მაიკლ ჯეიმს ბერიმ, ცნობილმა ინვესტორმა, რომელიც 1971 წელს დაიბადა, ვანდერბილტის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა დაამთავრა. მან დააარსა Scion Capital ჰეჯ-ფონდი და წარმატებით მართავდა მას რვა წლის განმავლობაში. შემდეგ, 2008 წელს, გააუქმა ეს ფონდი, რათა კერძო ინვესტიციებით დაკავებულიყო. მაიკლ ბერიმ აშშ-ში 2008 წლის ფინანსური კრიზისი იწინასწარმეტყველა და ამ მოვლენისგან დიდი სარგებელი მიიღო — პირადად მან $100 მილიონი გამოიმუშავა, ხოლო თავისი ინვესტორებისთვის — $700 მილიონი. დღეს კი შემოგთავაზებთ რამდენიმე წიგნს, რომელსაც ცნობილი ინვესტორი რეკომენდაციას უწევს.
- Security Analysis By Benjamin Graham (1951 Edition)
ბენჟამინ გრეჰემისა და დევიდ დოდის Security Analysis ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საინვესტიციო წიგნია. მასში განხილულია კომპანიის შეფასების უფრო მეცნიერული მიდგომა. წიგნი მოუწოდებს მკითხველებს, ფოკუსირდნენ არა აქციების ფასზე, არამედ რეალურ კომპანიაზე, რომლის უკანაც შემოსავალი დგას. ღირებულებაზე ორიენტირებულ ინვესტორებს ამ წიგნის წაკითხვას ლეგენდარული ინვესტორის — უორენ ბაფეტიც ურჩევს.
- Value Investing Made Easy By Janet Lowe
ჯანეტ ლოუ წიგნი განიხილავს, თუ რა შეიძლება ვისწავლოთ ისეთი მნიშვნელოვანი საინვესტიციო წიგნებიდან, როგორიც არის Security Analysis. ლოუ ცდილობს ნათელი მოჰფინოს გრეჰემის სიბრძნეს თანამედროვე ინვესტორისთვის, რათა მათ აქციების სწორად გაანალიზება და მტკიცე საინვესტიციო პორტფელის შექმნა შეძლონ.
- Buffetology By Mary Buffett And David Clark
უორენ ბაფეტისა და მისი საინვესტიციო სტილის შესახებ ასობით წიგნი დაწერილა. საბედნიეროდ არსებობს ომაჰას ორაკულის ოჯახის ერთ-ერთი წევრი, რომელიც ინვესტიციების ექსპერტია. უორენის რძალი — მერი ბაფეტი განიხილავს ცოდნას, რომელიც მან ლეგენდარული ინვესტორის სახლში შეიძინა.
- Why Stocks Go Up And Down By William H. Pike
გსურთ იცოდეთ, რა იწვევს აქციებისა და სხვა აქტივების ფასების მოძრაობას? ეს წიგნი განმარტავს ტერმინებს (ფულადი ნაკადები, ღირებულება, კაპიტალი და ა. შ.), რომელთა ცოდნაც ინვესტორებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ წიგნის სათაური შეიძლება შეცდომაში შემყვანი იყოს, რადგან მასში არა მხოლოდ აქციები, არამედ აქტივთა სხვა კლასებიც არის განხილული, მაგალითად, ობლიგაციები.
- Common Stocks And Uncommon Profits By Philip A. Fisher
უორენ ბაფეტი ასახელებს ორ ძირითად მენტორს თავის ღირებულებაზე ორიენტირებული საინვესტიციო სტილისთვის, ესენი არიან: ბენ გრეჰემი და ფილიპ ფიშერი. ეს წიგნი შეუფასებელია ნამუშევარია, რომელიც პირველად 1958 წელს გამოქვეყნდა. განახლებული ვერსია მოიცავს ორიგინალური გამოცემის საინვესტიციო სიბრძნეს და ავტორის შვილის — კენ ფიშერის პერსპექტივებს წინასიტყვაობაში. კენიც, მამის მსგავსად, ინვესტირების გურუა.
- The Intelligent Investor By Benjamin Graham
ბენჟამინ გრეჰემის ეს წიგნი პირველად დიდი დეპრესიის დროს გამოქვეყნდა. მასში განხილულია, თუ როგორ მივუსადაგოთ ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირების პრინციპები საფონდო ბირჟაზე არსებულ კომპანიებს. წიგნი გვირჩევს, რომ აქციების მიმართ გამართული და მეცნიერულ მიდგომა ვიქონიოთ, ნაცვლად სპეკულაციებისა. The Intelligent Investor ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საინვესტიციო წიგნია და მას ბევრი წარმატებული ინვესტორის რეკომენდაციაში შეხვდებით.