ენ შაიბერი აშშ-ის შიდა შემოსავლების სამსახურის დაბალი რანგის აუდიტორი იყო და 1944 წელს, 51 წლის ასაკში იგი პენსიაზე გავიდა. მას წელიწადში $4,000-ზე მეტი ხელფასი არასოდეს გამოუმუშავებია მიუხედავად იმისა, რომ მუდამ სანიმუშო თანამშრომელი იყო.
როგორც მისი ანდერძის აღმასრულებელი, ბენჟამინ კლარკი ამბობს, შაიბერმა, რომელსაც თავისი მცირე დანაზოგი უკვე დაბანდებული ჰქონდა საფონდო ბირჟაზე, საპენსიო ცხოვრება $21,000-ის ღირებულების (დღევანდელი მდგომარეობით — $348,229) საინვესტიციო პორტფელით დაიწყო. ეს აშშ-ში პენსიაზე გასასვლელად დიდი თანხა ნამდვილად არ არის.
თუმცა ანას ისტორია ამით არ მთავრდება. მან 101 წლამდე იცოცხლა და 1995 წელს, გარდაცვალების დროს, მისი საინვესტიციო პორტფელის ღირებულება $22 მილიონს შეადგენდა (დღევანდელი მდგომარეობით — $42,115,128). ენის ინვესტიციების საშუალო წლიური ანაზღაურება 14.6%-ს შეადგენდა, რაც იმ პერიოდში S&P 500-ის წლიურ ანაზღაურებას — 7.5%-ს თითქმის ორჯერ აჭარბებდა.
როგორ შეძლო ენმა ეს? იყო ის განსაკუთრებული ინვესტორი?
ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც მას დაეხმარა იყო $3,100-ის ოდენობით „წლიური“ პენსია, რომელიც მან სამსახურიდან წასვლის შემდეგ მიიღო. ამ თანხის დიდი ნაწილი მან საფონდო ბირჟაზე დააბანდა.
თუმცა, როგორც კლარკი ამბობს, ენის მიერ სიმდიდრის დაგროვების ისტორიის ნამდვილი გმირი სამი რამ იყო — ეკონომიურობა, სიცოცხლის ხანგრძლივობა და რთული პროცენტი.
მას ძალიან ბევრი დრო ჰქონდა — მიუხედავად იმისა, რომ 1944 წელს 51 წლის ასაკში დატოვა სამსახური, ენმა კიდევ 50 წელი იცოცხლა. გარდა ამისა, კლარკის თქმით, ენი შემოსავლის 80%-ს ზოგავდა. დაბოლოს, მან დააბანდა თავისი მცირე დანაზოგი, დაიწყო დივიდენდების მაღალხარისხიანი აქციების დივერსიფიცირებულ კალათაში რეინვესტირება და 51 წლის განმავლობაში რთული პროცენტის ძალას დაეყრდნო. ასევე უნდა ითქვას, რომ ის არასოდეს დასწრებია აქციონერთა კრებას და არც ფინანსური ანგარიშგებები წაუკითხავს.
ყველაზე დიდი გაკვეთილი, რომელსაც ენის ცხოვრება გვასწავლის, არის ის, რომ თუ საკმარისად დიდხანს დაკავდებით ინვესტირებით, დაზოგავთ ფულს, ინვესტიციებს მარტივად და გონივრულად ჩადებთ, მცირე, მაგრამ თანმიმდევრული ნაბიჯებით, შეძლებთ მნიშვნელოვან ფინანსურ წარმატებას მიაღწიოთ.
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.