ფსიქოლოგებს მრავალი ნაშრომი აქვთ დაწერილი თავდაცვის მექანიზმების შესახებ, რომლებსაც ადამიანები მათ მიერ აღქმული რეალობიდან უსიამოვნო ან საზიანო ასპექტების აღმოსაფხვრელად იყენებენ. წარუმატებელი ინვესტიცია არის შესანიშნავი მაგალითი იმისა, რისი შეცვლა ან გონებიდან ამოშლაც შეიძლება ადამიანს სურდეს.
დიდი ოდენობით ფულის დაკარგვამ შეიძლება ტრავმული გავლენა იქონიოს ინდივიდებზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეს დანაკარგი ზემოქმედებს ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებზე, როგორიცაა პენსიაზე გასვლა, შვილების განათლების დაფინანსება ან სახლის შეძენა. ბევრმა ადამიანმა შეიძლება, სიტუაციის გამოსასწორებლად, გადადგას ნაბიჯები, რომლებიც სიტუაციას კიდევ უფრო გაამძაფრებს.
თუმცა, სამწუხაროდ, დროის უკან დაბრუნება შეუძლებელია, ამიტომ სჯობს პროცესის ფსიქოლოგიურად მართვა, ვიდრე ზარალის ანაზღაურების მიზნით სარისკო ინვესტიციების განხორციელება ან სხვა მკვეთრი ზომების მიღება. კვლევებმა აჩვენა, რომ ამგვარ დანაკარგებთან გასამკლავებლად არსებობს როგორც პოზიტიური მეთოდები, ასევე მავნე ხერხების იდენტიფიცირებისა და მათი თავიდან აცილების გზები.
დაძლევის დისფუნქციური სტრატეგიები
დანაკარგების დროს ბევრი ადამიანი იყენებს დაძლევის დისფუნქციურ სტრატეგიებს. ესენია:
დათრგუნვა: დანაკარგებთან დაკავშირებული ნეგატიური გრძნობების დათრგუნვის მცდელობა შეიძლება რთული იყოს. ფინანსური პრობლემები და დანაკარგებით გამოწვეული სტრესი შეიძლება ადვილად გადაიზარდოს ოჯახურ ან კარიერასთან დაკავშირებულ პრობლემებში. შესაძლოა, თქვენი იმედგაცრუება ოჯახზე, კოლეგებზე ან მეგობრებზე გადაიტანოთ.
პროექცია: ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანი, რომელიც ფინანსურ ან სხვა სახის ზარალს განიცდის, ყველაფერს სხვა აბრალებს, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი არასწორი გადაწყვეტილება აღიაროს და გაიაზროს.
უარყოფა და თავის მოტყუება: დაძლევის ეს დისფუნქციური მეთოდი ადამიანს უბიძგებს, მიეჯაჭვოს წარუმატებელ ინვესტიციებს იმ ფუჭი იმედით, რომ მათი ღირებულება გაიზრდება. ასეთ დროს სჯობს წარუმატებელი ინვესტიციის გაყიდვა და მიღებული თანხის სხვა უფრო პერსპექტიული მიმართულებით დაბანდება.
დაძლევის სანდო სტრატეგიები
ხელახლა შეაფასეთ
თუ გადაჭარბებულ რისკზე წახვედით, არასწორ ადამიანებს ენდეთ ან უბრალოდ არ გაგიმართლათ, შეგიძლიათ მეტი სიფრთხილით იმოქმედოთ და მომავალში პორტფელის უკეთ დივერსიფიკაციაზე ფოკუსირდეთ. საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაცია ყოველთვის უნდა იყოს ინვესტირების ადრეული ეტაპი, რომელიც მკვეთრი დანაკარგების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
ისწავლეთ შეცდომებზე
მნიშვნელოვანია როგორც თქვენი, ასევე სხვების ქმედებების გააზრება. მაგალითად, რისი მსხვერპლი აღმოჩნდით კონკრეტულ სიტუაციაში — დიდი მოგების მიღების ცდუნების თუ ცრუ დაპირებების?
იმის გარკვევა, თუ რა მოხდა რეალურად წარსულში, საუკეთესო გზაა უკეთესი მომავლის შესაქმნელად. მაგრამ როდესაც საკუთარი თავის მოტყუებით და საკუთარ შეცდომებში სხვების დადანაშაულებით ხართ დაკავებული, პროცესი ნეგატიური ხდება. იმის გაგება, თუ რატომ მიიღეთ კონკრეტული საინვესტიციო გადაწყვეტილება, დაგეხმარებათ, მომავალში არახელსაყრელი ქმედებები თავიდან აიცილოთ.
დაბოლოს, მომავალში თქვენი ფულის სწორად დაბანდების მიზნით შეიძლება კარგი არჩევანი იყოს დამოუკიდებელი, შესაბამისი გამოცდილების მქონე ფინანსური მრჩევლის მოძიება.