უორენ ბაფეტის წარმატებაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ფაქტი ის არის, რომ მას აქამდე უცნობი და რაიმე ინოვაციური სტრატეგიის გამოყენება არ დასჭირვებია. მისი სტრატეგია საკმაოდ მარტივია და ინვესტორი მსოფლიოსთვის თავისი ცოდნის გაზიარებას არასოდეს ერიდება – ეძებეთ დაუფასებელი აქციები და მიენდეთ დროის ძალას.
ინვესტირებაში დრო მეფეა
უორენ ბაფეტი არის „ყიდვა-შენარჩუნება“ საინვესტიციო სტრატეგიის მქადაგებელი, რადგან მას კარგად ესმის დროისა და რთული პროცენტის ძალა. რთული პროცენტის მექანიზმი მოქმედებს მაშინ, როდესაც ფული, რომელსაც ინვესტიციებიდან იღებთ, თავად იწყებს კიდევ უფრო მეტი ფულის გამომუშავებას. წარმოიდგინეთ, რომ $1,000 მოცულობის ინვესტიციას დებთ და წლიურ 10%-იან ანაზღაურებას იღებთ. პირველ წელს მიიღებთ $100-ს. თუ $100-ის რეინვესტირებას განახორციელებთ, ახლა თქვენ მიიღებთ $1,100-ის 10%-ს . მომავალ წელს მიიღებთ $1,210-ის 10%-ს და ა. შ. ქვემოთ მოცემულ ფოტოზე ნათლად ჩანს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დრო და რთული პროცენტი ინვესტირებისას.
თანმიმდევრულობა
დოლარის ღირებულების გაშუალედება არის შესანიშნავი საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც რეგულარულ ინტერვალებში კონკრეტული თანხების ინვესტირებას გულისხმობს და არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა ღირს ესა თუ ის აქცია მოცემულ მომენტში. ეს სტრატეგია ინვესტირების პროცესიდან ემოციებს გამორიცხავს, რაც მაღალი ცვალებადობის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დოლარის ღირებულების გაშუალედების სტრატეგიის დროს გამოყენებული შუალედები თქვენზეა დამოკიდებული, ეს შეიძლება იყოს ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური და სხვა შუალედებით ინვესტირება. მნიშვნელოვანია, რომ განსაზღვროთ და დაიცვათ კონკრეტული განრიგი. ამ სტრატეგიის მიზანია თავიდან აიცილოთ ის ზარალი, რომელიც ბაზართან სინქრონიზების მცდელობას მოაქვს.
ბაფეტი დიდი ხანია ქადაგებს, რომ საჭირო არ არის ასობით ინდივიდუალური აქციის შეძენა – ყველაფერი რაც თქვენ გჭირდებათ არის S&P 500, რომელიც აშშ-ის 500 უმსხვილეს საჯარო ვაჭრობის კომპანიას მოიცავს. ისტორიულად დადასტურებულია, რომ თანმიმდევრული ინვესტირება S&P 500-ში, რომლის საშუალო წლიური ანაზღაურება გრძელვადიან პერსპექტივაში 10%-ს შეადგენს, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზაა სიმდიდრის დასაგროვებლად.
ინდექსის სამომავლო ეფექტურობის შესახებ გარანტიები არ არსებობს, მაგრამ კომპანიების ზომებისა და მათ მიერ დაკავებული სექტორების გათვალისწინებით, ეს უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტიცია. S&P 500 ინდექსში ინვესტირებით თქვენ მიიღებთ წვდომას თერთმეტივე ძირითად სექტორზე, ლურჯი ჩიპის აქციებზე და დივიდენდების გადამხდელ კომპანიებზე.
დღეები ყოველთვის მზიანი არ არის
საფონდო ბირჟაზე დროის ძალაუფლების გაგების დიდი ნაწილი იმის გააზრებაა, რომ ეს წრფივი პროცესი არ არის. უნდა გაითვალისწინოთ, რომ მოკლევადიან პერიოდში საფონდო ბირჟა მერყევია. 2000 წლიდან S&P 500-ის ანაზღაურებამ 190% შეადგინა, მაგრამ ამ დროის განმავლობაში გზაზე ბევრი ცვალებადობა იყო. ინდექსმა ამ წლების მეოთხედზე მეტის შემთხვევაში ზარალი განიცადა:
- 2000: -10.14%
- 2001: -13.04%
- 2002: -23.37%
- 2008: -38.49%
- 2015: -0.73%
- 2018: -6.24%
უორენ ბაფეტმა ერთხელ თქვა: „თუ აქციის 10 წლის განმავლობაში ფლობას არ აპირებთ, მისი 10 წუთით ფლობაზეც არ იფიქროთ.“ თუ ბიზნესთან ან ინდუსტრიასთან დაკავშირებით რაიმე ფუნდამენტურად არ შეიცვლება, მოკლევადიან მოვლენებს თქვენი გრძელვადიანი კურსიდან გადახვევის უფლებას ნუ მისცემთ.