პიტერ ლინჩი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ინვესტორია. ის Fidelity-ში Magellan Fund-ს მართავდა და 13-წლიანი მმართველობის პერიოდში 29%-ზე მეტ წლიურ შემოსავალს გამოიმუშავებდა. იგი პენსიაზე 46 წლის ასაკში გავიდა.
ამ სტატიაში მოცემულია პიტერ ლინჩის 3 რჩევა, რომელიც თქვენი საინვესტიციო სტილის გადააზრებასა და გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
- იცოდეთ, რას ფლობთ
პიტერ ლინჩი საუბრობს იმაზე, თუ რამდენად ფრთხილები არიან ადამიანები ფულთან მიმართებაში. ის ამბობს:
„საზოგადოება ფრთხილობს, როდესაც ყიდულობს სახლს, მაცივარს, მანქანას. ისინი საათობით მუშაობენ, რათა ორმხრივი ავიაბილეთისთვის $100 დაზოგონ და $5,000-ს ან $10,000-ს ჩადებენ რაღაც სულელურ, ავტობუსში მოსმენილ იდეაში“.
საცალო ინვესტორები ხშირად მომავალ ძალიან წარმატებულ კომპანიას ეძებენ და ამის გამო, შეიძლება, შიში გაუჩნდეთ, რომ რაღაცას გამოაკლდებიან (FOMO – fear of missing out), ამიტომ ისინი ნაჩქარევად და ირაციონალურად მოქმედებენ. მაგრამ, თუ თქვენს საკუთრებაში არსებულ აქციებში ღრმად არ ერკვევით, არასტაბილურობის პერიოდში, შესაძლოა, დიდმა გაურკვევლობამ მოგიცვათ. ნამდვილად არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდებით, როდესაც თქვენი აქციების ფასი 10%-ით, 20%-ით ან თუნდაც 50%-ით დაეცემა.
ლინჩმა თქვა, რომ თუ არ შეგიძლიათ 2 წუთში ბავშვს კონკრეტული აქციის ფლობის მიზეზი აუხსნათ, მაშინ ამ აქციებს არ უნდა ფლობდეთ.
- როდის უნდა გაყიდოთ აქცია?
არასტაბილურობა საბოლოოდ გაურკვევლობას შექმნის. პიტერ ლინჩმა თქვა, რომ Magellan-ის მართვის 13 წლიდან 9 წლის განმავლობაში საფონდო ბირჟა დაეცა.
დაზიანებული აქციებსა და გაფუჭებულ კომპანიას შორის განსხვავების ცოდნა არის ზღვარი აქციების შეცდომით დევნასა და შესყიდვის შესანიშნავი შესაძლებლობების გამოყენებას შორის.
პიტერ ლინჩი აცხადებს, რომ ყიდვისა და გაყიდვის გადაწყვეტილებები მსგავსია. ორივე შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილების უკან გარკვეული „ამბავი“ დგას. ლინჩის თქმით, როდესაც კომპანია მოწიფულობას აღწევს და ზრდა-განვითარებისთვის უკვე სივრცე აღარ არის, სწორედ ეს დროა შესაფერისი ამ კომპანიის აქციების გასაყიდად. თქვენ უნდა განსაზღვროთ, თუ როდის უახლოვდება კომპანია სიმწიფეს და ამ დროს უნდა უნდა გაყიდოთ პოზიციები. ასევე უნდა მოიქცეთ საფუძვლების გაუარესების შემთხვევაში, მაგრამ თუ ეს ყველაფერი უცვლელია, უნდა მოიცადოთ.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იქონიეთ საინვესტიციო თეზისი იმის შესახებ, თუ რატომ ფლობთ აქციებს. გაყიდეთ იმიტომ, რომ თქვენი საინვესტიციო თეზისი მყარი აღარ არის და არა იმიტომ, რომ აქციების ფასი იზრდება ან მცირდება.
- მარცხი ჩვეულებრივი მოვლენაა
ადამიანებს ზოგადად ტკივილი არ მოსწონთ და, შესაძლოა, ზოგიერთი ინვესტორისთვის ფულის დაკარგვის შიში წარმატების ბარიერი იყოს. იმისთვის, რომ საფონდო ბირჟაზე სიმდიდრე დააგროვოთ არ არის აუცილებელი, რომ ყოველთვის „მართალი“ იყოთ. პიტერ ლინჩი ამბობს:
„შესაძლოა, თქვენ 10-დან 5 ან 6 შემთხვევაში მართალი აღმოჩნდეთ. მაგრამ თუ თქვენი გამარჯვებული აქციები 4-ჯერ, 10-ჯერ ან 20-ჯერ გაიზრდება, ისინი დანაკარგებს, შესაბამისად, 50%-ით, 75%-ით ან 100%-ით აანაზღაურებს“.
დაიმახსოვრეთ, რომ აქციების ფასი, შეიძლება, მხოლოდ 0-მდე შემცირდეს, მაგრამ ზრდამ, შესაძლოა, თავდაპირველ ღირებულებას ბევრად გადააჭარბოს. თუ თქვენ მიერ შერჩეული 10 აქციიდან, 9 მათგანის ფასი 0-მდე შემცირდება, შესაძლოა, მაინც არ დაზარალდეთ, თუ მეათე აქციის ფასი 10-ჯერ გაიზრდება. თქვენი აზროვნება უკეთესობისკენ შეიცვლება, როგორც კი მიხვდებით და აღიარებთ, რომ დანაკარგები ინვესტიციის ნაწილია.
ინვესტიცია საზრიანად ჩადეთ
წარმატებული ინვესტიცია სათანადო აზროვნებას მოითხოვს, რადგან კარგი აქციების იდენტიფიცირება ხშირად უფრო ადვილია, ვიდრე ყველა გარდაუვალი აღმავლობისა და ვარდნის დროს მათი შენარჩუნება.
კარგად გაერკვიეთ კომპანიაში, რომელში ინვესტირებასაც აპირებთ და ყურადღება გაამახვილეთ თქვენ მიერ მათი აქციების შეძენის რეალურ მიზეზზე. მიიღეთ არასტაბილურობა, რომელიც ინვესტირების სამყაროს განუყოფელი ნაწილია. გაითვალისწინეთ ამ სტატიაში მოცემული რჩევები და ინვესტირების გზაზე თქვენ მიერ წარმატების მიღწევის შანსები საგრძნობლად გაიზრდება.