იპოვეთ შესანიშნავი ინვესტორები და გადახედეთ მათ ინვესტიციებს
შესაძლოა მოგწონთ უორენ ბაფეტის, პიტერ ლინჩის, რეი დალიოს ან სხვა ინვესტორების საინვესტიციო სტრატეგია და მოღვაწეობა. საინვესტიციო პორტფელისთვის ახალი აქციების საპოვნელად, შესაძლოა, რომელიმე წარმატებული ინვესტორის მფლობელობებს გადაავლოთ თვალი, შემდეგ იქ აღმოჩენილი კონკრეტული კომპანიის მოღვაწეობას, მის ამჟამინდელ მდგომარეობას, სამომავლო პერსპექტივებს, აქციების ფასის ცვლილების ტენდენციებსა და სხვა მრავალ ინფორმაციას გაეცნოთ.
ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე წარმატებული ინვესტორის ნაფეხურებს ზედმიწევნით მიჰყვეთ. პირიქით, ვერ გეტყვით, რომ ასეთი მიდგომა სარგებელს მოგიტანთ, რადგან თითოეული ინვესტორი განსხვავებულია, ყოველ მათგანს პიროვნულად განსხვავებული დადებითი და უარყოფითი თვისებები გააჩნია, განსხვავებულია მათი სტრატეგიები, გამოცდილება და ა. შ. შესაბამისად, თქვენი სამაგალითო ინვესტორის ყველა ინვესტიცია თქვენთვის, როგორც უნიკალური ინვესტორისთვის, ნამდვილად არ იქნება შესაფერისი. როდესაც სხვისგან მაგალითს იღებთ და ამის საფუძველზე აპირებთ კონკრეტული აქციის შეძენას, აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი ფინანსური შესაძლებლობები (მაგალითად, ბაზრის ვარდნა, რომელსაც უორენ ბაფეტი უპრობლემოდ გაუძლებს, შესაძლოა, თქვენთვის კატასტროფული იყოს), ყურადღება გაამახვილეთ თქვენს რისკისადმი ტოლერანტობის დონეზე, განსაზღვრეთ დროის ჰორიზონტი, გაიაზრეთ როგორი ტიპის ინვესტიცია სჭირდება ახლა თქვენს საინვესტიციო პორტფელს იმისთვის, რომ იდეალურად იყოს დივერსიფიცირებული. შეიძლება, კონკრეტული კომპანიაში ინვესტირება ძალიან გხიბლავთ, მაგრამ დაფიქრდით, გამოადგება თუ არა ის თქვენს პორტფელს? ზოგადად სანამ უშუალოდ ინვესტირების პროცესზე გადახვალთ საკუთარ თავს კითხვები დაუსვით. სწორი კითხვების დასმა სწორი გადაწყვეტილების მიღების საწინდარია.
შემდეგი ნაბიჯები
მას შემდეგ, რაც პოტენციურ ინვესტიციებს შეარჩევთ, გადახედეთ კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებს. ყურადღება მიაქციეთ საბაზრო კაპიტალიზაციას, შემოსავლის ზრდას, ნაღდი ფულისა და ვალის დონეებს, მოგების მარჟას და ა. შ. თუ ფინანსური მაჩვენებლები თქვენთვის მისაღები იქნება, შეგიძლიათ მოიძიოთ კომპანიის წლიური ანგარიში, გადახედოთ აღმასრულებელი დირექტორის ინტერვიუებს, ანალიტიკოსების შეფასებებსა და პროგნოზებს.
მოკლედ რომ ვთქვათ, თუ გსურთ თქვენს საინვესტიციო პორტფელს ღირსეული წევრი შემატოთ, შრომა მოგიწევთ. ეს არჩევანი შესანიშნავად უნდა ჯდებოდეს თქვენი მთლიანი საინვესტიციო სტრატეგიის კონტექსტში. ყოველი გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელია ცივი გონებით იმსჯელოთ, ფინანსური ანალიზი ჩაატაროთ და ნაჩქარევი, იმპულსური გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავოთ.