სერ ჯონ ტემპლტონი განიხილებოდა, როგორც “contrarian” ინვესტორი (ინვესტორი, რომელიც ინვესტიციებს საბაზრო ტენდენციების საწინააღმდეგოდ ახორციელებს) და იყო ურთიერთდახმარების ფონდის მენეჯერი, რომელმაც 1954 წელს Templeton Growth Fund დააარსა. ტემპლტონი, მგზნებარე მოგზაური, ცნობილია თავისი გლობალური ინვესტიციებით.
ჯონ ტემპლტონის ფონდი, რომელიც 1987 წელს დაარსდა, მხარს უჭერს ადამიანების კეთილდღეობის წინსვლის მცდელობებს სამეცნიერო კვლევებისა და სტიპენდიების გზით. სერ ჯონ ტემპლტონი 2008 წლის 8 ივლისს გარდაიცვალა.
ადრეული ცხოვრება და განათლება
ჯონ მარკს ტემპლტონი 1912 წლის 29 ნოემბერს, ვინჩესტერში, ტენესის შტატში დაიბადა. მან იელის უნივერსიტეტი 1934 წელს დაამთავრა და მოიპოვა როდსის სტიპენდია ოქსფორდის უნივერსიტეტის Balliol College-ში, სადაც 1936 წელს სამართალმცოდნეობის ხარისხი მიიღო.
ტემპლტონმა უოლ სტრიტზე თავისი კარიერა 1938 წელს დაიწყო. იგი 19 წიგნის ავტორია, მათ შორის არის The Templeton Plan: 21 Steps to Success and Real Happiness და Discovering the Laws of Life.
Templeton Growth Fund
როგორც contrarian ინვესტორი, სერ ჯონ ტემპლტონი ახერხებდა ღირებულებითი აქციების გამოვლენას ბაზრის საერთო ტენდენციების მიუხედავად. იგი მიზანმიმართულად ეძებდა აქციებს, რომლებიც მიტოვებული ან შეუმჩნეველი იყო სხვა ინვესტორების მიერ. ტემპლტონი განიხილავდა პრობლემურ ბიზნესს, როგორც ზრდის შესაძლებლობას. ის ასევე ეძებდა პოპულარულ, ზედმეტად დაფასებულ აქტივებს და იკავებდა ისეთ საინვესტიციო პოზიციებს, რომლებიც მათი საბოლოოდ დაცემით სარგებლობის საშუალებას მისცემდა.
მგზნებარე ახალგაზრდა მოგზაური, რომელიც 35 ქვეყანას ეწვია, მიიჩნევდა, რომ საზღვარგარეთის ბაზრები წარმოქმნიდა ისეთივე შესაძლებლობას, როგორსაც აშშ-ს ბაზრები. ტემპლტონი უპირატესობას ანიჭებდა ქვეყნებს, რომლებსაც ნაკლები მარეგულირებელი დაბრკოლებები გააჩნდა და ინფლაციის დაბალი დონით ხასიათდებოდა. საინვესტიციო პორტფელის ამერიკის ფარგლებს გარეთ დივერსიფიკაციით მან მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღო.
1940 წელს ტემპლტონმა იყიდა მცირე საინვესტიციო ფირმა, რომელიც მისი იმპერიის ადრეული საფუძველი გახდა. 1954 წელს მან დააარსა Templeton Growth Fund, რომლის საშუალო წლიური ანაზღაურება, 38 წლის განმავლობაში, 15%-ს შეადგენდა. როგორც 1960-იან წლებში განვითარებად ბაზრებში ინვესტირების პიონერი, ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც იაპონიის ბაზარზე ინვესტიცია ჩადო. ჟურნალმა Money-მ ის გლობალური აქციების საუკუნის ყველაზე დიდ შემრჩევად დაასახელა. ტემპლტონმა 1959 წელს თავისი კომპანია საჯარო გახადა, მართავდა $66 მილიონის ღირებულების აქტივებს და დაამატა ხუთი დამატებითი ფონდი ისეთ სექტორებში, როგორიცაა ბირთვული ენერგია, ქიმიკატები და ელექტრონიკა. 1992 წელს სერ ჯონ ტემპლტონმა თავისი კომპანია Franklin Resources-ს $913 მილიონად მიჰყიდა.
ჯონ ტემპლტონის ფონდი
ჯონ ტემპლტონის ფონდი, რომელიც 1987 წელს დაარსდა, პატივს მიაგებს ტემპლტონის ღრმა პატივისცემას სწავლისადმი, რწმენას სულიერი ცხოვრების ცენტრალური მნიშვნელობისა და მოგებაზე უფრო მაღალი მიზნის არსებობისა. ფონდი აფინანსებს პროექტებს საკითხებზე დაწყებული შავი ხვრელებით და ევოლუციით, დამთავრებული შემოქმედობითობით, პატიებითა და თავისუფალი ნებით.
ტემპლტონის ყოველწლიური პრიზი აჯილდოებს იმ ადამიანებს, რომელთა სამაგალითო მიღწევები ავითარებს სერ ჯონ ტემპლტონის ფილანთროპულ ხედვას. კანდიდატებს შორის არიან „ოფინიონ ლიდერები“, რომლებმაც თავიანთი „ტრიბუნა“ მეტი ცნობისმოყვარეობის გასამხნევებლად გამოიყენეს, რელიგიური ლიდერები, რომლებმაც შექმნეს ახალი ნორმები, სტანდარტები და მოლოდინები თავიანთ რელიგიურ საზოგადოებებში, ან მეცნიერები, რომელთა ორიგინალურმა სამეცნიერო კვლევებმა ფილოსოფიურ და თეოლოგიურ საკითხებს ახალი შუქი მოჰფინა.
ფონდზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს სერ ჯონ ტემპლტონის რწმენა, რომელსაც მისი ეს სიტყვები შესანიშნავად გამოხატავს: „სულიერი სიმდიდრე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე — მატერიალური“.
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.