ბილ აკმანი ცნობილი ამერიკელი ინვესტორი, ჰეჯ-ფონდის მენეჯერი და ფილანთროპია. ბილი ჰეჯ-ფონდის მენჯმენტ კომპანიის — Pershing Square Capital Management-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. ამჟამად მისი ქონება $3.5 მილიარდს შეადგენს. დღეს კი მის მიერ რეკომენდებულ 5 წიგნს შემოგთავაზებთ.
- The Intelligent Investor
როგორც ბევრი დიდი ინვესტორის შემთხვევაში, ბილ აკმანის რეკომენდაციების სიაც ამ წიგნით იწყება. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო წიგნი, რაც კი ოდესმე დაწერილა. თუ გსურთ, კარგი ინვესტორი გახდეთ, ბენჟამინ გრეჰემის ამ წიგნის წაკითხვა აუცილებელია.
წიგნში მრავალ საინტერესო ციტატას აღმოაჩენთ, რომლებიც დაფიქრებისა და არსებული მოსაზრებების გადაფასებისკენ გიბიძგებთ. The Intelligent Investor მარტივი წასაკითხი არ არის, ადამიანები მას თვეების ან თუნდაც წლების განმავლობაში სწავლობენ. თუმცა როდესაც საბოლოოდ გაიაზრებთ მას, თქვენს წინაშე სრულიად ახალი სამყარო გადაიშლება.
- Once Up On Wall Street
ამ წიგნში პიტერ ლინჩი, Fidelity Magellan Fund-ის ყოფილი მენეჯერი, ადვილად წასაკითხი და იუმორისტული ტონით განმარტავს საკუთარ სტრატეგიებს ინვესტირების შესახებ და გვთავაზობს რჩევებს, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ ინვესტიციები წარმატებული საინვესტიციო პორტფელის შესაქმნელად.
წიგნში გაიგებთ, თუ როგორ უნდა ჩადოთ ინვესტიცია იმ ცოდნით, რომელიც უკვე გაგაჩნიათ. აუცილებელი არ არის, რომ ეს იყოს რთული პროცესი, საჭიროებდეს საათობით მუშაობას ან განსაკუთრებულ უნარებს. დააკვირდით პროდუქტებს, რომლებსაც უკვე იყენებთ, კომპანიებს, რომლებსაც უკვე იცნობთ. წიგნში დეტალურად არის ახსნილი, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს.
- The Essays of Warren Buffett: Lessons for Corporate America, Fifth Edition
ლეგენდარული ინვესტორის — უორენ ბაფეტის ესეები გასწავლით, თუ როგორ უნდა ჩადოთ ინვესტიცია სწორად. ის გეუბნებათ, რომ უნდა ორიენტირდეთ აქციების მიღმა არსებულ ბიზნესზე და არა თავად აქციებზე. და მუდამ გახსოვდეთ მისი ორი წესი: 1. არ დაკარგოთ ფული და 2. არ დაივიწყოთ წესი ნომერი პირველი.
წიგნში ასევე საუბარია მრავალ საინტერესო კონცეფციაზე, როგორიცაა გამძლე კონკურენტული უპირატესობა, ემოციები საფონდო ბირჟაზე, ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირებისა და დროის არსი. ამ ინფორმაციის ათვისება და პრაქტიკაში დანერგვა არა მხოლოდ ინვესტირებაში დაგეხმარებათ, არამედ სამყაროსაც სხვა მხრიდან დაგანახებთ.
- The Warren Buffett Way: 3rd Edition by Robert Hagstrom
ეს არის ადვილად წასაკითხი და კარგად ორგანიზებული წიგნი, რომლისგანაც ბევრი რამის სწავლა შეგიძლიათ. ის დაგეხმარებათ, დაინახოთ, თუ როგორ ამუშავებს ომაჰას ორაკული თავის ინვესტიციებს, გიჩვენებთ, როგორ დაეხმარნენ ლეგენდარულ ინვესტორს მენტორები, ასევე მისი აღზრდა და გამოცდილება საინვესტიციო სამყაროში წარმატების მიღწევაში.
- The Security Analysis By Benjamin Graham — 1951 Edition
ეს წიგნი, გრეჰემის The Intelligent Investor-თან ერთად, შესანიშნავია მათთვის, ვისაც ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირების შესწავლა სურს. მიუხედავად იმისა, რომ პირველი მათგანი უფრო ცნობილია იმ ინვესტორების წრეებში, რომლებიც ღირებულებაზე ორიენტირებული საინვესტიციო სტრატეგიების შესახებ ცოდნის გაღრმავებას ცდილობენ, The Security Analysis ასევე აუცილებლად წასაკითხი წიგნია.
ეს წიგნი ადვილად გასაგები ნამდვილად არ არის, მაგრამ როგორც კი ამ ინფორმაციას სიღრმისეულად შეითვისებთ, სხვა ინვესტორებთან შედარებით უპირატესობაში აღმოჩნდებით.