საფონდო ბირჟის მსგავსად, უძრავი ქონების ბაზარიც ციკლურია. არის როგორც კარგი, ასევე ცუდი პერიოდები. ინვესტირებისთვის იდეალურ პირობებს ბაზარი ძალიან იშვიათად გთავაზობთ. უძრავი ქონების ჭკვიანმა ინვესტორებმა იციან, რომ წარმატებული ინვესტიციის გასაღები (მიუხედავად ბაზრის მდგომარეობისა) ეს ოთხი რამ არის.
- შემოსავალში ინვესტირება
უძრავ ქონებაში ინვესტირებას ბევრი სარგებელი აქვს. იქნება ეს უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტისგან (REIT) მიღებული დივიდენდური ანაზღაურება, თუ საიჯარო შემოსავალი, პასიურ შემოსავალს გრძელვადიან პერსპექტივაში დიდი სიმდიდრის დაგროვების ძალა აქვს, რადგან, ხშირად, იჯარის განაკვეთები და დივიდენდები დროთა განმავლობაში იზრდება.
უძრავ ქონებაში ან REIT-ში ინვესტირება, რომლებსაც დღეს მყარი შემოსავლის პოტენციალი გააჩნია ზრდის შესაძლებლობებით, ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში თქვენი ანაზღაურება გაიზრდება.
სხვა უპირატესობები, როგორიც არის ზრდა, უნდა განიხილებოდეს, როგორც დამატებითი სარგებელი, შემოსავალი კი, როგორც ინვესტირების მთავარი მიზანი.
- შეიძინეთ ფასდაკლებით
რაიმეს საბაზრო ღირებულებით შეძენა ცუდი არ არის, მაგრამ ფასდაკლება ნამდვილად უკეთესია. ღირებულებაში ინვესტირება ზრდის თქვენ მიერ უმაღლესი ანაზღაურების მიღების შანსებს და ბაზრის არასტაბილურობის შემთხვევაში რისკს ამცირებს. ბაზრის მდგომარეობის მიუხედავად, ფასდაკლებით შესყიდვის შესაძლებლობები მაინც არსებობს.
საზრიანი ინვესტორები განსაკუთრებით კარგად იყენებენ bear market-ის შესაძლებლობებს. იმ დროს, როდესაც ბაზარი პანიკაშია, გეძლევათ შანსი, რომ ხარისხიანი აქციები მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შეიძინოთ. თუ ამ შესაძლებლობებს გამოიყენებთ, ბაზრის აღდგენის შემდეგ დიდ სარგებელს მიიღებთ. სწორედ ასე იქცევა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტორი – უორენ ბაფეტი. ამას გვეუბნება მისი ცნობილი სიტყვებიც: „იყავი ფრთხილად, როდესაც სხვები ხარბები არიან და იყავი ხარბი, როდესაც სხვებს ეშინიათ.“
- შეაფასეთ ყურადღებით
ინვესტირებისას მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი, როგორიც არის მიმდინარე ოპერაციები, ვალის ექსპოზიცია, მენეჯმენტი, მიწოდება და მოთხოვნა, აქტივის მდგომარეობა, პოტენციური შემოსავალი და ზრდის შესაძლებლობები. ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტირებამდე თითოეული ამ ფაქტორის გათვალისწინება, რათა დარწმუნდეთ, რომ კონკრეტული ინვესტიცია თქვენთვის ხელსაყრელი იქნება.
თუ ინვესტიცია მაღალი ზრდის პერიოდში დებთ, ადვილია ივარაუდოთ, რომ ყველაფერი კურსზე დარჩება. თუმცა, მოთხოვნა იცვლება და შეიძლება ღირებულება დაეცეს, მენეჯმენტმა ცუდი გადაწყვეტილებები მიიღოს და ა. შ. მოულოდნელი მოვლენები მუდამ ხდება და ჭკვიანმა ინვესტორებმა იციან, თუ როგორ უნდა მოემზადონ ამისთვის მაშინ, როდესაც ინვესტიციას წინასწარ აფასებენ.
- ინვესტიცია ხანგრძლივი ვადით შეინარჩუნეთ
ჭკვიანი ინვესტორები ინვესტირებისას გრძელვადიან მიდგომას იყენებენ, შესაბამისად, ისინი ინვესტიციის პოტენციურ ანაზღაურებას მაქსიმალურად ზრდიან. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ მათი ინვესტიციები მოკლევადიანი რყევებისა და არასტაბილურობის მიმართ ძალიან მგრძნობიარე არ არის, რადგან მათ აქვთ დრო, რომ პოზიციების გასაყიდად ხელსაყრელ შესაძლებლობას დაელოდონ.
ნუ დაელოდებით პირობების სრულყოფას, ეს იშვიათად ხდება. პირიქით, მიჰყევით ამ ოთხ მარტივ, მაგრამ ჭკვიანურ ნაბიჯს, რათა ბაზრის ნებისმიერ პირობებში ინვესტირებიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ.