ტერმინი — „საბაზრო სეგმენტი“ აღწერს ადამიანებს, რომლებიც მარკეტინგული მიზნებისთვის არიან დაჯგუფებულნი. საბაზრო სეგმენტები არის უფრო დიდი ბაზრის ნაწილი და ისინი ხშირად აერთიანებს ინდივიდებს ერთი ან მეტი მსგავსი მახასიათებლის საფუძველზე. კორპორაციები და მათი მარკეტინგული გუნდები, თავიანთი პროდუქტებისა და სერვისების სამიზნე ბაზრის შესაქმნელად, სხვადასხვა კრიტერიუმებს იყენებენ. მარკეტინგის პროფესიონალები თითოეულ სეგმენტს განსხვავებულად უდგებიან, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც სრულად გაიაზრებენ სამიზნე მომხმარებლების საჭიროებებს, ცხოვრების წესს, დემოგრაფიულ მახასიათებლებსა და პიროვნულ თვისებებს.
საბაზრო სეგმენტის გააზრება
საბაზრო სეგმენტი წარმოადგენს იმ მომხმარებელთა კატეგორიას, რომლებსაც ერთგვაროვან ბაზარზე მსგავსი თვისებები (მოწონება/არმოწონება) ახასიათებს. ეს მომხმარებლები შეიძლება იყვნენ ინდივიდები, ოჯახები, ბიზნესები, ორგანიზაციები ან მათი ნაზავი.
ცნობილია, რომ მარკეტინგულ სტრატეგიაზე, გეგმაზე ან პოპულარიზაციაზე საბაზრო სეგმენტების რეაგირება გარკვეულწილად პროგნოზირებადია. სწორედ ამიტომ მარკეტერები, სამიზნე ბაზრის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას, სეგმენტაციას იყენებენ. როგორც სახელწოდებიდან ჩანს, სეგმენტაცია არის ბაზრის ისეთ ქვეჯგუფებად დაყოფის პროცესი, რომელთა წევრებს საერთო მახასიათებლები გააჩნიათ.
საბაზრო სეგმენტის ყველაზე ძირითადი კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად სამი მახასიათებელი უნდა იყოს წარმოდგენილი:
- სეგმენტის ძირითადი საჭიროებები ერთგვაროვანი უნდა იყოს;
- უნდა არსებობდეს განსხვავება, რომელიც სეგმენტს სხვა ჯგუფებისგან გამოარჩევს;
- საბაზრო სეგმენტის წევრებს მარკეტინგულ სტრატეგიებზე მსგავსი და გარკვეულწილად პროგნოზირებადი რეაქციები უნდა ჰქონდეთ.
საბაზრო სეგმენტის საერთო მახასიათებლები მოიცავს ინტერესებს, ცხოვრების წესს, ასაკს, სქესს და ა. შ. საბაზრო სეგმენტაციის გავრცელებული მაგალითები შემდეგია: გეოგრაფიული, დემოგრაფიული, ფსიქოგრაფიული და ქცევითი.
საბაზრო სეგმენტებისა და ბაზრის სეგმენტაციის მაგალითები
საბანკო ინდუსტრია იძლევა ძალიან კარგ მაგალითს, თუ როგორ აყალიბებს კომპანია ბაზრის კონკრეტულ სეგმენტებს. ყველა კომერციული ბანკი ემსახურება ადამიანთა ფართო სპექტრს, რომელთაგან ბევრს მსგავსი ცხოვრებისეული მდგომარეობა და ფინანსური მიზნები აქვს. თუ ბანკის მმართველ გუნდს სურს, “baby boomer”-ებზე (ადამიანები, რომლებიც 1946-1964 წლებში დაიბადნენ) ფოკუსირებული სტრატეგია შეიმუშაოს, ის ჩაატარებს კვლევას და შეიძლება აღმოაჩინოს, რომ საპენსიო დაგეგმვა ამ სეგმენტის ფინანსური საჭიროებების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. ამის შემდეგ ბანკს შეუძლია, ამ სეგმენტის წევრებს შესთავაზოს საპენსიო გეგმა საგადასახადო შეღავათებით.
ზოგჯერ კომპანიას უკვე აქვს პროდუქტი, მაგრამ ჯერ არ ჰყავს სამიზნე სამომხმარებლო სეგმენტი. ამ სცენარში ბიზნესის გადასაწყვეტია, რომელ სეგმენტს აირჩევს. კარგი მაგალითია კაფე. თუ ის უნივერსიტეტთან ახლოს მდებარეობს, მმართველ გუნდს შეუძლია აწარმოოს ისეთი მარკეტინგული კამპანია, რომელიც სტუდენტებს თავისუფალი საათების ამ დაწესებულებაში გატარებისკენ უბიძგებს.