მაშინაც კი, თუ თქვენი ბედნიერება უფრო მეტად არის დამოკიდებული ემოციურ გამოცდილებაზე, ვიდრე მატერიალურ სიკეთეებზე, ფული უფრო მეტი რამის გაკეთების საშუალებას მოგცემთ, იქნება ეს უფრო ხშირად მოგზაურობა, თუ სხვების დახმარება.
სიმდიდრის დასაგროვებლად მრავალი გზა არსებობს, დაწყებული საკუთარი ბიზნესის წამოწყებით, დასრულებული საფონდო ბირჟაზე ინვესტირებით. მიუხედავად იმისა, თუ რომელ მათგანს აირჩევთ, არსებობს გარკვეული ფინანსური საფუძვლები, რომლებსაც უნდა დაეუფლოთ, სანამ შემდეგ ნაბიჯს გადადგამთ.
- მოერიდეთ ვალის აღებას
მიუხედავად იმისა, რომ ყველა სახის ვალი აუცილებლად საზიანო არ არის, ზოგადად კარგი იქნება, თუ მას თავს აარიდებთ. ამ შემთხვევაში დიდი პრობლემა არა ვალი, არამედ მასზე დარიცხული პროცენტებია. რაც უფრო დიდ დროს მოანდომებთ დავალიანების გადახდას, მით მეტის გადახდა მოგიწევთ პროცენტების დასაფარად. თუ ვალს დროულად არ დაფარავთ, შეიძლება თქვენ მიერ შეძენილი ნივთები ან მომსახურება რეალურ ღირებულებაზე რამდენჯერმე ძვირი დაგიჯდეთ.
- სწორად შეადგინეთ ბიუჯეტი
ამასთან ბიუჯეტირების საფუძვლებიც უნდა გესმოდეთ. მნიშვნელოვანია განსაზღვროთ, რამდენ ფულს გამოიმუშავებთ და შემდეგ ეს თანხა ეფექტურად გადაანაწილოთ. თქვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს იმის უზრუნველყოფა, რომ საკმარისზე მეტი თანხა გქონდეთ ყველა საჭიროებისთვის (მათ შორის მოულოდნელი გადაუდებელი შემთხვევებისთვის), დარჩენილი ნაწილი კი დანაზოგისა და ინვესტირებისკენ მიმართოთ. არასაჭირო ხარჯების შემცირება ან საერთოდ აღმოფხვრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
- დაისახეთ მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნები
თუ სიმდიდრის დაგროვება გსურთ, ასევე უნდა შეგეძლოთ მკაფიო მიზნების დასახვა და მათი მიღწევის გზების განსაზღვრა. თქვენი გრძელვადიანი მიზნები უნდა წარმართავდეს მოკლევადიანს — წარმოიდგინეთ ისინი, როგორც საფეხურები, რომლებიც საბოლოო დანიშნულებამდე მიგიყვანთ.
- ჩადეთ ინვესტიცია საკუთარ თავში
საკუთარ თავში ინვესტირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, თუ დროსა და ფულს განათლების მისაღებად, საკუთარი უნარების განსავითარებლად დახარჯავთ, მომავალში გაცილებით მაღალი შემოსავლის გამომუშავებას შეძლებთ. თუ რამდენიმე წლის განმავლობაში პიროვნულ განვითარებასა და ადამიანებთან ურთიერთობების დამყარებაზე ფოკუსირდებით, წარმატების მისაღწევად ბევრად უფრო მყარი საფუძვლის შექმნას შეძლებთ.
- მიმართეთ აქტივთა დივერსიფიკაციას
იდეალურ შემთხვევაში, სიმდიდრის დაგროვებისას, შემოსავლის მრავალი ნაკადის შექმნა უნდა შეძლოთ. დივერსიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ნებისმიერი ტიპის ინვესტიცია მოულოდნელი რყევებისკენ არის მიდრეკილი. შეიძლება საფონდო ბირჟამ კრახი განიცადოს ან თქვენი აქტივების ღირებულების ზრდა შეფერხდეს, ამასთან არსებობს სამუშაოს დაკარგვის რისკიც. შემოსავლის განსხვავებული ნაკადების არსებობა საშუალებას გაძლევთ, რთული პერიოდები უფრო უმტკივნეულოდ გადაიტანოთ.
- გაიაზრეთ რისკისა და ჯილდოს ბალანსი
დაბოლოს, უნდა გესმოდეთ ბალანსი, რომელიც რისკსა და ჯილდოს შორის არსებობს. ზოგადად, რაც უფრო სარისკოა ინვესტიცია, მით უფრო პოტენციურად ღირებული (და/ან პოტენციურად დიდი ზარალის მომტანი) შეიძლება იყოს ის. მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორ წახვიდეთ გათვლილ, გააზრებულ რისკზე და, გადაწყვეტილების მიღებამდე, რისკისა და ჯილდოს ბალანსი სიღრმისეულად გააცნობიეროთ.