უორენ ბაფეტმა ხუმრობით აღნიშნა, რომ საფონდო ბირჟა არის მოუთმენლებიდან მომთმენ ადამიანებზე ფულის გადასატანი მოწყობილობა. ეს ზოგადად ასეა, მაგრამ თუ მომთმენთან ერთად აქციებში ინვესტირების სპეციფიკაში გათვითცნობიერებული ხართ, შეგიძლიათ შეერიოთ იმ ადამიანთა რიცხვს, ვინც დიდ სიმდიდრეს აგროვებს.
აქ იხილავთ 11 ფაქტს, რომელიც საფონდო ბირჟის შესახებ უნდა იცოდეთ. შეიძლება, ამან უკეთეს ინვესტორად გაქციოთ.
- დიდი ხანია, რაც აქციები არსებობს
დამწყებთათვის: აქციები იმაზე დიდი ხანია არსებობს, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. თუ თქვენ საფონდო ბირჟას განსაზღვრავთ, როგორც რეგულირებულ ბაზარს, სადაც ადამიანებს შეუძლიათ იყიდონ ან გაყიდონ ინვესტიციები, შეგიძლიათ ეწვიოთ XI საუკუნის საფრანგეთს, სადაც სოფლის მეურნეობის სავალო ვალდებულებებით ვაჭრობდნენ და ასევე XVI საუკუნის ბელგიას, სადაც უფრო დახვეწილი სავალო ვალდებულებების ბაზარი არსებობდა. პირველი საჯარო ვაჭრობის აქცია, როგორც ჩანს, იყო Dutch East India Company-ის, რომელიც 1602 წელს დაარსდა და ეწეოდა ვაჭრობას აზიასა და ევროპას შორის. ამ კომპანიის აქციები მიმოიქცეოდა ამსტერდამის საფონდო ბირჟაზე.
აშშ-ში ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა არის უძველესი ბირჟა, რომელიც შეიქმნა მაშინ, როდესაც 1792 წელს 24 ჯენტლმენი ჭადრის ხის ქვეშ შეიკრიბა ნიუ-იორკის იმ ნაწილში, რომელიც მოგვიანებით უოლ სტრიტი გახდა.
- “The Dow” არ არის ის, რაც თქვენ ალბათ გგონიათ
ჩვენ ხშირად გვგონია, რომ „The Dow” გულისხმობს აშშ-ის საფონდო ბირჟას, სინამდვილეში კი Dow Jones Industrial Average არის საფონდო ინდექსი, რომელიც მხოლოდ 30 კომპანიის აქციებს მოიცავს. კომპონენტები დროდადრო იცვლება და ამჟამინდელ სიაში შედის ისეთი სახელები, როგორიც არის Apple, McDonald’s, Nike, Walmart და Visa.
საინტერესოა, რომ ბევრი სხვა ინდექსისგან განსხვავებით, რომლებიც კომპონენტებს საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით აფასებენ, Dow Jones Industrial Average არის ფასით შეწონილი, ამიტომ აქცია, რომლის ფასი არის $267, უფრო მეტ გავლენას მოახდენს ინდექსზე, ვიდრე $21-იანი აქცია.
- ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი აქციის ფასი ბაზარზე $319,571 იყო
ძვირადღირებულ აქციებზე საუბრისას დაიჯერებთ, რომ ერთი კონკრეტული კომპანიის თითო აქციის ფასი ცოტა ხნის წინ $300,000-ზე მეტი იყო? ეს კომპანია არის უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway, რომლის თითო A კლასის აქციის ფასი ამ მომენტისათვის $319,571-ს შეადგენს. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ Berkshire-ს ასევე აქვს ბევრად უფრო ხელმისაწვდომი B კლასის აქციები. ასეთი თითო აქციის ფასი ცოტა ხნის წინ დაახლოებით $213 იყო.
- ამერიკელთა მხოლოდ 55% ფლობს აქციებს
ახალი ამბების გაშუქებიდან ჩანს, რომ ამერიკელების უმეტესობა დაინტერესებულია საფონდო ბირჟით, სავარაუდოდ იმიტომ, რომ მათ აქ ფული აქვთ დაბანდებული. თუმცა Gallup-ის მიერ აპრილში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ამერიკელთა მხოლოდ 55% ფლობს აქციებს. Gallup-მა 1998 წლის შემდეგ ეს კვლევა არაერთხელ ჩაატარა და მონაცემები 52%-დან 67%-მდე მერყეობს.
