როდესაც ლეგენდარული უორენ ბაფეტი საინვესტიციო რჩევას გასცემს, ნებისმიერი საზრიანი ინვესტორი მას ყურადღებით უსმენს. ბაფეტის ქონება ამჟამად დაახლოებით $112.7 მილიარდს შეადგენს და იგი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მეექვსე ადგილს იკავებს. ყველაზე კარგი კი ის არის, რომ ინვესტორი საზოგადოებისთვის საკუთარი ცოდნის გაზიარებას არ ერიდება. CNBC-სთან ერთ-ერთ ინტერვიუში ბაფეტმა აღწერა უბრალო შეცდომა, რომელსაც აქციების ყიდვისას ინვესტორთა უმეტესობა უშვებს — მათ ავიწყდებათ, რომ ისინი რეალურად ინვესტიციას დებენ ბიზნესში.
ბაფეტის აზრით, უკეთესი იქნება, თუ ადამიანები იტყვიან: „დღეს შევიძინე ბიზნესი“ და არა „დღეს აქცია ვიყიდე“, რადგან, ინვესტორის განმარტებით, ეს ორი ფრაზა სრულიად განსხვავებულ პერსპექტივებს გვთავაზობს. ბაფეტი ამბობს, რომ როდესაც ყიდულობთ ფერმას, სახლს ან ბიზნესს, რომლის მფლობელიც მომავალი 10, 20 ან 30 წლის განმავლობაში იქნებით, შეძენამდე მთავარი კითხვა იქნება, გააჩნია თუ არა მას ასეთი გრძელვადიანი პერსპექტივა. ბიზნესში ინვესტირება სწორედ ამის საფუძველზე ხდება და არა ყოველდღიური გაზეთის სათაურებიდან გამომდინარე.
სწორედ ასე მოქმედებს უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway. უკვე 30 წელზე მეტია, რაც კომპანია ფლობს წილებს ისეთ ბიზნესებში, როგორიც არის American Express და Coca-Cola.
რა მოხდება თუ ბაზარი კრახს განიცდის?
CNBC-სთან ეს ინტერვიუ კორონავირუსის საწყის ეტაპზე ჩაიწერა, ამიტომ ჟურნალისტის ერთ-ერთი კითხვა ბაზრის შესაძლო კრახს შეეხებოდა. უორენ ბაფეტის პასუხი კი ასეთი იყო: „არა მგონია, ვინმემ იცოდეს, რას აპირებს ბაზარი. მის მოძრაობას ვერ იწინასწარმეტყველებთ გაზეთების კითხვით ან ჩემი მოსმენით“.
მეორეს მხრივ, მან თქვა: „წარმოიდგინეთ, რომ, მაგალითად, General Motors-ის აქციების ყიდვას აპირებთ. ახლა კომპანიის 1.4 მილიარდი აქციაა მიმოქცევაში და, დავუშვათ, თითოეულის ფასი $30-ს შეადგენს. გამოდის, რომ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $42 მილიარდია. თქვენ უნდა აიღოთ ფურცელი და დაწეროთ: „მე ვყიდულობ General Motors-ს $42 მილიარდად, რადგან___“. და ფურცელზე მიზეზი უნდა ჩამოაყალიბოთ“.
აქ ბაფეტი ბიზნესის რეალური, შინაგანი ღირებულების შესახებ საუბრობს. ეს არის ის, რაშიც ის და მისი პარტნიორი — ჩარლი მანგერი არაჩვეულებრივად კარგები არიან. თავიანთი ცხოვრების დიდი ნაწილი მათ კომპანიებისა და ინდუსტრიების დეტალურ შესწავლაში გაატარეს, რათა ბიზნესების ღირებულება დაედგინათ. ეს არის ის, რამაც Berkshire Hathaway უდიდეს კომპანიად აქცია.
როგორ უნდა მოვიქცეთ სხვები, ვისაც ბაფეტის მსგავსი უნარები არ გაგვაჩნია, ან ამ საქმეში ნიჭიერები ვართ, თუმცა სიღრმისეული კვლევების ჩატარებას დიდ დროს ვერ ვუთმობთ? ამ შემთხვევაში შეგვიძლია მივყვეთ უორენ ბაფეტის კიდევ ერთ რჩევას და ინვესტიცია ჩავდოთ S&P 500-ის ინდექს ფონდში, რომელიც მოცემულ ინდექსში გაერთიანებული ყველა კომპანიის (500 კომპანია) აქციებს აერთიანებს. ასეთი საინვესტიციო მიდგომა უფრო მარტივია, გვაძლევს მყისიერი დივერსიფიკაციის საშუალებას და ჩვენგან აქტიურ ჩართულობას არ მოითხოვს. მაგალითისთვის, ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე შეგიძლიათ ნახოთ, თუ როგორ იცვლებოდა S&P 500-ის ერთ-ერთი ინდექს ფონდის — SPDR S&P 500 ETF Trust-ის (SPY) ფასი წლების განმავლობაში.