მას შემდეგ, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ფრაქციულმა აქციებმა პოპულარობა მოიპოვა, დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელის შექმნა ძალიან გამარტივდა. ზოგადად, ინვესტორებისთვის დივერსიფიცირების კარგი საწყისი წერტილი დაახლოებით 25 განსხვავებული აქციის შეძენაა.
თუმცა, დღევანდელ სტატიაში ამ დადგენილ ნორმას საკმაოდ გავცდებით და ვისაუბრებთ, თუ რატომ მოგცემთ 100 განსხვავებული ტოპ აქციის ფლობა ღამით მშვიდად ძილის საშუალებას.
FOMO: რაიმეს გამოტოვების შიში
ადამიანების უმეტესობას თავისი პორტფელის ზედმეტად გაზრდის ეშინია, რადგან თითოეული ინვესტიციის გაკონტროლება რთულდება. თუმცა, მეორეს მხრივ, არსებობს მომგებიანი საინვესტიციო შესაძლებლობის ხელიდან გაშვების შიში.
შესაძლოა, კონკრეტულ ბიზნესის ფინანსური მაჩვენებლები ან მთლიან ინდუსტრიაში მიმდინარე ტენდენცია გხიბლავდეთ. ასევე, შეიძლება, აღმასრულებელი დირექტორის ნოვატორული იდეები თქვენს აღფრთოვანებას იწვევდეს და მის წარმატებაზე ფსონის დადების სურვილი გაგიჩნდეთ.
თქვენს მფლობელობაში არსებული აქციის ფასის ნულამდე შემცირებაზე მეტად, შესაძლოა, იმან დაგწყვიტოთ გული, რომ ისეთ კომპანიაში, რომლის წარმატებისაც გჯეროდათ, ინვესტიცია არ ჩადეთ და ამით ხელიდან უდიდესი შესაძლებლობა გაუშვით.
წარმატებულ კომპანიებში პოზიციების გაზრდა
ფრაქციული აქციების ფენომენი საშუალებას გაძლევთ კომპანიაში პოზიციები მცირე თანხებითაც შეიძინოთ (თუნდაც $5-ით). შემდეგ, როდესაც თქვენ მიერ შერჩეული კომპანიების აქციების ფასები გაიზრდება, შეგიძლიათ ჩადებული ინვესტიციაც კიდევ უფრო გაზარდოთ, უკეთ გაეცნოთ კომპანიის საქმიანობასა და თქვენს გადაწყვეტილებას მეტი საფუძველი შესძინოთ. აქციების ფასის ზრდასთან ერთად, შეგიძლიათ პოზიციები იქამდე გაზარდოთ, სანამ ინვესტიცია კონკრეტულად თქვენთვის ზედმეტად დიდი არ გახდება.
დამარცხებულებს გაქრობის უფლება მიეცით
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ შერჩეული კომპანიის აქციის ფასი მცირდება, ამასთან ერთად მისი საფუძვლები თქვენთვის მომხიბვლელი აღარ არის და კომპანიის მიმართ რწმენა დაკარგეთ, უმჯობესია ასეთი ინვესტიციები დათმოთ. 100 ან მეტი განსხვავებული აქციის ფლობა თქვენს საინვესტიციო პორტფელს საკმარისად დივერსიფიცირებულს ხდის იმისთვის, რომ მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების საშუალება მოგეცეთ.
თუმცა, გახსოვდეთ, რომ ეს სტრატეგია ყველასთვის არ არის და სწორედ ეს ხდის ინვესტირების სფეროს უნიკალურს. შესაძლოა, ის რაც ერთი ინვესტორისთვის მუშაობს, სხვისთვის სრულიად გამოუსადეგარი იყოს. ამიტომ აუცილებელია, რომ თქვენი საინვესტიციო პორტფელი, კონკრეტულად თქვენ შეგესაბამებოდეთ.