კომპანიების მოგება აქციონერებზე დივიდენდების სახით ნაწილდება. მზარდი პოტენციალის აქციებს და ახალგაზრდა კომპანიების, როგორც წესი, დივიდენდების გადახდა არ ახასიათებს, რადგან მათ სჭირდება მოგების რეინვესტირება, რათა მაღალი ტემპით ზრდა განაგრძოს. თუმცა, როგორც კი კომპანია გარკვეულ ზომას მიაღწევს, სივრცე მისი მაღალი ზრდისთვის, ჩვეულებრივ, მცირდება, ამიტომ კომპანიები, აქციონერების წახალისების მიზნით, დივიდენდების გადახდას იწყებს.
დივიდენდური აქციები ისეთ დიდ ყურადღებას არ იქცევს, როგორც მზარდი პოტენციალის აქციები, მაგრამ არ შეიძლება უარვყოთ, რომ ისინი ისეთივე, ზოგჯერ კი უფრო მომგებიანიც კია ინვესტორებისთვის.
დივიდენდური აქციების შენარჩუნება ღირს
დივიდენდების მიმზიდველობის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილი არის გარანტირებულ შემოსავალთან მიახლოება. ინვესტორებს არ სჭირდებათ აქციების ფასის ცვლილებაზე ფიქრი, რადგან ისინი დივიდენდებს მაინც მიიღებენ.
არის სიტუაციები, როდესაც შეიძლება კომპანიამ დივიდენდები გააუქმოს, მაგრამ თუ ინვესტიციას დივიდენდ არისტოკრატებში ან დივიდენდ მეფეებში დებთ, ამ საკითხზე ნერვიულობა არ ღირს. დივიდენდური აქციების ეს ტიტულები ინვესტორებს აძლევს ნდობას, რომ კომპანიას გააჩნია საკმარისი რესურსი, რათა ფართო ეკონომიკური წინაღობები გადალახოს და დივიდენდური ანაზღაურება მაინც გაზარდოს.
დივიდენდები რთული პროცენტის მექანიზმს ემატება
გსურთ საფონდო ბირჟაზე სიმდიდრის დაგროვება? დააფასეთ რთული პროცენტის ძალა. რთული პროცენტი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ინვესტიციებიდან გამომუშავებული ფული თავად იწყებს კიდევ უფრო მეტი ფულის გამომუშავებას. ეს ეფექტი უფრო ძლიერდება მაშინ, როდესაც დივიდენდების რეინვესტირებას ახორციელებთ იმ აქციებში, რომლებიც მათ გასცემს. ამას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება. შეგიძლიათ თქვენს საბროკერო ანგარიშზე ავტომატური რეინვესტირების ფუნქცია ჩართოთ, რაც დროის დაზოგვის საშუალებასაც მოგცემთ.
მაგალითად, ავიღოთ Vanguard High Dividend Yield ETF. 2006 წელს, დაარსების დღიდან ამ ETF-ს წლიური ანაზღაურება 8%-ს შეადგენდა. თუ სარგებლის ეს დონე შენარჩუნდება და ამ ფონდში ყოველთვიურად $500-ის მოცულობის ინვესტიციას ჩადებთ, 20 წლის შემდეგ თქვენი ინვესტიციის ღირებულება $274,500-ს გადააჭარბებს. თუ ვივარაუდებთ, რომ Vanguard-ის ამჟამინდელი დივიდენდური სარგებელი, რომელიც 3%-ს შეადგენს, ამ პერიოდის განმავლობაში უცვლელი დარჩება და დივიდენდების რეინვესტირებას მიმართავთ, 20 წლის შემდეგ თქვენი ინვესტიციის ღირებულება $385,200-ზე მეტი იქნება.
როგორც წესი, სჯობს დივიდენდური შემოსავლით სარგებლობა პენსიაზე გასვლისთვის გადადოთ, რათა მეტი აქცია შეიძინოთ და მიღებული მოგება კიდევ უფრო გაზარდოთ. 3%-იანი დივიდენდური ანაზღაურება დღეს შეიძლება მნიშვნელოვანი შემოსავალი არ იყოს, მაგრამ საშუალება გაქვთ, რომ წლების განმავლობაში ის რთული პროცენტის მექანიზმის საშუალებით გაზარდოთ, რაც პენსიაზე გასვლისთვის შესანიშნავი დამატებითი შემოსავალი იქნება.