- იმაზე მეტი ურთიერთდახმარების ფონდი არსებობს, ვიდრე თქვენ ფიქრობთ
თუ ფიქრობთ, რომ ასობით ურთიერთდახმარების ფონდს შორის შეგიძლიათ არჩევანის გაკეთება, სრულიად არ ცდებით, მაგრამ სინამდვილეში ათასობით ასეთი ფონდი არსებობს. Investment Company Institute-ის თანახმად, აშშ-ში 6,000-ზე მეტი სააქციო ფონდია და 100,000-ზე მეტი ყველა ტიპის ფონდი (აქციების, ობლიგაციების, გაცვლითი სავაჭრო ფონდები (ETF), ფულის ბაზარი და ა. შ.) გლობალურად.
- საფონდო ბირჟა კრახის შემდეგ შედარებით სწრაფი აღდგენით ხასიათდება
ბევრ ინვესტორს აშინებს საფონდო ბირჟის კორექციები და კრახები, მაგრამ უაზროა იმ იმედის ქონა, რომ ეს არ მოხდება, რადგან ეს გარდაუვალია. ისინი განსხვავდება ინტენსივობითა და ხანგრძლივობით, მაგრამ საშუალოდ, ეს არც ისეთი ცუდია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. Capital Group-ის წარმომადგენლები სწავლობდნენ საფონდო ბირჟის ეფექტურობას 1950 წლიდან 2019 წლამდე და აღმოაჩინეს, რომ 10%-იანი ან უფრო მეტი დაბრკოლება (ხშირად მოიხსენიება, როგორც „კორექცია“) დაახლოებით წელიწადში ერთხელ ხდებოდა და საშუალოდ 112 დღე გრძელდებოდა. ეს დაახლოებით სამთვენახევარია. ორჯერ უფრო ხანრგრძლივი აღდგენაც კი, რომელიც დაახლოებით 7 თვე გრძელდება, არც ისე საშინელია. 15%-იანი ან მეტი ვარდნა დაახლოებით 4 წელიწადში ერთხელ ხდებოდა და საშუალოდ 262 დღე (დაახლოებით რვათვენახევარი) გრძელდებოდა, ხოლო 20%-იანი ან უფრო დიდი ვარდნა („კრახი“) ყოველ 6 წელიწადში ერთხელ ხდება და საშუალოდ 401 დღე, ანუ დაახლოებით წელიწადი და ერთი თვე გრძელდება. ეს მხოლოდ საშუალო მაჩვენებლებია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს, მაგრამ იცოდეთ, რომ, როგორც ისტორია გვიჩვენებს, საფონდო ბირჟა ყველაზე დიდი ვარდნისგანაც კი საკმაოდ სწრაფად აღდგება. ასევე გახსოვდეთ, რომ ბაზრის რეცესია, შეიძლება, გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობა იყოს.
- აშშ-ის საფონდო ბირჟა გლობალური ბაზრის დაახლოებით 55%-ს შეადგენს
შეერთებული შტატების ეკონომიკა, შეიძლება, ამ დღეებში დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდეს მიმდინარე პანდემიის, სამუშაო ადგილების დაკარგვისა და ბიზნესის დახურვის გათვალისწინებით, მაგრამ აშშ-ის საფონდო ბირჟა, ამ მომენტისთვის, არც თუ ისე შორს არის თავისი უმაღლესი მაჩვენებლებისგან და ის მთელ მსოფლიოში აქციების მთლიანი ღირებულების უმეტეს ნაწილს შეადგენს. კერძოდ, Credit Suisse Global Investment Returns Yearbook-ის მიხედვით, აშშ-ის საფონდო ბირჟა გლობალური ბაზრის დაახლოებით 54.5%-ს შეადგენს.
- მეკობრეებსაც კი აქვთ საფონდო ბირჟა
რა თქმა უნდა, არსებობს საფონდო ბირჟები კომპანიების აქციებისთვის, რომლებიც სხვადასხვა პროდუქტსა და მომსახურებას გვთავაზობს და ობლიგაციების ბაზრები სავალო ვალდებულებებისთვის, რომლებითაც ინვესტორები ვაჭრობენ. მაგრამ იცოდით, რომ არც ისე დიდი ხნის წინ, მეკობრეებსაც ჰქონდათ საფონდო ბირჟა. Wall Street Journal-ში 2011 წელს დაიწერა, რომ მეკობრეების მსოფლიოში პირველი საფონდი ბირჟა 2009 წელს ჰარარდჰეერში, მოგადიშუდან (სომალის დედაქალაქი) ჩრდილო-აღმოსავლეთით დაარსდა. ბირჟა ღიაა 24 საათის განმავლობაში და ინვესტორებს საშუალებას აძლევს ისარგებლონ ღია ზღვაში შეგროვებული გამოსასყიდით, რომელმაც შეიძლება დასავლეთის კომერციული გემების წინააღმდეგ წარმატებული თავდასხმების შედეგად $10 მილიონს მიაღწიოს.
