ESG (გარემოსდაცვითი, სოციალური, მმართველობითი) ობლიგაციები გვთავაზობს ტრადიციული ობლიგაციების მსგავს სარგებელს, დამატებითი ESG მიზნებით, რათა ფულადი რესურსები დადებითი ზემოქმედებისთვის იქნეს გამოყენებული. ბევრი ESG ობლიგაცია გვთავაზობს დაბალ საპროცენტო განაკვეთს მაგრამ უფრო დიდ სტაბილურობას, რაც მათ კერძო და ინსტიტუციური ინვესტორებისთვის მიმზიდველს ხდის. ტრადიციულ ობლიგაციებთან შედარებით ნაკლები ცვალებადობით, ESG ობლიგაციები კარგად დაბალანსებული საინვესტიციო პორტფელისთვის საინტერესო დანამატია.
ESG, ანუ მდგრადი ინვესტიცია არის სწრაფად მზარდი საინვესტიციო სტრატეგია. Bloomberg-ის პროგნოზით, 2025 წლისთვის ESG აქტივების ზრდა მართვის ქვეშ მყოფი გლობალური აქტივების მესამედზე მეტს მიაღწევს. ობლიგაციების გლობალურ ბაზრებზე ევროპა ESG ობლიგაციების თვალსაზრისით ადრეული ლიდერი იყო, მაგრამ ახლა ამ მიმართულებით განვითარებადი ბაზრები განსაკუთრებით აქტიურობს. ეს წარმოადგენს როგორც შესაძლებლობებს, ასევე რეგულირების საჭიროებას საინვესტიციო პერსპექტივიდან.
ESG ობლიგაციები ინვესტორებს სთავაზობს შესაძლებლობას თავად აირჩიონ ძირითადი გარემოსდაცვითი ან სოციალური საკითხები ინვესტიციისთვის. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ზემოქმედებით ინვესტირებაზე, ESG ობლიგაციები ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ძირითადი საკითხების დასაფინანსებლად კორპორაციულ, საზოგადოებრივ და სამთავრობო გარემოში.
რას ნიშნავს ESG ინვესტირება?
ESG ინვესტირება არის საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც განიხილავს კომპანიის გარემოსდაცვით (E), სოციალურ (S) და მმართველობის (G) რისკებს, როგორც საინვესტიციო გადაწყვეტილებების ნაწილს. კომპანიებმა, რომლებსაც აქვს ძლიერი ESG მიმართულება, აჩვენა უფრო მეტი გამძლეობა, ვიდრე მათმა კოლეგებმა ბაზრის ვარდნისას 2008 და 2018 წლებში, ისევე როგორც საანგარიშო პერიოდებში თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში.
ინვესტორები ESG-ის ფორვარდ კომპანიებისა და ESG ფონდებისკენ მიისწრაფვიან, რადგან მათ შესანიშნავი შემოსავალი დააფიქსირეს. Morgan Stanley-ის 2021 წლის კვლევის მიხედვით, ყველა ინვესტორის 79% და ათასწლეულის ინვესტორების 99% დაინტერესებულია მდგრადი ინვესტიციებით ან ESG ინვესტიციებით. Morningstar-ის ESG სკრინინგის ინდექსებს შორის, 61%-მა აჯობა საბაზრო ეკვივალენტებს 2021 წელს.
ESG საინვესტიციო სტრატეგიის სარგებელი მოდის ორ ძირითად კომპონენტზე: სტაბილური შემოსავალი და დადებითი გავლენა. კომპანიებმა, რომლებიც ეფექტურად მართავს ESG-ს რისკებს, აჩვენა გრძელვადიანი ზრდა და ვარდნისგან თავის დაღწევის მეტი უნარი.
