ბენჟამინ გრეჰემი იყო გავლენიანი ინვესტორი, რომლის მიერ ფასიანი ქაღალდების კვლევამ საფუძველი ჩაუყარა სიღრმისეულ ფუნდამენტურ შეფასებას, რომელიც დღეს, აქციების ანალიზისას, ბაზრის მონაწილეების მიერ გამოიყენება. მისმა ცნობილმა წიგნმა The Intelligent Investor მოიპოვა აღიარება, როგორც ფუნდამენტურმა ნაშრომმა ღირებულებაზე ორიენტირებულ ინვესტირებაში.
ადრეული ცხოვრება და განათლება
ბენჟამინ გრეჰემი 1894 წელს ლონდონში, დიდ ბრიტანეთში დაიბადა. როდესაც იგი ჯერ კიდევ პატარა იყო, მისი ოჯახი გადავიდა ამერიკაში, სადაც მათ, 1907 წლის საბანკო პანიკის (ხანმოკლე საბანკო და ფინანსური კრიზისი აშშ-ში) დროს, მთელი დანაზოგი დაკარგეს. გრეჰემი კოლუმბიის უნივერსიტეტში სტიპენდიით ჩაირიცხა და, სწავლის დასრულების შემდეგ, დათანხმდა სამუშაო შეთავაზებას უოლ სტრიტზე.
25 წლის ასაკში იგი უკვე ყოველწლიურად დაახლოებით $500,000-ს გამოიმუშავებდა. 1929 წლის საფონდო ბირჟის კრახმა გრეჰემს თითქმის მთელი ინვესტიცია დააკარგვინა და საინვესტიციო სამყაროს შესახებ ღირებული გაკვეთილები ასწავლა. ბაზრის კრახის შემდეგ დაკვირვებებმა ინვესტორი შთააგონა, დევიდ დოდთან ერთად კვლევითი წიგნი — Security Analysis დაეწერა. წიგნის კვლევით შინაარსში წვლილი ასევე შეიტანა ერთ-ერთმა უდიდესმა ამერიკელმა ინვესტორმა — ირვინგ კანმა.
აღსანიშნავი მიღწევები
ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირება
ბენჟამინ გრეჰემი აქციების ანალიზისა და განსაკუთრებით ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირების ფუძემდებლად ითვლება. გრეჰემისა და დოდის აზრით, ეს სტრატეგია გულისხმობს ჩვეულებრივი აქციის შინაგანი ღირებულების დადგენას მისი საბაზრო ფასისგან დამოუკიდებლად. კომპანიის ისეთი ფაქტორების გამოყენებით, როგორებიცაა მისი აქტივები, მოგება და დივიდენდების გაცემა, შესაძლებელია აქციების შინაგანი ღირებულების პოვნა და ამ მაჩვენებლის მის საბაზრო ფასთან შედარება. თუ შინაგანი ღირებულება მიმდინარე ფასს აღემატება, ინვესტორმა უნდა იყიდოს და შეინარჩუნოს აქცია მანამ, სანამ ის ბაზარზე თავის რეალურ ღირებულებას არ წარმოაჩენს. ფასების კონვერგენციის ეს ეფექტი მოსალოდნელია მხოლოდ ეფექტიან ბაზარზე.
გრეჰემი ეფექტიანი ბაზრების კონცეფციის მომხრე იყო. თუ ბაზარი ეფექტიანი არ არის, მაშინ ღირებულებაზე ორიენტირებულ ინვესტირებას აზრი ეკარგება, რადგან ამ მიდგომის ფუნდამენტური პრინციპი მდგომარეობს ბაზრის უნარში, საბოლოოდ აქციის ფასი მისი შინაგანი ღირებულების შესაბამისად დააკორექტიროს.
ბენჟამინ გრეჰემის აზრით, ინვესტორების ირაციონალურობის და სხვა ფაქტორების, მაგალითად, მომავლის პროგნოზირების შეუძლებლობისა და საფონდო ბირჟის რყევების გამო, ბაზარზე დაუფასებელი აქციების შეძენა ინვესტორს მოგების მიღების საშუალებას მისცემს. გრეჰემი, როგორც წესი, ყიდულობდა აქციებს, რომელთა საბაზრო ფასიც მათი შინაგანი ღირებულების ორ მესამედს შეადგენდა.
