ქვეყანასთან დაკავშირებული საინვესტიციო რისკები გულისხმობს კონკრეტულ ქვეყანაში არსებულ გაურკვევლობას და უფრო კონკრეტულად იმ ხარისხს, რომლითაც ამ გაურკვევლობამ შეიძლება ინვესტორებს ზარალი მოუტანოს. გაურკვევლობა შეიძლება გამოიწვიოს მრავალმა ფაქტორმა, მათ შორის პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა, ტექნოლოგიურმა გავლენამ ან გაცვლითმა კურსმა. კერძოდ, ქვეყანასთან დაკავშირებული რისკი ნიშნავს, რომ უცხოური მთავრობა თავის ობლიგაციებზე ან სხვა ფინანსურ ვალდებულებებზე დეფოლტს გამოაცხადებს, რაც ზრდის სატრანსფერო რისკს. ეს უკანასკნელი განისაზღვრება, როგორც საფრთხე იმისა, რომ ადგილობრივი ვალუტა ვერ კონვერტირდება სხვა ქვეყნის ვალუტაში ნომინალური ღირებულების ცვლილების, კონკრეტული მარეგულირებელი ან გაცვლითი შეზღუდვების გამო.
უფრო ფართო გაგებით, ქვეყანასთან დაკავშირებული რისკი არის ის ხარისხი, რომლითაც პოლიტიკური და ეკონომიკური არეულობა ზემოქმედებს იმ ემიტენტების ფასიან ქაღალდებზე, რომლებიც კონკრეტულ ქვეყანაში ბიზნესს აწარმოებენ.
ქვეყანასთან დაკავშირებული რისკის გააზრება
ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში ინვესტირებისას ქვეყანასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. იმდენად, რამდენადაც ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა პოლიტიკური არასტაბილურობა, შეიძლება მოცემულ ქვეყანაში განხორციელებულ ინვესტიციებზე დიდი გავლენა იქონიოს, ამ სახის რისკებს ინვესტორები დიდ ყურადღებას აქცევენ. ქვეყანასთან დაკავშირებულმა რისკებმა შეიძლება შეამციროს ფასიან ქაღალდებში ინვესტიციის მოსალოდნელი ანაზღაურება.
ინვესტორებს შეუძლიათ, ზოგიერთი ასეთი რისკისგან, როგორიცაა, მაგალითად, გაცვლითი კურსის რისკი, თავი ჰეჯირების გზით დაიცვან; მაგრამ სხვა რისკებს, როგორიცაა პოლიტიკური არასტაბილურობა, ყოველთვის არ გააჩნია ჰეჯირების ეფექტური საშუალება. ამრიგად, როდესაც ანალიტიკოსები აანალიზებენ სუვერენულ ვალს, ისინი შეისწავლიან მისი გამომშვები ქვეყნის ბიზნეს საფუძვლებს — რა ხდება პოლიტიკაში, ეკონომიკაში, საზოგადოების ზოგად ჯანმრთელობაში და ა.შ. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები — რომლებიც რეგულირებადი ბაზრის ან ბირჟის მეშვეობით არ განხორციელებულა — და გრძელვადიანი ინვესტიციები ამ მიმართულებით დიდი რისკის ქვეშ არის.
ქვეყანასთან დაკავშირებული რისკის შეფასება
ინვესტორების უმეტესობა შეერთებულ შტატებს დაბალრისკიანი ქვეყნის ეტალონად მიიჩნევს. ასე რომ, თუ ინვესტორს იზიდავს ინვესტიციები სამოქალაქო კონფლიქტის მაღალი დონის მქონე ქვეყნებში, როგორიცაა, მაგალითად, არგენტინა ან ვენესუელა, გონივრული იქნება ამ ქვეყნებთან დაკავშირებული რისკი აშშ-ს შეადაროს.
დახმარება ქვეყანასთან დაკავშირებული რისკის შეფასებაში
ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია აფასებს ქვეყანასთან დაკავშირებულ რისკებს თავისი წევრი ქვეყნების დახმარების მიზნით. მაგალითად, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) აქვეყნებს ქვეყნების განახლებულ სიას და მათთან დაკავშირებულ რისკებს საპროცენტო განაკვეთებისა და გადახდის პირობების დადგენის მიზნით. გარდა ამისა, მსხვილ საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოებს — Standard & Poor (S&P), Moody და Fitch — აქვს სუვერენული რეიტინგების საკუთარი სია, რომლებიც შედგენილია ისეთი ფუნდამენტური მონაცემების საფუძველზე, როგორებიც არის ინსტიტუტებისა და მთავრობის ეფექტურობა, ეკონომიკური სტრუქტურა, ზრდის პერსპექტივები, საგარეო ფინანსები, ფისკალური და მონეტარული მოქნილობა.