ინვესტორებს საფონდო ბირჟაზე ინვესტირებისკენ მნიშვნელოვანი სიმდიდრის დაგროვების პოტენციალი იზიდავს, თუმცა არსებობს რამდენიმე ფუნდამენტური რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, რათა საპირისპირო შედეგი არ მიიღოთ.
შეარჩიეთ ძლიერი ფუნდამენტის მქონე კომპანიები
მოერიდეთ ინვესტირებას პენი აქციებში და შეარჩიეთ კომპანიები ძლიერი საფუძვლებით. ასეთი ნაბიჯი გაცილებით მეტ შანსს გაძლევთ იმისთვის, რომ თქვენმა საინვესტიციო პორტფელმა საფონდო ბირჟის რყევებს გაუძლოს. გარდა ამისა, გრძელვადიან პერსპექტივაში ისინი მტკიცე შემოსავალს და უკეთეს ლიკვიდობას გთავაზობთ.
ჩაატარეთ კვლევა და სათანადო გულმოდგინება გამოიჩინეთ
ბევრი ადამიანი გაურბის კვლევის ჩატარებას ორი მიზეზით: მათ სურთ, თავი აარიდონ ზედმეტ ძალისხმევას ან უბრალოდ ამისთვის საჭირო ტერმინოლოგიაში ვერ ერკვევიან. თუმცა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორებმა დრო დაუთმონ კომპანიების კვლევას, რათა სწორი საინვესტიციო გადაწყვეტილებები მიიღონ. აქციების მხოლოდ სხვის რჩევებზე ან კომპანიის შესახებ არსებულ ზედაპირულ წარმოდგენებზე დაყრდნობით შეძენა ჭკვიანური ნაბიჯი ნამდვილად არ არის.
მოერიდეთ სიხარბეს
მოკლევადიან პერსპექტივაში საფონდო ბირჟები არაპროგნოზირებადი და ძალიან არასტაბილურია — პროფესიონალ ტრეიდერებსაც კი არ შეუძლიათ ბაზრის მოძრაობების სწორად განსაზღვრა. ინვესტირებისას ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებები ემოციებზე დაყრდნობით არ მიიღოთ, თუ თქვენი პოზიციები წარმატებული აღმოჩნდება, სიხარბეს ნუ გამოიჩენთ, ემოციებს არ აჰყვეთ, იმოქმედეთ ცივი გონებით — ისე, როგორც თქვენს გრძელვადიან სტრატეგიას სჭირდება.
იმუშავეთ სანდო შუამავლებთან
სანდო და რეპუტაციის მქონე შუამავლებთან ურთიერთობა ყველა ინვესტორისთვის სასარგებლო და აუცილებელია. უსაფრთხო სავაჭრო პლატფორმაზე წვდომასთან ერთად ეს დამატებითი სერვისებით სარგებლობის საშუალებასაც მოგცემთ. ასეთ მომსახურებებში შეიძლება შედიოდეს კვლევის ანგარიშებით უზრუნველყოფა ან საფონდო ბირჟის შესახებ სხვა სასარგებლო ინფორმაციის მიწოდება.
სექტორის წარმადობა შეცდომაში ნუ შეგიყვანთ
ინდივიდუალურმა ინვესტორებმა სექტორული პრეფერენციებით თავი არ უნდა გადაიტვირთონ. მათ უნდა ახსოვდეთ, რომ კარგი წარმადობის მქონე სექტორის ყველა კომპანიაში ინვესტირება არ ღირს. ამასთან, სექტორის უმსხვილესი კომპანიას ყოველთვის საუკეთესო არ არის. აქ კიდევ ერთხელ უნდა გაესვას ხაზი ხელსაყრელი საინვესტიციო შესაძლებლობების გამოვლენაში სათანადო საფუძვლიანი კვლევის ჩატარების როლს.