მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ადამიანები, როგორც წესი, აქტიური მკითხველები არიან. მაგალითად, ლეგენდარული ინვესტორი — უორენ ბაფეტი დღის 80%-ს კითხვაში ატარებს და სხვებსაც ამისკენ მოუწოდებს: „ყოველდღე 500 გვერდი წაიკითხეთ. ასე მუშაობს ცოდნა. ის გროვდება, როგორც რთული პროცენტი.“ საინვესტიციო ლიტერატურის კითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამწყები ინვესტორებისთვის, რადგან ინვესტირების დაწყებამდე აუცილებელია გარკვეული ბაზის შექმნა, რომელიც ამ სფეროში მიმდინარე მოვლენების გააზრებისა და სწორად მოქმედების საშუალებას მოგვცემს. დღეს კი შემოგთავაზებთ 10 წიგნს, რომელიც დამწყებ ინვესტორებს საინვესტიციო სამყაროში შებიჯებაში დაეხმარება.
- Stocks for the Long Run (ავტორი — ჯერემი სიგელი)
ჯერემი სიგელის ეს წიგნი, დამაჯერებელი არგუმენტებით, ამტკიცებს, რომ, ინფლაციის გათვალისწინებით, გრძელვადიან პერსპექტივაში აქციები, რეალურად, ყველაზე უსაფრთხო ინვესტიციაა. ეს კი ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ ინვესტორების უმეტესობამ საფონდო ბირჟაზე გრძელვადიან, პასიურ სტრატეგიას უნდა მიმართოს.
- The Intelligent Investor (ავტორი — ბენჟამინ გრეჰემი)
ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო წიგნი, რაც კი ოდესმე დაწერილა. თუ გსურთ, კარგი ინვესტორი გახდეთ, ბენჟამინ გრეჰემის ამ წიგნის წაკითხვა აუცილებელია.
წიგნში მრავალ საინტერესო ციტატას აღმოაჩენთ, რომლებიც დაფიქრებისა და არსებული მოსაზრებების გადაფასებისკენ გიბიძგებთ. The Intelligent Investor მარტივი წასაკითხი არ არის, ადამიანები მას თვეების ან თუნდაც წლების განმავლობაში სწავლობენ. თუმცა როდესაც საბოლოოდ გაიაზრებთ მას, თქვენს წინაშე სრულიად ახალი სამყარო გადაიშლება.
- Competitive Strategy (ავტორი — მაიკლ პორტერი)
მაიკლ პორტერის ამ ნამუშევარმა მთელ მსოფლიოში ბიზნეს სტრატეგიის თეორია, პრაქტიკა და სწავლება შეცვალა. Competitive Strategy წარმოგიდგენთ პორტერის 5 ძალას, რომელიც ინვესტორებს ინდუსტრიის მიმზიდველობის გაანალიზებაში ეხმარება, ასევე კომპანიის სტრატეგიის 3 ფორმას — დაბალი ღირებულება, დიფერენციაცია და ფოკუსირება.
- Rich Dad Poor Dad (ავტორი — რობერტ კიოსაკი)
ეს წიგნი მოიცავს თითქმის ყველაფერს პერსონალური ფინანსების შესახებ. ეს ორი მამის ისტორიაა — ერთი განათლებულია, მეორე კი სკოლიდან წამოვიდა. პირველმა მათგანმა გარდაცვალების შემდეგ შვილს ვალის გარდა არაფერი დაუტოვა, ხოლო მეორემ — ბიზნეს იმპერია გადასცა.
ეს წიგნი გვაძლევს ფასდაუდებელ გაკვეთილებს ფულის შესახებ, ნათელს ხდის იმას, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა იფიქროს „მეორე მამის“ მსგავსად და სიმდიდრე დააგროვოს.
- The Ascent of Money (ავტორი — ნიალ ფერგიუსონი)
ამ წიგნში ნიალ ფერგიუსონი ფინანსური სისტემის ევოლუციის შესახებ გვიყვება. უფრო მეტიც, ავტორი კაცობრიობის მთელი ისტორიის საფუძვლად ფინანსურ ისტორიას მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ ცივილიზაციის აღზევებაში კრედიტებისა და ვალების ევოლუცია ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ნებისმიერი ტექნოლოგიური ინოვაცია.
- One Up On Wall Street (ავტორი — პიტერ ლინჩი)
ამ წიგნში პიტერ ლინჩი ადვილად წასაკითხი და იუმორისტული ტონით განმარტავს საკუთარ სტრატეგიებს ინვესტირების შესახებ და გვთავაზობს რჩევებს, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ ინვესტიციები წარმატებული საინვესტიციო პორტფელის შესაქმნელად.
წიგნში გაიგებთ, თუ როგორ უნდა ჩადოთ ინვესტიცია იმ ცოდნით, რომელიც უკვე გაგაჩნიათ. აუცილებელი არ არის, რომ ეს იყოს რთული პროცესი, საჭიროებდეს საათობით მუშაობას ან განსაკუთრებულ უნარებს. დააკვირდით პროდუქტებს, რომლებსაც უკვე იყენებთ, კომპანიებს, რომლებსაც უკვე იცნობთ. წიგნში დეტალურად არის ახსნილი, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს.
- Thinking, Fast and Slow (ავტორი — დენიელ კანემანი)
დენიელ კანემანი არის ქცევითი და შემეცნებითი ფსიქოლოგიის პროფესორი პრინსტონში, ეკონომიკის დარგში 2002 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი, ასევე კოგნიტურ მიკერძოებებსა და ევრისტიკაში ყველაზე გაყიდვადი წიგნის — Thinking, Fast and Slow-ის ავტორი.
ეს წიგნი ხსნის ბუნებრივ მიკერძოებებს, რომლებიც ზემოქმედებს ჩვენს მსჯელობაზე ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისევე როგორც ინვესტიციებში. თუ გსურთ შესანიშნავი ინვესტორი გახდეთ, მნიშვნელოვანია მიკერძოებებისა და ტენდენციების შესახებ იცოდეთ.
- The Little Book of Common Sense Investing: The Only Way to Guarantee Your Fair Share of Stock Market Returns (ავტორი — ჯონ ბოგლი)
ამ საინვესტიციო წიგნში ბოგლი თავის იდეებს ლაკონიურად აცნობს იმ ადამიანებს, რომელთათვისაც ეს სფერო უცნობია. ავტორი ხაზს უსვამს ინდექსებში ინვესტირებას, აქციების შერჩევის სტრატეგიებს და ინვესტირების საფუძვლებს. 2014 წელს აქციონერებისადმი მიწერილ წერილში უორენ ბაფეტმა ამ წიგნის წაკითხვა ყველას ურჩია.
თავად ავტორის თქმით, მასაც კი სჭირდებოდა დროდადრო საკუთარი რჩევების შეხსენება. ტონი რობინსთან საუბრისას ჯონმა აღნიშნა, რომ ბაზრის მკვეთრი ვარდნა მასზე მაინც ზემოქმედებდა და ამ დროს ხელახლა კითხულობდა თავის რამდენიმე წიგნს, რათა „კურსზე“ დაბრუნებულიყო.
- The Psychology of Money (ავტორი — მორგან ჰაუსელი)
მორგან ჰაუსლი The Motley Fool-ისა და The Wall Street Journal-ის ყოფილი ჟურნალისტ-კომენტატორია. წიგნში პრაქტიკულ საინვესტიციო რჩევებს ვერ შეხვდებით. ამის ნაცვლად, The Psychology of Money ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ადამიანებს სიმდიდრის, ეკონომიკისა და წარმატების მიმართ.
წიგნი შედგება 19 ისტორიისგან, რომლებიც ასახავს იმას, თუ როგორ იღებენ ადამიანები ფულთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს. მორგან ჰაუსლის წიგნი გვიჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ჩვენს ფსიქოლოგიას ჩვენივე წინააღმდეგ იმოქმედოს.
- A Random Walk Down Wall Street (ავტორი — ბარტონ გორდონ მალკიელი)
ინვესტორებმა, რომლებიც ჯერ კიდევ ფიქრობენ, უნდა სცადონ თუ არა ბედი აქციების შეძენაში, უნდა წაიკითხონ A Random Walk Down Wall Street, რათა ამ საქმიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები გაიაზრონ. პრინსტონის უნივერსიტეტის ეკონომისტი — ბარტონ გორდონ მალკიელი თავის წიგნში ასახავს ბაზრის დამარცხებისა და აქციების ფასების პროგნოზირების მცდელობის ამაოებას, მოჰყავს აკადემიური კვლევა, რომელიც ტექნიკურ და ფუნდამენტურ ანალიზში არსებულ ხარვეზებს წარმოაჩენს. ის ასკვნის, რომ მკითხველმა თავი აარიდოს აქციების შერჩევასა და აქტიურად მართული ურთიერთდახმარების ფონდებში ინვესტირებას, ამის ნაცვლად კი დაბალი დანახარჯების მქონე საინდექსო ფონდებზე ფოკუსირდნენ.