ინვესტირება მარადიული მარათონია. ამ გზას რომ დაადგებით, პირდაპირ სირბილს ვერ დაიწყებთ, ფორესტ გამპივით. საამისოდ მომზადება გჭირდებათ. პირველ რიგში, მიზანი უნდა დაისახოთ ნახევარ მარათონისთვის ემზადებით, თუ სრული მარათონისთვის?
შემდეგ, საკუთარი ფიზიკური ფორმა და ასეთი დისტანციისთვის მზაობა უნდა შეაფასოთ. შეძლებთ კი, ისე ირბინოთ რამდენიმე კილომეტრი, რომ მაგალითად, ფეხი არ იტკინოთ, ან გზის ბოლოს ელემენტარულად სუნთქვა შეგეძლოთ? ამიტომ, მარათონამდე აუცილებლად უნდა მოემზადოთ, შეადგინოთ კვების სწორი რაციონი, და პერმანენტულად ივარჯიშოთ.
ზუსტად ასევე უნდა მოემზადოთ ინვესტირებისათვის-არსებობს 3 რამ, რაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ და ისე გადახვიდეთ თქვენი ცხოვრების ახალ, ინვესტირების ეტაპზე.
ესენია:
- დაისახეთ მიზნები
- დაფარეთ ყველა ფინანსური ვალდებულება
- შექმენით სარეზერვო ფონდი
მოდით, განვიხილოთ თითოეული პუნქტი.
დაისახეთ მიზნები
თუ სირბილში ყველაზე რთული დაწყებაა, ყველაზე მარტივი, მარათონის შემდეგ, მიღწეული შედეგით ტკბობა უნდა იყოს. აბა, დაფიქრდით, რა მიზნები გაქვთ, როგორც ინვესტორს, რის გაკეთებას აპირებთ ფულით, რომელსაც ესა თუ ის ინვესტიცია მოგიტანთ?
სახლის ყიდვა გინდათ? ნავის ყოლაზე ოცნებობთ, საერთოდ, რას გეგმავთ მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში?
ეს სავარჯიშო სულ თავში რომ არ გიტრიალებდეთ, უბრალოდ ადექით და თქვენი მიზნები ჩამოწერეთ. ოღონდ ისინი სამ ნაწილად დაყავით: მოკლევადიან, საშუალო და გრძელვადიან მიზნებად.
შეგიძლიათ, კიდევ უფრო შორს წახვიდეთ და დაახლოებით მაინც გამოთვალოთ, რა შეიძლება ჯდებოდეს, თქვენი თითოეული მიზანი. მაგალითად, თუ მოკლევადიან გეგმებში გიწერიათ ახალი ტელეფონის ყიდვა, საშუალო ვადაზე გათვლილ მიზნებს შორის არის მანქანის შეძენა, გრძელ ვადაში კი შვილის განათლებაში საკმაოდ დიდი თანხის გადახდას აპირებთ, შეგიძლიათ ეს ყველაფერი, მიახლოებით მაინც დაიანგარიშოთ. სიაში სამივე ვადაზე გაწერილ მიზნებს რომ გადახედავთ, შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ რომელიმეს განხორციელება შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში იმ ეტაპზე. ასეთი მიზნები, უბრალოდ ამოიღეთ სიიდან, დარჩენილები კი პრიორიტეტების მიხედვით დაალაგეთ.
საბოლოოდ ყველაზე რეალური და მიღწევადი მიზნები დაგრჩებათ. აი, ამის შემდეგ, ზუსტად გეცოდინებათ, რაში გამოიყენებთ ინვესტიციიდან მიღებულ სარგებელს.
პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. გადავიდეთ მომდენო პუნქტზე – ინვესტირებამდე დაფარეთ ყველა ფინანსური ვალდებულება და გადაიხადეთ ვალები.
არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ორი რამ აღიზიანებთ: გრაფიკით სირბილი და გადასახადების გადახდა.
სანამ ინვესტირებას დაიწყებთ, აუცილებლად დაფარეთ ყველა ფინანსური ვალდებულება, მაგალითად, სამომხმარებლო, ან იპოთეკური სესხი. რადგან პოტენციურად შესაძლებელია, სიტუაცია ისე გამოვიდეს კონტროლიდან, რომ ბევრად რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ, ვიდრე ინვესტირების დაწყებამდე იყავით.
