The Big Short არის 2015 წელს გადაღებული ოსკაროსანი ფილმი, რომელიც მაიკლ ლუისის ამავე სახელწოდების ყველაზე გაყიდვადი წიგნის ადაპტაციას წარმოადგენს. ფილმი, რომლის რეჟისორიც არის ადამ მაკკეი, ფოკუსირებულია რამდენიმე ამერიკელი ფინანსური პროფესიონალის ცხოვრებაზე, რომლებმაც იწინასწარმეტყველეს 2007-2008 წლებში საბინაო ბაზრის „ბუშტის“1 ჩამოყალიბება და შემდგომი ნგრევა. ამასთან, მათ ამ მოვლენისგან დიდი სარგებლის მიღებაც შეძლეს.
2010 წელს გამოქვეყნებული წიგნი — The Big Short: Inside the Doomsday Machine იყო ლუისის ყველაზე გაყიდვადი ნამუშევრის — Liar’s Poker-ის გაგრძელება. ეს უკანასკნელი 1980-იან წლებში Solomon Brothers-ში ავტორის მუშაობის გამოცდილების ქრონიკას წარმოადგენს. ორივე არამხატვრული წიგნი საშუალებას გვაძლევს, ღრმად ჩავიხედოთ უოლ სტრიტის რამდენიმე პროფესიონალისა და ფინანსური სამყაროს ცხოვრებაში, მათ ფსიქოლოგიაში.
The Big Short-ის გააზრება
The Big Short არ ყოფილა ფინანსური კრიზისის შესახებ დაწერილი წარმატებული არამხატვრული წიგნის პირველი ფილმი-ადაპტაცია. 2011 წელს HBO-მ ენდრიუ როს სორკინის წიგნის — Too Big To Fail — ადაპტაცია შექმნა ფილმის სახით, რომელიც ასევე ცნობილი ვარსკვლავებით იყო დაკომპლექტებული. ეს ამბავი უფრო მეტად ეყრდნობოდა რამდენიმეკვირიან პერიოდს, რომელიც წინ უძღოდა ფინანსური სერვისების ამერიკული ფირმის — Lehman Brothers-ის დაშლას და მთავრობის გადაწყვეტილებას, გადაერჩინა ქვეყნის უმსხვილესი ბანკები და კომპანიები.
თუმცა The Big Short არის პერსონაჟებზე ორიენტირებული ნამუშევარი, რომელიც ფოკუსირებულია არა მხოლოდ იმ მოვლენებზე, რომლებმაც იპოთეკური კრიზისი განაპირობა, არამედ რამდენიმე მამაკაცის კონფლიქტურ გრძნობებზე, რომლებმაც კრიზისი იწინასწარმეტყველეს. ფილმში მთავარ როლებს კრისტიან ბეილი, სტივ ქარელი, რაიან გოსლინგი და ბრედ პიტი ასრულებენ.
ერთ-ერთი მათგანია მაიკლ ბერი (კრისტიან ბეილი), ჰეჯ-ფონდის — Scion Capital-ის მენეჯერი. 2005 წელს მას უჩნდება ეჭვი, რომ აშშ-ის საბინაო ბაზარი ფაქტობრივად მაღალი რისკის მქონე სესხებით გაბერილი „აქტივების ბუშტია“2. ბერი ქმნის ახალი სახის ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელსაც ეწოდება საკრედიტო დეფოლტის სვოპი3, რომელიც მას საშუალებას მისცემს, საბინაო ბაზარზე მოკლე პოზიცია4 დაიკავოს — ანუ გაყიდოს პოზიციები, იმ ვარაუდით, რომ საცხოვრებლების ფასები შემცირდება.
ბანკები და კრედიტორები ამტკიცებენ, რომ საბინაო ბაზარი სტაბილურია — და ფასები ფაქტობრივად იზრდება — მაიკლ ბერის კლიენტები კი ბრაზობენ და შიშობენ, რომ ყველაფერს დაკარგავენ. როდესაც ისინი თავიანთ ფულს უკან ითხოვენ, მაიკლი მორატორიუმს აწესებს ფონდიდან სახსრების გატანაზე, რაც მის კლიენტებს კიდევ უფრო აბრაზებს.
