ეკონომიკური ციკლები მოიცავს როგორც ზრდის, ისე ვარდნის პერიოდებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელის ხანგრძლივობა ბევრად ნაკლებია, ვარდნის ფაზა ინვესტორებს შეიძლება განსაკუთრებით ძვირად დაუჯდეთ. 1937 წლიდან S&P 500-მა ღირებულების საშუალოდ 32% რეცესიებთან დაკავშირებული ვარდნის გამო დაკარგა. საბედნიეროდ, არსებობს სტრატეგიები, რომლებიც რეცესიის პერიოდში ზარალის შეზღუდვის და გარკვეული მოგების დაფიქსირებაშიც კი დაგეხმარებათ.
რა არის რეცესია?
რეცესია ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი, ფართოდ გავრცელებული და ხანგრძლივი ვარდნაა, რომელიც ჩვეულებრივ რამდენიმე თვეზე მეტ ხანს გრძელდება. მას ხშირად განსაზღვრავენ, როგორც მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) უარყოფითი ზრდის ზედიზედ ორ კვარტალს. მშპ, თავის მხრივ, ქვეყნის ტერიტორიაზე კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული ყველა საქონლისა და მომსახურების საბაზრო ღირებულების ჯამს წარმოადგენს.
რეცესიის სიმპტომები მოიცავს მომხმარებელთა და ბიზნესის სექტორის მხრიდან ეკონომიკისადმი ნდობის დაქვეითებას, დასაქმების შესუსტებას, რეალური შემოსავლების შემცირებას, გაყიდვებისა და წარმოების შემცირებას. ეს ყველაფერი კი ინვესტორების ნდობის ხარისხს და, შესაბამისად, აქციების ფასებს ამცირებს.
როგორი წარმადობით გამოირჩევა აქტივთა სხვადასხვა კლასი რეცესიის დროს?
შეგახსენებთ, რომ რეცესია შედარებით იშვიათია, მაგრამ ეკონომიკებისა და საინვესტიციო პორტფელებისთვის სწრაფი ვარდნის შესაძლებლობას ქმნის, რაც ინვესტორებსა და კომპანიებს შორის რისკისადმი განსაკუთრებულ არატოლერანტულობას იწვევს. ასეთ პერიოდში ინვესტორები უფრო დაბალრისკიან აქტივებზე გადაერთვებიან, შესაბამისად რისკიანი აქტივების ფასები მცირდება, ხოლო იმ აქტივთა ღირებულება, რომელთა წარმადობაც ეკონომიკურ ზრდაზე ნაკლებად არის დამოკიდებული, იზრდება.
გამოცდილმა ინვესტორებმა იციან, რომ რეცესიის დროულად წინასწარმეტყველება ნაკლებად სავარაუდოა. ამიტომ ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ რისკიანი აქტივებიდან ნაკლებად რისკიან ინვესტიციებზე იდეალურ დროს გადაერთოთ. ამ პრობლემის მოგვარებაში კი დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელის ფლობა დაგეხმარებათ. ის საშუალებას მოგცემთ, რთულ პერიოდებში თქვენი ფული დაიცვათ.
აქციების შერჩევა რეცესიის დროს
რეცესიის პირობებში ყველაზე უსაფრთხო აქციები ეკუთვნის მსხვილ, საიმედო და მომგებიან კომპანიებს, რომლებსაც სხვადასხვა წინაღობისა და bear market-ების გადალახვის დიდი ისტორია გააჩნია. კომპანიებს, რომლებსაც ძლიერი ბალანსი და ჯანსაღი ფულადი ნაკადები აქვს რეცესიის დროს ბევრად უკეთ მოქმედებს, ვიდრე ის ფირმები, რომლებიც დიდი მოცულობის დავალიანებისა და პროდუქტზე მოთხოვნის შემცირების პრობლემების წინაშე დგას.
ისტორიულად, ძირითადი სამომხმარებლო პროდუქტების სექტორი რეცესიის პერიოდში კარგი წარმადობით ხასიათდება, რადგან ამ სეგმენტის კომპანიები აწარმოებს პროდუქტებს, რომლებსაც მომხმარებლები ეკონომიკური გარემოსა და საკუთარი ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად ყიდულობენ. ძირითად სამომხმარებლო პროდუქტებში შედის საკვები, სასმელები, საყოფაცხოვრებო საქონელი, თამბაქო და ჰიგიენის საშუალებები.
ამის საპირისპიროდ, შეიძლება მნიშვნელოვნად დაზარალდეს საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ავტომობილების და ტექნოლოგიების მიმწოდებელი კომპანიები, რადგან რთულ პერიოდებში მომხმარებლები ამ მიმართულებით ხარჯებს ამცირებენ.
ინვესტირება აღდგენისთვის
რეცესია შედარებით იშვიათი მოვლენაა, ქვეყნებს კი გააჩნია ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტები, რომლებიც აღდგენას ხელს უწყობს. მას შემდეგ, რაც გამოსწორდება დისბალანსი, რამაც რეცესია გამოიწვია, ეკონომიკა, შესაბამისი პოლიტიკის მხარდაჭერის არარსებობის შემთხვევაშიც კი, აღდგება.
აღდგენის პერიოდში თანდათან უმჯობესდება იმ კომპანიების აქციების ფასები, რომლებსაც მყარი ბიზნეს საფუძვლები გააჩნია. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ კომპანიებს ინვესტორებმა ყურადღება ვარდნის პერიოდშივე მიაქციონ, რათა თავიანთ პორტფელებს გაიაფებული, ხარისხიანი აქციები შემატონ და გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანი სარგებლის მიღება შეძლონ.
დასკვნა
როდესაც რეცესია იწყება უმჯობესია, გრძელვადიან დროის ჰორიზონტზე ფოკუსირდეთ და გააკონტროლოთ თქვენი აქტივთა განაწილება, შეზღუდოთ რისკი და გამოყოთ კაპიტალი ვარდნის პერიოდში არსებული ხელსაყრელი შესაძლებლობების გამოსაყენებლად.
რეცესიის დროულად წინასწარმეტყველების და ამის შემდეგ ნაკლებად რისკიან აქტივებზე კონცენტრირების იმედის ნაცვლად გონივრული დივერსიფიკაცია არის ის, რაც თვენი კაპიტალის დაცვაში და გრძელვადიან პერსპექტივაში მოგების გაზრდაში დაგეხმარებათ.