეფასებული. Fenway Sports Group ფლობს Boston Red Sox-ს, Liverpool Football Club-ს, Fenway Park-ს, NASCAR-ის Roush Fenway Racing-ის 50%-ს და New England Sports Network-ის 80%-ს სხვა აქტივებთან ერთად.
დასკვნა
ლებრონ ჯეიმსმა, თავისი საინვესტიციო საქმიანობით, შექება ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ინვესტორისგან — უორენ ბაფეტისგან დაიმსახურა. USA Today-სთან ინტერვიუში ბაფეტმა განაცხადა, რომ ლებრონს, სხვა მრავალ უნართან ერთად, ფულის გამომუშავების ნიჭიც აქვს. ლეგენდარული ინვესტორისგან ასეთი შეფასება მართლაც იმის მანიშნებელია, რომ NBA-ის ვარსკვლავს მხოლოდ კალათბურთის თამაში არ გამოსდის კარგად.
ფაქტი, რომ ლებრონი მხოლოდ საკუთარ სპორტულ შესაძლებლობებს არ ეყრდნობა, ნამდვილად ხაზს უსვამს მის საზრიანობას. ეს დივერსიფიკაციის ერთ-ერთი სახეა. გარდა ამისა, ზემოთ აღნიშნულ რამდენიმე კომპანიაში მისი ადრეული ინვესტიციები მოწმობს, რომ ჯეიმსს საკალათბურთო მოედნის მიღმაც შესანიშნავი ხედვა აქვს.