უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-მა კარგი მიზეზების გამო დიდი ყურადღება მიიპყრო. მიუხედავად გრძელვადიანი წარმატებებისა, ბოლო წლების განმავლობაში Berkshire Hathaway S&P 500-სა და Nasdaq Composite-ში შესუსტებული წარმადობით ხასიათდებოდა, ტექნოლოგიური აქციების ნაკლებობის გამო, რომლებიც ბაზრის მოგების დიდ ნაწილზე იყო პასუხისმგებელი.
ჯერჯერობით, 2022 წელს, Berkshire-ის აქციების ფასი 16%-ით გაიზარდა, ხოლო S&P 500 წლის განმავლობაში შემცირდა, ძირითადად, მზარდი პოტენციალის აქციებთან შედარებით, ღირებულებითი აქციების წარმატების წყალობით. უფრო მეტიც, Berkshire-ის აქციების ფასმა ორშაბათს, 21 მარტს, ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია.
ამ სტატიაში გაეცნობით უორენ ბაფეტის 3 ფასდაუდებელ გაკვეთილს, რომელიც დღეს განსაკუთრებით აქტუალურია.
- ნუ გაჰყვებით მასებს
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამ, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ვისწავლეთ, არის ის, რომ ხალხის მასების გაყოლა ფულის დაკარგვის ფანტასტიკური გზაა.
მას შემდეგ, რაც 2020 წლის გაზაფხულზე კოვიდ-19-მა აქციების მასიური გაყიდვები გამოიწვია, „მიმი“ აქციებმა, წამგებიანმა მზარდი პოტენციალის და პანდემიასთან დაკავშირებულმა აქციებმა ცენტრალური მდგომარეობა დაიკავა. კომპანიებმა, როგორებიც არის Zoom Video Communications და Peloton Interactive, უზარმაზარი მოგება გამოიმუშავა, ხოლო ენერგეტიკის სექტორი, ფინანსური და უძრავი ქონების აქციები გაანადგურა. 2021 წელს, ზუსტად საპირისპირო იყო, რადგან ამ პანდემიის გამარჯვებულთაგან ბევრმა დაკარგა ფული, მაშინ, როდესაც ენერგეტიკის სექტორი S&P 500-ში ყველაზე წარმატებული სექტორი იყო.
2022 წლისკენ მიმავალ გზაზე, რამდენიმე ტოპ დიდი კაპიტალიზაციის მქონე მზარდი პოტენციალის აქციამ მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადა, ხოლო ღირებულებითი და სტაბილური დივიდენდების გადამხდელი აქციები ნამდვილ გამარჯვებულებად იქცა. გაკვეთილი აქ იმაში მდგომარეობს, რომ მოკლევადიან პერიოდში პოზიციების ხშირი ცვლა საბოლოოდ ინვესტორებს დააზარალებს.
- ჩადეთ ინვესტიცია იმაში, რაც გესმით
ბაფეტი არის მომხრე იმისა, რომ ინვესტიცია ჩადოთ იმაში, რაც იცით, რათა საფონდო ბირჟაზე უპირატესობა მოიპოვოთ. ეს საკმაოდ მარტივი ამოცანაა, მაგრამ პრაქტიკაში შესასრულებლად რთულია.
დრო იცვლება და ეკონომიკა უფრო ციფრული ხდება, ვიდრე ოდესმე. ინვესტორებს, რომლებსაც ტექნოლოგიაზე ორიენტირებული კომპანიების არსი კარგად არ ესმით, შეუძლიათ ბაფეტის კვალს მიჰყვნენ და ძირითადად დააიგნორონ სექტორი ან ინვესტიცია ჩადონ შედარებით ადვილად გასაგებ ბიზნესში, როგორიც არის, მაგალითად, Apple.
თუმცა კიდევ ერთი ვარიანტია გაეცნოთ ბიზნესს და ყურადღება მიაქციოთ კვარტალური მოგების ანგარიშებს. ეს მეტ შრომას მოითხოვს, მაგრამ ასევე მოგცემთ იმ ინსტრუმენტებს, რომლებიც გჭირდებათ იმისთვის, რომ თქვენი საინვესტიციო საქმიანობა ეფექტურად წარმართოთ. თუ კომპანია ბაზარზე კონკურენტულ უპირატესობას დაკარგავს, ამის შესახებ ინფორმირებული იქნებით და შეძლებთ ადვილად გამოხვიდეთ პოზიციიდან.
- სიხარბე და შიში
უორენ ბაფეტის ერთ-ერთი ცნობილი გამონათქვამი არის: „გქონდეს შიში, როდესაც სხვები ხარბები არიან და იყავი ხარბი, როდესაც სხვებს ეშინიათ.“
ბევრმა მზარდმა კომპანიამ განიცადა ასტრონომიულ დონემდე ზრდა, რაც ფუნდამენტურ საფუძვლებზე ან თუნდაც ყველაზე ოპტიმისტურ პროგნოზებზე არ იყო დაფუძნებული. როდესაც ეს მოხდება, ბაფეტის რჩევაა, რომ ფრთხილად იყოთ, რადგან ეს, შეიძლება, არაჯანსაღი საფონდო ბირჟის ნიშანი იყოს.
ბაფეტი ხშირად პოულობდა ღირებულებას იქ, სადაც სხვები არც კი ეძებდნენ. მრავალი თვალსაზრისით, ნავთობისა და ბუნებრივი აირის ინდუსტრია დატვირთული იყო მაღალი შემოსავლის მქონე დივიდენდური აქციებით და ღირებულებითი აქციებით, რომლებსაც ინვესტორები, განახლებადი ენერგიისა და უფრო ნათელი სახელების სასარგებლოდ უგულებელყოფდნენ. ნახშირბადის ნეიტრალიტეტი მომავალია, მაგრამ მსოფლიო კვლავ წიაღისეულ საწვავზე მუშაობს. ბაფეტის უნარმა, მიეღო კრიტიკა და ინვესტიცია ჩაედო „მახინჯ“ აქციებში, მას შესანიშნავი შესყიდვების განხორციელების საშუალება მისცა. მან 2020 წლის ივლისში შეიძინა Dominion Energy-ის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ზოგიერთი აქტივი, თანდათანობით დააგროვა Chevron-ის აქციები და ამ მიმართულებით სხვა ინვესტიციები განახორციელა.
რთულ დროს სიმშვიდე შეინარჩუნეთ
როდესაც თქვენ მიერ შეძენილი აქციების ფასები ისე იკლებს, რომ დასასრული არ ჩანს, ადვილია პანიკაში ჩავარდნა და ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც, შეიძლება, მოგვიანებით ინანოთ. ინვესტირების ემოციური მხარის დაკნინების ნაცვლად, უმჯობესია შეეგუოთ ამ საქმიანობასთან დაკავშირებულ ემოციებს და უბრალოდ საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებას ეცადოთ.
ერთ-ერთი ყველაზე დამამშვიდებელი ფაქტი, რომელზეც უნდა კონცენტრირდეთ, ეს არის აშშ-ის საფონდო ბირჟის გრძელვადიანი წარმადობა. ეს ჩანაწერი გვასწავლის, რომ ყოველი გაყიდვა გრძელვადიანი ყიდვის შესანიშნავი შესაძლებლობა იყო.