ცუდი მმართველობა, საფრთხის შემცველი ან უსამართლო შრომითი პოლიტიკა, მონაცემთა უსაფრთხოების პრობლემები, წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება, წყლის დეფიციტის საფრთხე ან ნახშირბადის თვალსაზრისით ინტენსიური ბიზნეს პრაქტიკა არის ESG რისკების მაგალითები, რომლებმაც შეიძლება კომპანიის გრძელვადიან მომგებიანობას საფრთხე შეუქმნას. მეორეს მხრივ, კომპანიები, რომლებიც აქტიურად არიs ჩართული გამჭვირვალე მმართველობის პოლიტიკის, ეთიკური შრომის პრაქტიკის, ალტერნატიული ენერგიის წარმოებაში ან ნარჩენების და ემისიების შემცირებაში, გრძელვადიანი სტაბილურობისა და ზრდისთვის კარგად არის პოზიციონირებული.
ინვესტორებს შეუძლიათ კომპანიის ESG რისკები MSCI USA-ის ფართოდ გამოყენებული ESG შეფასების სისტემებით ან Sustainalytics-ის საშუალებით შეაფასონ.
ეს ESG რეიტინგის ჩარჩოები ინვესტორებს სთავაზობს კომპანიის გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის მოწყვლადობის გაგებას. MSCI ESG კვლევა ასევე მოიცავს კომპანიის სავარაუდო წვლილს კლიმატის ცვლილებაში.
მაღალი ESG რეიტინგის მქონე კომპანიების მაგალითებია: Microsoft, Apple, Samsung Electronics, Adobe, Intuit, Best Buy, Tractor Supply Company, Vestas Wind Systems, Enphase Energy, Edison, Costco და Starbucks.
ESG ობლიგაციების გააზრება
ESG ობლიგაცია არის ვალის უზრუნველყოფის სახეობა. სასესხო ფასიანი ქაღალდი ნიშნავს, რომ ემიტენტს მფლობელს აქვს ვალი და ვალდებულია გადაიხადოს ძირი თანხა და პროცენტი დაფარვის დადგენილ თარიღში. ობლიგაციები არის ფიქსირებული შემოსავლის ფასიანი ქაღალდების ტიპი, რაც იმას ნიშნავს, რომ ობლიგაციების პროცენტის გადახდა, ჩვეულებრივ, განსაზღვრულ ინტერვალებში ხორციელდება. პროცენტი, გადახდის ინტერვალები და დაფარვის ვადები ობლიგაციების გამოშვებისას დგინდება. ობლიგაციები ზოგადად დაბალი რისკის მქონე ინვესტიციად განიხილება.
როგორც ტრადიციული, ასევე ESG ობლიგაციები შეიძლება გამოუშვას კორპორაციებმა, მუნიციპალიტეტებმა და მთავრობებმა სახსრების მოსაზიდად. ESG ობლიგაციებს ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი ახასიათებს: ისინი გამოშვებულია პროექტებისთვის ან კომპანიებისთვის, რომლებიც ემსახურება გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით მიზნებს. მაგალითად, მუნიციპალიტეტს შეუძლია გამოუშვას ESG ობლიგაციები საზოგადოების განვითარების (სოციალური) პროექტებისთვის. კორპორაციას შეუძლია გამოუშვას ობლიგაციები მზის ენერგიის (გარემოსდაცვითი) პროექტებისთვის, ნარჩენების შემცირებისთვის ან სხვა გარემოსდაცვითი მიზნებისთვის.
როგორ გამოიყენება ESG ობლიგაციები?
ESG ობლიგაციები გამოიყენება კაპიტალის მოსაზიდად ESG მიზნებთან დაკავშირებული პროექტების დასაფინანსებლად. საუკეთესო შემთხვევაში, ESG ობლიგაციები ინვესტორებს უზრუნველყოფს სტაბილური შემოსავლებით და მკაფიო ანგარიშგებით ESG მიზნებისთვის სახსრების გამოყენების შესახებ. ეს აქცევს ESG ობლიგაციებს მიმზიდველ ვარიანტად ინვესტორებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან იმ აქტივებით, რომლებიც ავლენს სოციალურ და ეთიკურ პასუხისმგებლობას და შეესაბამება მათ ღირებულებებს.
ობლიგაციები და სხვა ფიქსირებული შემოსავლის ფასიანი ქაღალდები ნებისმიერი საინვესტიციო პორტფელის მნიშვნელოვანი ნაწილია. ობლიგაციებს რეგულარული შემოსავლის გენერირების, შედარებითი სტაბილურობისა და ლიკვიდურობის უპირატესობები გააჩნია. სტანდარტული საინვესტიციო სტრატეგიები გვთავაზობს პორტფელის დაახლოებით 15%-ის ობლიგაციებსა და სხვა ფიქსირებული შემოსავლის ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას. ESG ობლიგაციები ამ ნაზავის მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან მათ შეუძლია პოტენციურად გამოიმუშაოს უფრო მაღალი შემოსავალი და სხვა ტიპის ობლიგაციებთან შედარებით, ისინი კიდევ უფრო ნაკლებ ცვალებადობას ექვემდებარება.
ESG ობლიგაციებს შეიძლება საგადასახადო შეღავათებიც ახასიათებდეს, რაც ემიტენტზეა დამოკიდებული. ზოგიერთ შტატში, მათ შორის კალიფორნიასა და ნიუ ჯერსიში, ESG ობლიგაციებისგან მიღებული პროცენტული შემოსავალი გათავისუფლებულია სახელმწიფო გადასახადისგან.
ESG ობლიგაციების დადებითი და უარყოფითი მხარეები
დადებითი მხარეები
- უფრო მაღალი რეიტინგი: როგორც Standart & Poor’s, ასევე, Moody’ს, ESG ობლიგაციებს მსგავსი რისკის პროფილის ობლიგაციებთან შედარებით, უფრო მაღალ შეფასებას ანიჭებს. ინვესტორებს მათი შეძენა უფრო დაბალ ფასად შეუძლიათ.
- დაბალი რისკი: ESG ობლიგაციები არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური საინვესტიციო ვარიანტი, რომელიც აბალანსებს ნებისმიერ საინვესტიციო პორტფელს. გასულ წელს შვედეთის იონკოპინგის საერთაშორისო ბიზნეს სკოლის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დაბალი საპროცენტო განაკვეთების შემთხვევაშიც კი, ESG ობლიგაციები, მათი დაბალი რისკის გამო, კერძო და ინსტიტუციური ინვესტორებისთვის მიმზიდველია.
- ESG-ის გამჭვირვალობა: ESG ობლიგაციების ემიტენტი შეიძლება ვალდებული იყოს წარმოადგინოს დამატებითი ანგარიშგება ან მესამე მხარის ვერიფიკაცია ფონდის განაწილებისა და ობლიგაციების სასურველი შედეგების შესახებ. გამჭვირვალობის ხარისხი დამოკიდებულია ემიტენტზე და ინვესტორების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე.
- სტაბილური ანაზღაურება: ESG ობლიგაციები, საპროცენტო და დაფარვის პირობების თვალსაზრისით, ტრადიციული ობლიგაციების მსგავსი უპირატესობებით ხასიათდება. ობლიგაციების გაყიდვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, რაც მათ ლიკვიდურ აქტივად აქცევს.
- ზემოქმედებითი ინვესტიცია: ESG ობლიგაციები ინვესტორებს საშუალებას აძლევს აირჩიონ ობლიგაციები, რომლებიც მათი პირადი ESG პრიორიტეტების შესაბამისად მოქმედებს.
უარყოფითი მხარეები
- ანგარიშგების სტანდარტების არარსებობა: მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებს შეუძლია ანგარიში ნებაყოფლობით წარადგინოს, აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) მიერ დადგენილი პრინციპების სტანდარტული ნაკრები არ არსებობს.