ამასობაში, Deutsche Bank-ის აღმასრულებელი — ჯარედ ვენეტი (რაიან გოსლინგი) უნებლიედ აღმოაჩენს ბერის მიერ საკრედიტო დეფოლტის სვოპის შექმნას და, ეთანხმება რა ბაზრის მისეულ ანალიზს, გადაწყვეტს, ამ ფინანსური ინსტრუმენტების გაყიდვა დაიწყოს. მისი ერთ-ერთი კლიენტია ჰეჯ-ფონდის მენეჯერი მარკ ბაუმი (სტივ ქარელი). ეს უკანასკნელი აღიარებს, რომ სასესხო ფასიანი ქაღალდების ცუდად სტრუქტურირებულმა, მაღალი რისკის შემცველმა პაკეტებმა, რომლებიც ცნობილია როგორც უზრუნველყოფილი სასესხო ვალდებულებები (CDO) საკრედიტო რეიტინგის სააგენტოებისგან დაუმსახურებლად მიიღო AAA რეიტინგი5. ამასთან, ადგილი აქვს მათ ხელახლა შეფუთვას და გაყიდვას ძალიან საეჭვო გზებით. უძრავი ქონების ფასების ზრდის დიდ ნაწილს განაპირობებს ფინანსური ინსტიტუტების მადა ამ ფასიანი ქაღალდების მიმართ — ინდუსტრიის საფუძვლებთან მიმართებაში ყოველგვარი პროპორციის გარეშე.
ბერისა და ვენეტის მსგავსად, ბაუმიც ასკვნის, რომ საბინაო ბაზრის „ბუშტი“ საბოლოოდ გასკდება, რამაც შესაძლოა, ფაქტობრივად აშშ-ის ეკონომიკის კოლაფსი გამოიწვიოს. ის იწყებს ფინანსური სექტორის კომპანიების აქციებზე მოკლე პოზიციის დაკავებას. (ბაუმის პერსონაჟი ეფუძნება ჰეჯ-ფონდის მენეჯერს — სტივ ეისმანს; ვენეტი კი — გრეგ ლიპმანს, ობლიგაციების ყოფილ გამყიდველს Deutsche Bank-ში.)
ფილმის შემდეგი ნაწილი მოგვითხრობს ორ ახალგაზრდა ინვესტორზე — ჩარლი გელერსა (ჯონ მაგარო) და ჯეიმი შიპლიზე (ფინ ვიტროკი) — რომლებიც აღმოაჩენენ ვენეტის მიერ დაწერილ ნაშრომს საკრედიტო დეფოლტის სვოპების შესახებ. ისინი საინვესტიციო რჩევას სთხოვენ გადამდგარ ბანკირს — ბენ რიკერტს (ბრედ პიტი). შიპლი და გელერი დებენ წარმატებულ ფსონებს იპოთეკით უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდებისა და საბინაო ბაზრის წინააღმდეგ. როდესაც ეს უკანასკნელი საბოლოოდ კოლაფსს განიცდის, ისინი მნიშვნელოვან სარგებელს იღებენ.
ამავდროულად, მაიკლ ბერი გამოიმუშავებს თითქმის 500%-იან ანაზღაურებას ინვესტორებისთვის, რომლებიც მასთან დარჩნენ საბინაო ბაზრის კოლაფსის ხანგრძლივობის განმავლობაში.
რამ გამოიწვია 2007-2008 წლების ფინანსური კრიზისი?
2007-2008 წლების ფინანსური კრიზისი დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხოლო მისი გამომწვევი მიზეზები კომპლექსურად ჩახლართული იყო. მან სათავე აიღო ათწლეულის დასაწყისში, როდესაც იაფმა კრედიტებმა და დაკრედიტების სუსტმა სტანდარტებმა საბინაო ბაზრის „ბუშტი“ გააჩინა. საცხოვრებლების ფასებმა ზრდა დაიწყო, რადგან მსესხებლებმა დაბალი იპოთეკური განაკვეთებით ისარგებლეს. ამ სესხებიდან ბევრი იყო „subprime“ — ანუ მსესხებლებს მათი გადახდის საშუალება არ ჰქონდათ. ამან კი სესხები დეფოლტის მაღალი რისკის ქვეშ დააყენა.