მოდით, კონკრეტული მაგალითებით ვისაუბროთ.
ვთქვათ, iPhone-ის ახალი მოდელის შეძენა გსურთ, რომელიც დაახლოებით, $450 ღირს. ეს თანხა სრულად არ გაქვთ და გადაწყვიტეთ, ტელეფონი განვადებით იყიდოთ. ამისთვის კი საბოლოო ჯამში, დაახლოებით, 10%-ით მეტის გადახდა მოგიწევთ.
კიდევ ერთი მაგალითი – შვებულებში გადაწყვიტეთ წასვლა, საზღვარგარეთ. ეს მოგზაურობა, დაახლოებით, $5 000 ჯდება. ვოიაჟის დასაფინანსებლად, საკრედიტო ბარათის გამოყენება გადაწყვიტეთ. საბოლოოდ, ამ თანხის შესავსებად, დამატებით, $1 749 უნდა გადაიხადოთ.
და წარმოიდგინეთ, ამ ფინანსური ვალდებულებებით, ახალ ფინანსურ „მარათონს“ იწყებთ. წინასწარ არავინ იცის, როგორ შეიცვლება სიტუაცია, ამიტომ, გირჩევთ, ჯერ ძველი ვალები დაფაროთ და შემდეგ გადადგათ პირველი ნაბიჯები, როგორც ინვესტორმა.
ინვესტირებამდე შესასრულებელი პუნქტებს შორის ბოლო და ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანისარეზერვო ფონდის შექმნაა.
გინახავთ ის „სნექები“, მარათონის მონაწილეები, სირბილის რომ დროს, ჭამენ ხოლმე? ეს მათი ენერგიის წყაროა.
საინვესტიციო მარათონში ჩაბმამდე, თქვენც ზუსტად ასე უნდა მოიმარაგოთ ენერგიის წყარო. ამ შემთხვევაში, საუბარია სარეზერვო ფონდზე. ეს თანხა მხოლოდ საქმისთვის უნდა გამოიყენოთ. მაგალითად, თუ ინვესტიცია საცხობში ჩადეთ და მოულოდნელად ღუმელი გადაგეწვათ, ან ფული ტაქსოპარკში დააბანდეთ და ერთ-ერთი ავტომობილი გაფუჭდა.
მოკლედ, ეს უნდა იყოს გადაუდებელი და მოულოდნელი ხარჯების ფონდი.
მარათონის დასაწყისი
ყველაფერი, რაზეც აქამდე ვისაუბრეთ, საერთო ჰქონდათ მარათონსა და ინვესტირებას. მათ შორის პირველი განსხვავება „სტარტის“ ხაზთან დადგომისთანავე ჩნდება – გარბენს ყველა მონაწილე ერთსა და იმავე წერტილიდან იწყებს, ერთი და იგივე დისტანციას ფარავს, თან, ყველა ერთ ბილიკზე თუ ტრასაზე დარბის, რასაც ვიტყვით ინვესტორებზე – აქ ზოგის გზა წინაღობებით იქნება სავსე, ზოგს მეტი სირთულის გადალახვა მოუწევს.
სპორტული თუ საინვესტიციო მარათონს ფირნიშიც ერთნაირი აქვს – ყველა მონაწილე განსხვავებულ დროში და განსხვავებულ მდგომარეობაში მივა ფირნიშის ხაზთან.
დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, თუ გსურთ, რომ თქვენი, როგორც ინვესტორის მოღვაწეობა წარმატებული იყოს, დაბრკოლებები ადვილად გადალახოთ და რაც მთავარია, ამ რბოლის ფირნიშის ხაზთან ძალიან დიდხანს არ მოგიწიოთ მისვლა, ანუ სირთულეების გამო უარი არ თქვათ ინვესტირებაზე, გაითვალისწინეთ ეს სამი პუნქტი – დაისახეთ მიზნები, დაფარეთ ძველი ფინანსური ვალდებულებები და შექმენით სარეზერვო ფონდი.
როცაა კი დარწმუნდებით, რომ სამივე პუნქტი გაიარეთ, მხოლოდ ამის შემდეგ დადექით საინვესტიციო მარათონის „სტარტის“ ხაზთან.