ბევრ გამოცდილ ინვესტორს შეუძლია მოყვარული ინვესტორი პროფესიონალისგან მხოლოდ მათთან საუბრითაც კი განასხვაოს. სასაუბრო ლექსიკას დიდი მნიშვნელობა აქვს. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე გავრცელებული საინვესტიციო გამოთქმა, რომლის გამოყენებასაც უნდა მოერიდოთ და ასევე რამდენიმე სასარგებლო ალტერნატივა, რომელიც, ბაზრების განხილვისას არა მხოლოდ უფრო მცოდნედ წარმოგაჩენთ, არამედ პროფესიონალი ინვესტორის მსგავსად აზროვნებაში დაგეხმარებათ.
- „X კომპანიაში ჩემი ინვესტიციის წარმატება გარანტირებულია“
მცდარი წარმოდგენა: თუ კომპანია პოპულარულია, მასში ინვესტირებით აუცილებლად დიდ მოგებას მიიღებთ.
ახსნა: არცერთი ინვესტიცია არ არის გარანტირებული. ნებისმიერ კომპანიას შეუძლია თავის ინვესტორებს სერიოზული პრობლემები დაუმალოს. ბევრმა ცნობილმა კომპანიამ, როგორიც არის Enron და WorldCom, შესაბამისად, 2001 და 2002 წლებში დაცემა განიცადა. ფინანსურად ყველაზე გამართული კომპანიაც კი, რომელსაც საუკეთესო მმართველი გუნდი ჰყავს, შეიძლება, უკონტროლო კატასტროფის ან ბაზარზე ისეთი ცვლილების მსხვერპლი აღმოჩნდეს, როგორიც არის ახალი კონკურენტები ან ტექნოლოგიური ცვლილება.
გარდა ამისა, თუ პოპულარულ აქციას ყიდულობთ, მისი ფასი, შესაძლოა, გადაჭარბებული იყოს, რაც კარგი ანაზღაურების მიღებას ართულებს. კომპანიის დაცემისგან თავის დასაცავად ერთ-ერთი სტრატეგია არის თქვენი ინვესტიციების დივერსიფიცირება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ უკვე დივერსიფიცირებული ფონდების ნაცვლად, ინვესტიციას ინდივიდუალურ აქციებში დებთ. თქვენი შემოსავლის გაუმჯობესების და ცალკეულ აქციებში ინვესტირებისას რისკის შემცირების მიზნით, ისწავლეთ, როგორ ამოიცნოთ კომპანიები, რომლებიც, შეიძლება, არ იყოს მომხიბვლელი, მაგრამ გრძელვადიან ღირებულებას გთავაზობდეთ.
გამოცდილი ინვესტორი იტყოდა: „მზად ვარ გავაკეთო ფსონი, რომ X კომპანიაში ჩემი ინვესტიცია წარმატებული იქნება, მაგრამ იმისთვის, რომ უსაფრთხოდ ვიყო, მასში ჩემი დანაზოგის მხოლოდ 5% ჩავდე.“
- „არ ვაპირებ აქციების ახლა შეძენას, რადგან ბაზარი საშინლად მუშაობს“
მცდარი წარმოდგენა: ინვესტირება ისეთ რამეში, რისი ფასიც ამჟამად მცირდება, ცუდია.
ახსნა: თუ აქციებს, რომლებსაც ყიდულობთ, ჯერ კიდევ სტაბილური ფუნდამენტური საფუძვლები აქვს, დაბალი ფასები, შესაძლოა, მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორების შიშს ასახავდეს. ისარგებლეთ დროებითი დაბალი ფასით და შეიძინეთ. თუმცა ჯერ საკმარისი კვლევა ჩაატარეთ იმისთვის, რომ დაადგინოთ, რა არის ფასის კლების მიზეზი. დაიმახსოვრეთ, რომ საფონდო ბირჟა ციკლურია და მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანების უმეტესობა პანიკურად ყიდის, არ ნიშნავს, რომ თქვენც ასე უნდა მოიქცეთ.
გამოცდილი ინვესტორი იტყოდა: „ბაზრის კლება საშუალებას მაძლევს შესანიშნავი შესყიდვები განვახორციელო. რამდენიმე წელიწადში, როდესაც ყველაფერი შეიცვლება და აქციების ფასები აღდგება, ჩემი გადაწყვეტილებით ძალიან კმაყოფილი ვიქნები.“
- „ახლახან შესანიშნავი ბროკერი დავიქირავე და დარწმუნებული ვარ, რომ ბაზარს ვაჯობებ“
მცდარი წარმოდგენა: აქტიურად მართული ინვესტიციები პასიურად მართულზე უკეთესია.
ახსნა: აქტიურად მართულ პორტფელს, როგორც წესი, რამდენიმე მიზეზის გამო, ბაზარზე ნაკლები წარმადობა ახასიათებს.
აი სამი მნიშვნელოვანი მიზეზი:
- ზოგიერთი ონლაინ საბროკერო კომპანია გაკისრებთ მინიმუმ $5-ის ოდენობით საკომისიოს თითო სავაჭრო ოპერაციაზე მაშინ, როდესაც ამ სამუშაოს თქვენით ასრულებთ. თუ ბროკერს ან მრჩეველს დაიქირავებთ, თქვენი ხარჯი, შეიძლება, მნიშვნელოვნად გაიზარდოს, რომელშიც, სავარაუდოდ, საკონსულტაციო გადასახადებიც იქნება გათვალისწინებული. ეს ხარჯები დროთა განმავლობაში გროვდება და თქვენს შემოსავალს ძირს უთხრის.