შემდეგ კრედიტორებმა ეს სესხები მიჰყიდეს უოლ სტრიტის საინვესტიციო ბანკებს, რომლებმაც ისინი იპოთეკით უზრუნველყოფილ ფასიან ქაღალდებად და სავალო ვალდებულებებად შეფუთეს. გაუქმებულმა რეგულაციებმა ბანკებსა და სხვა ინსტიტუტებს საშუალება მისცა, აეღოთ დიდი სესხები ამ ფასიან ქაღალდებში ინვესტირებისთვის, რომლებიც შემდეგ მათ „გადაფუთეს“ და სხვა ინვესტორებზე გაყიდეს.
სწრაფი ფაქტი:
კლივლენდის ფედერალური სარეზერვო ბანკის მონაცემებით, ამერიკელთა რიცხვი, რომლებმაც 2007–08 წლებში, საბინაო ბაზრის კოლაფსის შედეგად, სახლები დაკარგეს 3.8 მილიონს შეადგენს.
2000-იანი წლების შუა პერიოდში საპროცენტო განაკვეთებმა ზრდა დაიწყო და მოსახლეობის მიერ სახლების ფლობის მაჩვენებელმა გაჯერების წერტილს მიაღწია. უძრავი ქონების ფასებმა ვარდნა განიცადა და მსესხებლებმა სესხების დაფარვა ვერ შეძლეს. როდესაც 2007 წელს „ბუშტი“ გასკდა, ფინანსური ინსტიტუტებს დარჩათ ტრილიონობით დოლარის ღირებულების თითქმის უსარგებლო ინვესტიციები „subprime” იპოთეკებში.
ბანკთაშორისი ბაზარი, რომელიც უზრუნველყოფს ფულის მიმოქცევას მთელს მსოფლიოში, გაიყინა — არავინ იცოდა, რამდენად გავრცელებული იყო ზარალი ან ვის რა დავალიანება ჰქონდა, ამიტომ მათ მთლიანად შეწყვიტეს სესხების გაცემა.
2008 წლის ზაფხულისთვის მთელი ფინანსური სექტორი არეულობამ მოიცვა. ბევრი პოპულარული ფირმა, როგორებიც იყვნენ, მაგალითად, Bear Stearns და Lehman Brothers, გაკოტრდა. Lehman-ის კოლაფსმა შეაშფოთა საფონდო ბირჟა, რომელიც სექტემბრის ბოლოდან თავისუფალ ვარდნაში შევიდა.
[1] ეკონომიკური ბუშტი — ეკონომიკური ციკლი, რომელიც ხასიათდება საბაზრო ღირებულების სწრაფი ზრდით, განსაკუთრებით აქტივების ფასებში. ამას მოჰყვება ღირებულების სწრაფი კლება, რომელსაც ხანდახან „კრახს“ ან „ბუშტის გახეთქვას“ უწოდებენ.
[2] აქტივების ბაზრის ბუშტები მოიცავს საფონდო ბირჟის მიღმა არსებულ სხვა ინდუსტრიებს ან ეკონომიკურ სექციებს. ამის კლასიკური მაგალითია უძრავი ქონების ბაზარი.
[3] დერივატივი (სხვადასხვა საბაზო აქტივისგან წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტი), რომელიც წარმოადგენს მსესხებლის ან სავალო ინსტრუმენტის დეფოლტისგან დაზღვევის ფორმას.
[4] ეს არის საინვესტიციო აქტივობა, რომლის დროსაც ინვესტორი სესხულობს და ყიდის ფასიან ქაღალდებს იმ იმედით, რომ შემდგომში მათ უფრო იაფად შეიძენს.
[5] უმაღლესი საკრედიტო ხარისხი. AAA რეიტინგი საკრედიტო რისკის ყველაზე დაბალ მოლოდინზე მიუთითებს.