ტერმინი „კორპორატიული მოქალაქეობა“ მოიცავს ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას და იმას, თუ რამდენად აკმაყოფილებს ის იურიდიულ, ეთიკურ და ეკონომიკურ ნორმებს იმგვარად, როგორც ეს დადგენილია აქციონერების მიერ.
„კორპორატიული მოქალაქეობა“ სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან როგორც ინდივიდუალური, ისე ინსტიტუციური ინვესტორები იწყებენ ისეთ კომპანიებზე ფოკუსირებას, რომლებსაც გააჩნიათ სოციალურად პასუხისმგებლობიანი მიდგომები, როგორიც არის, მაგალითად, EGS (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი) პრაქტიკა.
„კორპორატიული მოქალაქეობის“ გააზრება
ტერმინი „კორპორატიული მოქალაქეობა“ გულისხმობს კომპანიის პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე. ამის მიზანია, დაინტერესებული მხარეებისთვის მოგების გამომუშავებასთან ერთად, შექმნას ცხოვრების მაღალი სტანდარტები იმ საზოგადოებებისთვის, რომლებიც მის ირგვლივ არსებობს.
სოციალურად პასუხისმგებლობიან კორპორაციებზე მოთხოვნა იზრდება, რაც ინვესტორებს, მომხმარებლებსა და თანამშრომლებს ხელს უწყობს, გამოიყენონ თავიანთი ინდივიდუალური ძალა, რათა კომპანიებს თავიანთი ღირებულებების შესაბამისად მოქმედებისკენ უბიძგონ.
ყველა ბიზნესს აქვს ძირითადი ეთიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა; თუმცა ყველაზე წარმატებული კომპანიები ქმნიან „კორპორატიული მოქალაქეობის“ მყარ საფუძველს, აჩვენებენ ეთიკური ქცევისადმი ერთგულებას აქციონერთა, საზოგადოებისა და გარემოს საჭიროებებს შორის ბალანსის შექმნით. ეს პრაქტიკა ხელს უწყობს მომხმარებელთა მოზიდვას, ბრენდისა და კომპანიის მიმართ ლოიალობის ჩამოყალიბებას.
„კორპორატიული მოქალაქეობის“ ჩამოყალიბების პროცესში კომპანიები გადიან შემდეგ ეტაპებს:
- საწყისი
- ჩართულობა
- ინოვაცია
- ინტეგრირება
- ტრანსფორმაცია
საწყის ეტაპზე „კორპორატიული მოქალაქეობის“ აქტივობა არის საბაზისო და განუსაზღვრელი, რადგან არსებობს მწირი კორპორატიული ცნობიერება და მენეჯმენტის უმაღლესი რგოლის მხრიდან მცირე ან საერთოდ არანაირი ჩართულობა. როგორც წესი, ამ ეტაპზე პატარა კომპანიები ჩერდებიან. მათ შეუძლიათ, დაიცვან სტანდარტული ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და გარემოსდაცვითი კანონები, მაგრამ არ გააჩნიათ დრო და რესურსები უფრო მეტი ჩართულობისთვის.
შემდეგ ეტაპზე კომპანიები ხშირად შეიმუშავებენ პოლიტიკას, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლების და მენეჯერების ჩართულობას იმ საქმიანობაში, რომელიც აღემატება ელემენტარულ შესაბამისობას ძირითად კანონებთან.
„მოქალაქეობის“ პოლიტიკა უფრო ყოვლისმომცველი ხდება ინოვაციურ ეტაპზე, რომელიც მოიაზრებს ხშირ შეხვედრებს, კონსულტაციებს აქციონერებთან, მონაწილეობას ფორუმებში და სხვა ღონისძიებებში, რომლებიც ხელს უწყობს „კორპორატიული მოქალაქეობის“ ინოვაციურ პოლიტიკას.
ინტეგრირების ეტაპზე, „კორპორატიულ მოქალაქეობასთან“ დაკავშირებული საქმიანობა ფორმალიზდება და თავისუფლად ერწყმის კომპანიის რეგულარულ ოპერაციებს.
როგორც კი კომპანიები აღწევენ ტრანსფორმაციის სტადიას, მათი მმართველი გუნდები აცნობიერებენ, რომ „კორპორატიული მოქალაქეობა“ კომპანიის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. ეს ხელს უწყობს გაყიდვების ზრდას, ახალ ბაზრებზე გაფართოებას, საუკეთესო კადრების დაქირავებას, ემოციური კავშირების გამყარებას, ბრენდის მიმართ მომხმარებლების ლოიალობას და ა. შ.