კომპანიის ფინანსური ანგარიშგება საშუალებას გაძლევთ მის ბიზნეს ოპერაციებსა და ფინანსურ შედეგებს გაეცნოთ. არსებობს ოთხი ძირითადი ფინანსური უწყება: შემოსავლის ანგარიშგება, ბუღალტრული ბალანსი, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება და აქციონერთა კაპიტალის ანგარიშგება. თითოეული მათგანი ბიზნესის შესახებ რაღაც განსხვავებულს გვეუბნება, მაგრამ ერთად გამოყენებისას ისინი კომპანიის ფინანსური სიჯანსაღის შესანიშნავ სურათს ქმნის. მოდით განვიხილოთ 3 ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რომლის მნიშვნელობაც უნდა გვესმოდეს.
- წმინდა შემოსავალი
წმინდა შემოსავალი (ან წმინდა მოგება) რომ გამოვითვალოთ კომპანიის გაყიდვებს (შემოსავალს) უნდა გამოვაკლოთ გაყიდული საქონლის წარმოების დანახარჯები (COGS – cost of goods sold), გადასახადები, საპროცენტო გადასახადები, ადმინისტრაციული ხარჯები, ამორტიზაცია და ნებისმიერი სხვა ხარჯი. რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ეს მაჩვენებელი დადებითი იყოს, რაც ნიშნავს, რომ კომპანიის შემოსავალი ხარჯებს აჭარბებს.
წმინდა შემოსავალს ზოგჯერ მოიხსენიებენ, როგორც კომპანიის ქვედა ხაზს, რადგან ის შემოსავლის განაცხადის ბოლოშია მოთავსებული. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის წმინდა შემოსავლის შესახებ ინფორმირებული იყოთ, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია სხვა მაჩვენებლების გამოთვლა, როგორიც არის მოგება ერთ აქციაზე (EPS – earnings per share). თუ კომპანიის წმინდა შემოსავალი $1 მილიონია და მას მთლიანობაში 100,000 აქცია აქვს გამოშვებული, მაშინ EPS $10 იქნება – $1 მილიონი/100,000.
- ფულადი ნაკადები
მიუხედავად იმისა, რომ ფულადი ნაკადები მოგებას ჰგავს, მათ შორის რამდენიმე ძირითადი განსხვავება არსებობს. ფულადი ნაკადები ზომავს, თუ რამდენი ფული შემოდის ბიზნესში – გასვლის საპირისპიროდ. თუ შემოსული ფული გასულს აჭარბებს, მაშინ ფულადი ნაკადები დადებითია, თუ გასული აჭარბებს, მაშინ – უარყოფითი. ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია, რომ ფულადი ნაკადების შესახებ ინფორმაცია ჰქონდეს, რადგან ეს სწორედ ის ფულია, რომელიც კომპანიას შეუძლია დივიდენდების გადასახდელად, აქციების გამოსასყიდად, დავალიანების დასაფარად, ბიზნესის განვითარებაში ინვესტიციის ჩასადებად და შესყიდვებისთვის გამოიყენოს.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დივიდენდების გადამხდელ კომპანიებში ინვესტირებით დაინტერესებული ინვესტორებისთვის. იდეალურ შემთხვევაში, უნდა მოძებნოთ ისეთი კომპანიები, რომლებიც წარმოქმნის უფრო მეტ ფულად ნაკადს, ვიდრე დივიდენდების სახით გასცემს. თუ დივიდენდების გადახდა ფულად ნაკადებს აჭარბებს, მაშინ ფრთხილად უნდა იყოთ. გარდა მოკლევადიანი პრობლემებისა ეს იმის ნიშანია, რომ, დიდი ალბათობით, კომპანია მომავალში დივიდენდების გადახდას შეწყვეტს.
- მთლიანი მოგების მარჟა
მთლიანი მოგების მარჟის გამოსათვლელად შეგიძლიათ კომპანიის გაყიდვებს გამოკლოთ COGS. რაც უფრო დიდია ეს მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, მით უკეთესია, რადგან ეს ნიშნავს რომ კომპანიას ამ ფულის გამოყენება სხვა ფინანსური ვალდებულებების დასაფარად შეუძლია. COGS-ის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იყოს შრომის ხარჯები და ნებისმიერი კონკრეტული მასალის ხარჯები, რომლებიც პროდუქციის წარმოებისთვის გამოიყენება.
თუ კომპანიას მოაქვს $500,000-ის ტოლი შემოსავალი პროდუქციის გაყიდვით, რომლის დამზადებაც $300,000 ჯდება, მაშინ მთლიანი მოგების მარჟა 40% იქნება. კომპანიის მარჟის განხილვისას, უმჯობესია ის იმავე ინდუსტრიის კომპანიას შევადაროთ, რადგან ეს მაჩვენებელი სექტორების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება.
მხოლოდ ის ფაქტი, რომ კომპანიას მაღალი მარჟა აქვს, მასში ინვესტირებას ხელსაყრელ შესაძლებლობად არ აქცევს. შესაძლოა, კომპანიას 80%-ის ტოლი მარჟა ჰქონდეს, მაგრამ თუ მისი გაყიდვები არასტაბილურია, უკეთესი არჩევანი იქნება 10%-იანი მარჟის მქონე კომპანია, რომელსაც გაყიდვების სტაბილური ნაკადი აქვს.