- დაბალი საპროცენტო განაკვეთები: იონკოპინგის ბიზნეს სკოლამ ასევე აღმოაჩინა, რომ მწვანე ობლიგაციების სარგებელი, ჩვეულებრივ ობლიგაციებთან შედარებით, საშუალოდ 15-20 საბაზისო პუნქტით დაბალია.
- ფასის მერყეობა: იმის გამო, რომ ობლიგაციების შეძენა და გაყიდვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, მათი ფასები ბაზრის რყევებთან ერთად იცვლება.
როგორ ჩავდოთ ინვესტიცია ESG ობლიგაციებში?
ინვესტორებს შეუძლიათ ESG ობლიგაციები საინვესტიციო დილერების, ონლაინ ბროკერების, კაპიტალის მართის მრჩევლებისა და სხვა მრავალი ინსტიტუტის დახმარებით შეიძინონ. ESG ობლიგაციები გვთავაზობს ისეთივე სტაბილურობასა და ლიკვიდურობას, როგორც ტრადიციული ობლიგაციები. საპროცენტო შემოსავლისა და ვადის შერჩევის გარდა, ინვესტორებს შეუძლიათ კონკრეტული ზემოქმედების ობლიგაციები აირჩიონ.
ESG ობლიგაციები რამდენიმე კატეგორიად იყოფა:
- მწვანე ობლიგაციებით შეგროვებული ფული განკუთვნილია განახლებადი ან სუფთა ენერგიის, სუფთა ტრანსპორტირების, შენობების, ჩამდინარე წყლების მართვისა და სხვა მდგრადი კლიმატის მიზნებისთვის. მწვანე ობლიგაციები ESG აქტივების ყველაზე გავრცელებული კლასია.
- სოციალური ობლიგაციები იზიდავს ფულს სასურსათო უსაფრთხოებისთვის, მდგრადი კვების სისტემებისთვის, სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობებისთვის, ხელმისაწვდომ საცხოვრებელსა და ინფრასტრუქტურაზე, ასევე, არსებით სერვისებზე წვდომისთვის.
- კლიმატური ობლიგაციები მწვანე ობლიგაციების მსგავსია, მაგრამ ისინი იზიდავს ფულს ინვესტიციებისთვის, რომლებიც გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას შეამცირებს.
- მდგრადობის ობლიგაციები მწვანე და სოციალური პროექტების კომბინაციისთვის სახსრების მოსაზიდად არის განკუთვნილი. ზოგიერთი მწვანე ან სოციალური ობლიგაცია ხელახლა გამოიცემა მდგრადობის ობლიგაციების სახით.
- მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები (SLB) მოითხოვს ემიტენტისაგან კონკრეტული ვალდებულებების აღებას ESG მიზნებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მდგრადობის ობლიგაციების ჰგავს, მათ მართვის უნიკალური პრინციპები ახასიათებს. თუ SLB-ის მიერ ESG მიზანი მიღწეული არ არის, ემიტენტმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს.
დასკვნა
ESG ობლიგაციები მნიშვნელოვან შესაძლებლობებს წარმოადგენს და ინვესტორები მათში დიდ ინვესტიციებს ახორციელებენ. მიუხედავად იმისა, რომ ESG ობლიგაციების პირველი $1 ტრილიონის მიღწევას თითქმის 12 წელი დასჭირდა, შესაძლოა, $2 ტრილიონამდე მისვლას ერთ წელზე ცოტა მეტი დასჭირდეს.
ინვესტორებს, რომლებიც მზად არიან გაანაწილონ სახსრები ESG ობლიგაციებზე, როგორც მათი სრული საინვესტიციო სტრატეგიისა და დივერსიფიცირებული პორტფელის ნაწილზე, შეუძლიათ ESG ობლიგაციები ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტების და კაპიტალის მართვის კომპანიების დახმარებით შეიძინონ.
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.