ბენჟამინ გრეჰემის თავდაპირველი ფორმულა, აქციის შინაგანი ღირებულების დასადგენად, ასე გამოიყურებოდა:
V = EPS × (8.5 + 2g)
სადაც:
V = შინაგანი ღირებულება
EPS = კომპანიის მოგება თითო აქციაზე ბოლო 12 თვის განმავლობაში
8.5 = ნულოვანი ზრდის მქონე აქციის P/E კოეფიციენტი
g = კომპანიის გრძელვადიანი ზრდის ტემპი
1974 წელს ეს ფორმულა გადაიხედა და მას დაემატა „4.4%“, რაც 1962 წელს კორპორატიული ობლიგაციების საშუალო შემოსავალს შეადგენდა და ასევე “Y”, რომელიც მიმდინარე წლისთვის კორპორატიული ობლიგაციების შემოსავალს აღნიშნავდა:
გამოქვეყნებული ნამუშევრები
Security Analysis პირველად გამოქვეყნდა 1934 წელს, დიდი დეპრესიის დასაწყისში, მაშინ, როდესაც გრეჰემი კოლუმბიის ბიზნეს სკოლის ლექტორი იყო. წიგნმა ჩამოაყალიბა ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირების ფუნდამენტური საფუძველი, რომელიც დროთა განმავლობაში ზრდის პოტენციალის მქონე დაუფასებელი აქციების შეძენას გულისხმობს. იმ დროს, როდესაც საფონდო ბირჟა ცნობილი იყო, როგორც სპეკულაციური მექანიზმი, შინაგანი ღირებულების ცნებამ, რომელიც Security Analysis-ის საშუალებით დაინერგა, გზა გაუხსნა აქციების ფუნდამენტურ ანალიზს სპეკულაციის გარეშე.
1949 წელს გრეჰემმა დაწერა ცნობილი წიგნი — The Intelligent Investor: The Definitive Book on Value Investing. ეს წიგნი ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირების ბიბლიად არის მიჩნეული. გრეჰემმა ამ ნაშრომში, საბაზრო ფასების მექანიზმის აღსაწერად, შექმნა პერსონაჟი, რომელსაც Mr. Market უწოდა.
Mr. Market არის ინვესტორის წარმოსახვითი ბიზნეს პარტნიორი, რომელიც ყოველდღიურად ცდილობს, აქციები ინვესტორს მიყიდოს ან, პირიქით — მისგან იყიდოს. Mr. Market ხშირად ირაციონალურია და ინვესტორს სხვადასხვა ფასებით სტუმრობს, იმის მიხედვით, თუ რამდენად ოპტიმისტური ან პესიმისტურია მისი განწყობა. რა თქმა უნდა, ინვესტორი არ არის ვალდებული, ყიდვის ან გაყიდვის რაიმე შეთავაზება მიიღოს.
გრეჰემი აღნიშნავს, რომ ბაზრის ყოველდღიურ სენტიმენტებზე დაყრდნობის ნაცვლად (რომლებიც ინვესტორების სიხარბისა და შიშის ემოციებით არის გამოწვეული) ინვესტორმა აქციების შინაგანი ღირებულების დასადგენად საკუთარი ანალიზი უნდა ჩაატაროს.
გრეჰემის აზრით, საზრიანი ინვესტორი არის ის, ვინც ყიდის ოპტიმისტებზე და ყიდულობს პესიმისტებისგან.
The Intelligent Investor-ის მეოთხე გამოცემის წინასიტყვაობაში უორენ ბაფეტი წერს: „ამ წიგნის პირველი გამოცემა წავიკითხე 1950 წლის დასაწყისში, როდესაც ცხრამეტი წლის ვიყავი. მაშინ მეგონა, რომ ეს იყო საუკეთესო წიგნი ინვესტირების შესახებ, რაც კი ოდესმე დაწერილა. მე ახლაც ასე ვფიქრობ.” ის აღნიშნავს, რომ ჯანსაღი ინვესტირება საჭიროებს მხოლოდ სათანადო ინტელექტუალურ ჩარჩოს გადაწყვეტილების მიღებისთვის. მისი თქმით, ბენჟამინ გრეჰემის წიგნი — The intelligent Investor „ზუსტად და მკაფიოდ განსაზღვრავს შესაბამის ჩარჩოს“.
მემკვიდრეობა
უორენ ბაფეტი სწორედ ბენჟამინ გრეჰემის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოწაფეა, რომელიც კოლუმბიის უნივერსიტეტში მისი სტუდენტი იყო. სწავლის დასრულების შემდეგ ბაფეტი გრეჰემის კომპანიაში — Graham-Newman Corporation-ში მუშაობდა, სანამ ბენჟამინი პენსიაზე გავიდოდა. უორენ ბაფეტი გრეჰემის მენტორობითა და ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირების პრინციპების საშუალებით ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინვესტორი და უმდიდრესი ადამიანი გახდა. გრეჰემის მოწაფეები სხვა ცნობილი ინვესტორებიც იყვნენ: ირვინგ კანი, კრისტოფერ ბრაუნი და უოლტერ შლოსი.
მართალია, ბენჟამინ გრეჰემი 1976 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მისი ნამუშევრები უკვდავია და XXI საუკუნეში ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტორებისა და ფინანსური ანალიტიკოსების მიერ ჯერ კიდევ ფართოდ გამოიყენება.