შემოსავლიანი აქცია არის ფასიანი ქაღალდი, რომელიც ინვესტორებს რეგულარული, ხშირად სტაბილურად მზარდი დივიდენდებით უზრუნველყოფს.
შემოსავლიანი აქციების გააზრება
შემოსავლიანი აქციები, როგორც წესი, ინვესტორებს სთავაზობს მაღალ დივიდენდურ შემოსავალს, რომელმაც შეიძლება ამ ფასიანი ქაღალდის მთლიანი ანაზღაურების უდიდესი ნაწილი შეადგინოს. მიუხედავად იმისა, რომ კლასიფიკაციის კონკრეტული საკონტროლო წერტილი არ არსებობს, შემოსავლიანი აქციების უმეტესობას, მთლიან საფონდო ბირჟასთან შედარებით, ნაკლები ცვალებადობა ახასიათებს და, ამასთან, ასეთი აქციები ინვესტორებს საშუალოზე მაღალი დივიდენდური შემოსავლით უზრუნველყოფს.
შემოსავლიან აქციებს შეიძლება ზრდის შეზღუდული პოტენციალი გააჩნდეს, რაც მიმდინარე კაპიტალდაბანდებების დაბალ დონეს მოითხოვს. შესაბამისად, ნებისმიერი ჭარბი ფულადი ნაკადი მოგებიდან შეიძლება რეგულარულად დაუბრუნდეს ინვესტორებს. შემოსავლიანი აქციები შეიძლება ნებისმიერ ინდუსტრიაში აღმოაჩინოთ, მაგრამ, როგორც წესი, ისინი გვხვდება უძრავი ქონების, ენერგეტიკულ, კომუნალური მომსახურების, ბუნებრივ რესურსებისა და ფინანსურ სექტორებში.
ბევრი კონსერვატიული ინვესტორი ორიენტირებულია შემოსავლიან აქციებზე, რადგან ისინი, დაბალი რისკის პირობებში, შემოსავლის თანმიმდევრულ წყაროზე წვდომის საშუალებას იძლევა.
იდეალური შემოსავლიანი აქცია ხასიათდება ძალიან დაბალი ცვალებადობით და აშშ-ის 10-წლიან სახაზინო ობლიგაციებზე მაღალი დივიდენდური შემოსავლით. გარდა ამისა, იდეალურ შემოსავლიან აქციებს დივიდენდების ზრდის ხანგრძლივი ისტორია აქვს.
შემოსავლიანი აქციები vs მზარდი პოტენციალის აქციები
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კონსერვატიული ინვესტორი შემოსავლიან აქციებში ინვესტირებით არის დაინტერესებული, მათთვის, ვისაც მეტი რისკის აღების სურვილი ან შესაძლებლობა აქვს, შეიძლება უკეთესი ვარიანტი მზარდი პოტენციალის აქციები იყოს. ეს უკანასკნელი, როგორც წესი, დივიდენდებს არ გვთავაზობს, რადგან კომპანიის მოგების უმეტესი ან მთელი ნაწილი ბიზნესის გაფართოებაში რეინვესტირებას ხმარდება.
მაგალითად, ტექნოლოგიურმა ფირმამ, რომელიც ახლახან გახდა საჯარო, შეიძლება ფინანსური რესურსები, დივიდენდების გაცემის ნაცვლად, ინჟინრების ახალი გუნდის დაქირავებას ან ახალი პროდუქტის გავრცელებას მოახმაროს.
მიუხედავად იმისა, რომ მზარდი პოტენციალის აქციებს შეუძლია ინვესტორებს მნიშვნელოვანი მოგება მოუტანოს, ისინი, როგორც წესი, უფრო მეტ რისკს შეიცავს, ვიდრე შემოსავლიანი აქციები. მზარდი პოტენციალის აქციების შემთხვევაში აქციონერებმა იმედი უნდა იქონიონ, რომ მენეჯმენტის მიერ ბიზნესის გაფართოებისთვის განხორციელებული ინვესტიციები საბოლოოდ სასურველ შედეგს გამოიღებს და აქციების ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება. თუ კომპანიის ზრდა არ იქნება ისეთი მაღალი, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, შესაძლოა, აქციონერებმა საბოლოოდ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადონ.