Bear market გულისხმობს აქტივთა ფასების საყოველთაო შემცირებას, ბოლო მაქსიმალური მაჩვენებლებიდან სულ მცირე 20%-ით. მასთან ბრძოლა შეიძლება საშიში იყოს.
დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ მნიშვნელოვან საინვესტიციო სტრატეგიებს, რომლებიც ამ რთულ პერიოდში სიმშვიდის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
აკონტროლეთ თქვენი შიშები
ინვესტორები უნდა ცდილობდნენ, რომ საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღების პროცესისგან ემოციები გამორიცხონ. ის რაც ერთ დღეს კატასტროფად და ყველაფრის დასასრულად გეჩვენებათ, შეიძლება უბრალო ვარდნა აღმოჩნდეს, რომელიც ბაზრის ისტორიაში საკმაოდ ბევრია. გახსოვდეთ, რომ შიში არის ემოცია, რომელსაც შეუძლია სიტუაციის რაციონალურ შეფასებაში ხელი შეგიშალოთ.
მიმართეთ ინვესტიციის ღირებულების გასაშუალოებას
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ეკონომიკური შენელების დროს უნდა გვახსოვდეს არის ის, რომ საფონდო ბირჟისთვის ვარდნის პერიოდი ნორმალურია — ეს ბიზნეს ციკლის ნაწილია. თუ გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორი ხართ, შეგიძლიათ ინვესტიციის ღირებულების გასაშუალოების შესაძლებლობით ისარგებლოთ. ეს არის სტრატეგია, რომელიც რეგულარულ ინტერვალებში კონკრეტული თანხების ინვესტირებას გულისხმობს და არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა ღირს ესა თუ ის აქცია მოცემულ მომენტში. ეს სტრატეგია ინვესტირების პროცესიდან ემოციებს გამორიცხავს, რაც მაღალი ცვალებადობის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, bear market-ის პერიოდში აქციების დაბალ ფასად ყიდვით შესაძლებლობა გეძლევათ, კონკრეტული ინვესტიციის საშუალო ღირებულება შეამციროთ.
თავი მოიმკვდარუნეთ
არსებობს ძველი გამონათქვამი, რომ bear market-ის დროს საუკეთესო რამ თავის მომკვდარუნებაა — თითქოს ტყეში ნამდვილი დათვი შეგხვდათ. საპასუხო ბრძოლა ძალიან საშიში იქნებოდა. სიმშვიდის შენარჩუნებით და უეცარი მოძრაობებისგან თავის შეკავებით შეიძლება თავის გადარჩენა შეძლოთ. ფინანსური თვალსაზრისით თავის მომკვდარუნება ნიშნავს თქვენი პორტფელის უფრო დიდი ნაწილის მოთავსებას ფულის ბაზრის ფასიან ქაღალდებში, როგორიცაა სადეპოზიტო სერტიფიკატები (CD), აშშ-ს სახაზინო ობლიგაციები და სხვა ინსტრუმენტები, რომლებიც მაღალი ლიკვიდურობით და სიმწიფის მოკლე ვადით ხასიათდება.
მიმართეთ დივერსიფიკაციას
არსებობს მრავალი განსხვავებული ბაზარი და ბევრი სხვადასხვა სახის ინვესტიცია, მათი ფასები კი განსხვავებულად მოძრაობს. კარგად დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელი დაგეხმარებათ, შეამციროთ ცვალებადობის ეფექტი და რისკი დააბალანსოთ.
ჩადეთ ინვესტიციებში ის თანხა, რომლის დაკარგვასაც გასწვდებით
ინვესტირება მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ჭამა და თავშესაფრის შენარჩუნება. მოკლევადიანი მიზნებისთვის განკუთვნილი სახსრების აქციებში ინვესტირება არაგონივრულია. როგორც წესი, არ უნდა შეიძინოთ აქციები, თუ თქვენი დროის ჰორიზონტი მინიმუმ 5 წელს არ შეადგენს და არასოდეს უნდა დააბანდოთ ფული, რომლის დაკარგვასაც ვერ გასწვდებით.
ეძებეთ ხელსაყრელი შესაძლებლობები
Bear market-ს საზრიანი ინვესტორებისთვის ხელსაყრელი შესაძლებლობების შექმნა შეუძლია. ასეთ პერიოდში შეგიძლიათ ხარისხიანი კომპანიების აქციები დაბალ ფასებად შეიძინოთ. ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტორები, მაგალითად, როგორიც არის უორენ ბაფეტი, ხშირად განიხილავენ bear ბაზრებს, როგორც ყიდვის ხელსაყრელ შესაძლებლობებს.
შეიძინეთ თავდაცვითი ინდუსტრიის აქციები
თავდაცვითი ან არაციკლური აქციები არის ფასიანი ქაღალდები, რომლებიც რთულ პერიოდებში ზოგადად, ფართო ბაზართან შედარებით, უკეთესი წარმადობით ხასიათდება. ამ ტიპის აქციები ინვესტორებს უზრუნველყოფს თანმიმდევრული დივიდენდებითა და სტაბილური მოგებით, მთლიანი ბაზრის მდგომარეობის მიუხედავად. კომპანიები, რომლებიც პირველადი მოხმარების საქონელს აწარმოებს, თავდაცვითი ინდუსტრიის მაგალითებია, რადგან ადამიანები ამ ნივთებს რთულ პერიოდებშიც გამოიყენებენ.