ცნობილი ფაქტია, რომ ლეგენდარული ინვესტორი — უორენ ბაფეტი დღეში ექვს საათს კითხვას უთმობს. ის ყოველდღე 600, 700 და თუნდაც 1,000 გვერდს კითხულობდა იმ დროს, როდესაც ინვესტორის კარიერა დაიწყო. ომაჰას ორაკული გვირჩევს, რომ ყოველდღე 500 გვერდი წავიკითხოთ. მისი თქმით, ცოდნა რთული პროცენტივით მუშაობს.
დღეს კი შემოგთავაზებთ 5 კლასიკურ წიგნს ინვესტირების შესახებ, რომელსაც Berkshire Hathaway-ს ხელმძღვანელი უწევს რეკომენდაციას.
- The Intelligent Investor
წიგნის მეოთხე გამოცემის წინასიტყვაობაში ბაფეტი წერს: „ამ წიგნის პირველი გამოცემა წავიკითხე 1950 წლის დასაწყისში, როდესაც ცხრამეტი წლის ვიყავი. მაშინ მეგონა, რომ ეს იყო საუკეთესო წიგნი ინვესტირების შესახებ, რაც კი ოდესმე დაწერილა. მე ახლაც ასე ვფიქრობ.” ის აღნიშნავს, რომ ჯანსაღი ინვესტირება საჭიროებს მხოლოდ სათანადო ინტელექტუალურ ჩარჩოს გადაწყვეტილების მიღებისთვის. იგი ამბობს, რომ ბენჟამინ გრეჰემის წიგნი — The intelligent Investor „ზუსტად და მკაფიოდ განსაზღვრავს შესაბამის ჩარჩოს“.
- One Thousand Ways To Make $1,000
ბაფეტი აღნიშნავს, One Thousand Ways To Make $1,000 არის ის დაფარული ძვირფასი ქვა, რომელიც მან სკოლის ბიბლიოთეკაში 7 წლის ასაკში აღმოაჩინა. ინვესტორის თქმით, სწორედ ამ წიგნმა შთააგონა მას კარიერის დაწყება. One Thousand Ways To Make $1,000 ფრენსის მინაკერის მიერ 1936 წელს დაიწერა და მასში მოცემულია ძვირფასი გაკვეთილები, რომლებიც დროს უძლებს.
- The Most Important Thing Illuminated: Uncommon Sence for the Thoughtful Investor
უორენ ბაფეტისთვის რისკი უცხო არ არის, მაგრამ მას მიაჩნია, რომ ამის უკან მეთოდოლოგია უნდა იდგეს. ამ მეთოდოლოგიის შემუშავების მიზნით, ბაფეტი რეკომენდაციას უწევს ჰოვარდ მარკსის წიგნს — The Most Important Thing. ჰოვარდი — Oaktree Capital Management-ის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე, ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი, ცნობილია ბაზრის შესაძლებლობებისა და რისკების გონივრული შეფასებით.
- Warren Buffett’s Ground Rules: Words of Wisdom From the Partnership Letters of the World’s Greatest Investor
მწერალმა და ფინანსურმა მრჩეველმა — ჯერემი მილერმა გამოიკვლია წერილები, რომლებიც 1956-1970 წლებში უორენ ბაფეტმა პარტნიორებს მისწერა და მათ საფუძველზე ინვესტირების ძირითადი წესები გამოყო. უორენ ბაფეტმა ჯერემის ნამუშევარი მოიწონა და თქვა „თუ საინვესტიციო თეორიითა და პრაქტიკით ხართ გატაცებული, ამ წიგნის წაკითხვით სიამოვნებას მიიღებთ“.
- Poor Charlie’s Almanack: The Wit and Wisdom of Charles T.Munger
ჩარლი მანგერი, ბაფეტის პარტნიორი და Berkshire Hathaway-ის ვიცე-თავმჯდომარე თავის სიბრძნეს მოხსენებების, მოთხრობების, გაკვეთილებისა და ჩანაწერების საშუალებით გვიზიარებს წიგნში — Poor Charlie’s Almanack. ეს გასაოცარი ნაშრომი, პიტერ კაუფმანის რედაქტირებით, არის ინფორმაციის ენციკლოპედია იმის შესახებ, თუ რა არის საჭირო წარმატებისა და დიდების მისაღწევად. ცნობილია, რომ უორენ ბაფეტი რეკომენდაციას უწევს ამ წიგნს აქციონერთა თითქმის ყოველ წლიურ შეხვედრაზე.