- არსებობს რისკი, რომ ბროკერმა თქვენი პორტფელი არასწორად მართოს. ბროკერებს შეუძლიათ თავიანთი შემოსავალი გადაჭარბებული სავაჭრო ოპერაციებით გაზარდონ ან ისეთი ინვესტიციები, რომლებიც თქვენს მიზნებს არ შეესაბამება, მხოლოდ იმიტომ აირჩიონ, რომ კომპანიისგან ბონუსი მიიღონ.
- მცირეა შანსები, რომ იპოვოთ ბროკერი, რომელიც მუდმივად შეძლებს ბაზრის დამარცხებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შესაძლოა დროთა განმავლობაში საჭირო გახდეს ბროკერის ან მრჩევლის მუშაობის გაკონტროლება, რათა დადგინდეს, გამართლებულია თუ არა დამატებული ხარჯები და გადასახადი.
იმის ნაცვლად, რომ დაიქირაოთ ბროკერი, რომელმაც, შეიძლება, თქვენთვის საზიანო გადაწყვეტილებები მიიღოს, მიმართეთ ისეთ ფინანსურ მგეგმავს, რომელიც ფულს არა საინვესტიციო გადაწყვეტილებებიდან, არამედ პროფესიონალური რჩევებისთვის საათობრივ ანაზღაურებას იღებს.
გამოცდილი ინვესტორი იტყოდა: „ახლა, როდესაც ფინანსური მგეგმავი დავიქირავე, ჩემი ქონება გაიზრდება, რადგან მეყოლება მიუკერძოებელი პროფესიონალი, რომელიც სწორი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში დამეხმარება.“
- „ჩემი ინვესტიციები კარგად არის დივერსიფიცირებული, რადგან ვფლობ ურთიერთდახმარების ფონდს, რომელიც S&P 500-ის წარმადობას იმეორებს“
მცდარი წარმოდგენა: ბევრ აქციაში ინვესტირება თქვენი პორტფელის დივერსიფიკაციას უზრუნველყოფს.
ახსნა: ეს არ არის ცუდი დასაწყისი, რადგან 500 კომპანიის წილის ფლობა უკეთესია, ვიდრე მხოლოდ რამდენიმე განსხვავებული აქციის შეძენა. თუმცა, მართლაც დივერსიფიცირებულ პორტფელს რომ ფლობდეთ, ინვესტიციები უნდა ჩადოთ აქტივთა სხვადასხვა კლასებში როგორიც არის ობლიგაციები, ლითონები, ენერგია, ფულის ბაზრის ფონდები, საერთაშორისო ურთიერთდახმარების ფონდები ან გაცვლითი სავაჭრო ფონდები (ETF). გარდა ამისა, რადგან S&P 500-ში დიდი კაპიტალის აქციები დომინირებს, შეგიძლიათ დივერსიფიკაციის ხარისხი და მთლიანი ანაზღაურება მცირე კაპიტალის საინდექსო ფონდებში ან ETF-ში ინვესტირებით გაზარდოთ.
გამოცდილი ინვესტორი იტყოდა: „მე ჩემს საინვესტიციო პორტფელს მრავალფეროვნება შევძინე იმ ურთიერთდახმარების ფონდში ინვესტირებით, რომელიც S&P 500-ის წარმადობას იმეორებს, მაგრამ ეს ჩემი პორტფელის მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია.“
- „დღეს საფონდო ბირჟაზე $1000 გამოვიმუშავე“
მცდარი წარმოდგენა: ფულს გამოიმუშავებთ, როდესაც თქვენი ინვესტიციების ღირებულება იზრდება და კარგავთ ფულს, როდესაც ისინი იკლებს.
ახსნა: თუ თქვენი მოგება მხოლოდ ქაღალდზეა (იგივე ეხება ზარალს), ფული არ გამოგიმუშავებიათ. არაფერი არ არის გადაწყვეტილი მანამ, სანამ პოზიციას არ გაყიდით. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც საფონდო ბირჟაზე ციკლური ვარდნის გამო ზედმეტად არ უნდა იდარდოთ. თუ გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორი ხართ, წლების განმავლობაში გექნებათ უამრავი კარგი შესაძლებლობა, რომ პოზიციები მომგებიანად გაყიდოთ.
გამოცდილი ინვესტორი იტყოდა: „ჩემი საინვესტიციო პორტფელის ღირებულება დღეს $1000-ით გაიზარდა. ვფიქრობ, კარგი დღე იყო ბაზარზე, მაგრამ ეს ნამდვილად არ მოქმედებს ჩემზე, რადგან პოზიციების მალე გაყიდვას არ ვაპირებ.“
დასკვნა
ზოგიერთი მცდარი წარმოდგენა იმდენად გავრცელებულია, რომ თქვენი ყველაზე ჭკვიანი მეგობრები და ნაცნობებიც კი დროდადრო მოიხსენიებენ ერთ მათგანს. ამ ადამიანებმა, შეიძლება, ისიც კი გითხრან, რომ ცდებით, თუ მათი წარმოდგენის შესწორებას დააპირებთ. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, როდესაც საქმე ინვესტირებას ეხება, მნიშვნელოვანია არა ჭკვიანურად გამოიყურებოდეთ ან თქვენი ფრაზები საზრიანად ჟღერდეს, არამედ, რეალურად გონიერი ინვესტორი იყოთ. მოერიდეთ ამ ხუთი ფრაზით გამოხატული შეცდომების დაშვებას და მაღალი შემოსავლებისკენ მიმავალ გზას დაადგებით.