- ბევრი აქცია უფრო მეტ შემოსავალს გვთავაზობს, ვიდრე ობლიგაციები
ჩვენ ხშირად წარმოვიდგენთ, რომ აქციებში ინვესტირების მიზანი შემდგომში ამ აქციები მაღალ ფასად გაყიდვა, ხოლო ობლიგაციების შემთხვევაში ფიქსირებული შემოსავლის მიღებაა, თუმცა აქციებისგანაც, დივიდენდების სახით, მნიშვნელოვანი შემოსავლის მიღება შეგვიძლია. ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთების პირობებში, რომელშიც მრავალი წელია ვიმყოფებით, იშვიათი არ არის ისეთი დივიდენდური აქციების ხილვა, რომლებიც ობლიგაციებზე მაღალ შემოსავალს გვთავაზობს. გაითვალისწინეთ, რომ აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების შემოსავალი იყო 0.33% (5-წლიანი ვადიანობისთვის) და 1.57% (30-წლიანი ვადიანობისთვის). ამავდროულად, ქვემოთ მოცემულ ცხრილში შეამოწმეთ ზოგიერთი კომპანიის ბოლო დივიდენდური შემოსავლები:
კომპანია | ბოლო დივიდენდური შემოსავალი |
AT&T | 7.2% |
Walgreens Boots Alliance | 5.1% |
3M | 3.5% |
Archer Daniels Midland | 3% |
PepsiCo | 3% |
Johnson & Johnson | 2.7% |
ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიები მხოლოდ რამდენიმეა ბაზარზე არსებული ბევრი „დივიდენდ არისტოკრატიდან“ (კომპანიები, რომლებიც დივიდენდებს უწყვეტად, მინიმუმ 25 წლის განმავლობაში გასცემს).
- იყო უამრავი სპეკულაციური „ბუშტი“, რომელიც გასკდა
ადვილია ვივარაუდოთ, რომ საფონდო ბირჟის „ბუშტები“, რომლებიც გასკდა, ფასების აწევის სპეკულაციური სიგიჟეები, რომლებიც საბოლოოდ მიწაზე დაენარცხა, მხოლოდ ჩვენი თანამედროვე ეპოქითა და თანამედროვე კომპანიების აქციებით შემოიფარგლება. ასე არ არის. ბოლო ასეული წლების განმავლობაში ასეთი სიგიჟე ბევრი იყო. 1600-იან წლებში ჰოლანდიაში იყო „ტიტების მანია“, ხოლო 1800-იან წლებში ველოსიპედის კომპანიების ბუმი. ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება კიდევ ბევრ მაგალითს მოგცემთ. ასევე, ამ თემაზე არის რამდენიმე შესანიშნავი (და ზოგჯერ სახალისო) წიგნი, როგორებიც არის ჩარლზ მაკეის „არაჩვეულებრივი პოპულარული ბოდვები და ხალხის სიგიჟე“ და ჯონ კენეტ გელბრეიტის „ფინანსური ეიფორიის მოკლე ისტორია და 1929 წლის დიდი კრახი“.
- როგორ გავხდეთ წარმატებული ინვესტორი? – ეს საიდუმლო არ არის
და ბოლოს, არის გასაოცარი ფაქტი საფონდო ბირჟის შესახებ: მიუხედავად იმისა, რომ მასში ინვესტირება, შეიძლება, ძალიან რთულ წამოწყებად ჩანდეს, ეს სულაც არ არის ასე. თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ საინდექსო ფონდებში ჩადოთ ინვესტიცია, შეინარჩუნოთ სიმარტივე და ამასთან ერთად მომგებიანობაც. ასევე, შეგიძლიათ ისწავლოთ შესანიშნავი წიგნებიდან და დიდი ინვესტორებისგან. მაგალიტად, უორენ ბაფეტმა, მრავალი მოხსენება წარმოადგინა და თავისი შეხედულებების შესახებ მრავალი სტატია და წერილი დაწერა.
რაც უფრო მეტს შეიტყობთ საფონდო ბირჟის შესახებ, მით უფრო მეტად იქნებით გაოცებული, თუ რა საინტერესოა ის. რაც უფრო საზრიანი გახდებით, მით უფრო სწრაფად გაიზრდება თქვენი პორტფელიც.