სტივენ ა. კოენი, ამერიკელი ინვესტორი და ჰეჯ-ფონდის მენეჯერი, Point72 Asset Management-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია, საოჯახო ოფისის, რომელიც სტემფორდში, კონექტიკუტის შტატში მდებარეობს. დღესდღეობით იგი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში 100-ე ადგილს იკავებს $17.5 მილიარდის ღირებულების ქონებით.
სტივენი ასევე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჰეჯ-ფონდის — SAC Capital Advisors-ის დამფუძნებელია. 2010 წელს კომპანია გახდა საგანი ინსაიდერული სავაჭრო გამოძიებისა, რომელიც ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) წამოიწყო.
მიუხედავად იმისა, რომ სტივენისთვის ბრალი არასოდეს წაუყენებიათ, ფირმა იძულებული გახდა, ინვესტორებისთვის კაპიტალი დაებრუნებინა და $1.8 მილიარდის ოდენობით ჯარიმა გადაეხადა. SAC ოფიციალურად დაიხურა 2016 წელს, როდესაც კოენის მიერ სხვა ინვესტორების ფულის მართვის ორწლიანი აკრძალვა შევიდა ძალაში.
ადრეული ცხოვრება და განათლება
სტივ კოენი 1956 წელს საშუალო ფენის ოჯახში გრეით ნეკში, ნიუ-იორკი დაიბადა. მამამისი ტანსაცმლის მწარმოებელი იყო, დედა კი — დიასახლისი. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, კოენმა დატოვა ნიუ-იორკი და პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის ბიზნესის სკოლაში ჩააბარა, რომელიც 1978 წელს ეკონომიკის განხრით დაამთავრა.
კოლეჯში სწავლის დასრულების შემდეგ, მან Gruntal & Co-ში ოფციონების უმცროს ტრეიდერად დაიწყო მუშაობა. 1984 წლისთვის ის კომპანიაში ტრეიდერთა ჯგუფს მართავდა. 1992 წელს სტივენმა თავისი ჰეჯ-ფონდი — SAC Capital Advisors დააარსა.
სტივის $25 მილიონით დაარსებული ფირმა თავდაპირველად იყენებდა აგრესიულ, დიდი მოცულობებით ვაჭრობის მიდგომას. SAC პოზიციებს 2-30 დღის განმავლობაში, ან ზოგიერთ შემთხვევაში მხოლოდ რამდენიმე საათით ინარჩუნებდა. 1999 წელს სტივენმა შემოიტანა წინადადება, რომ SAC-ს ყოველდღიურად რეგულარულად 20 მილიონი აქციით ევაჭრა. 2006 წლისთვის ფირმის სავაჭრო ოპერაციები საფონდო ბირჟის სავაჭრო აქტივობის 2%-ს შეადგენდა.
1992—2013 წლებში, SAC-ის მიერ თავისი ინვესტორებისთვის გამომუშავებული საშუალო წლიური შემოსავალი 25%-ს შეადგენდა.
აღსანიშნავი მიღწევები
SAC-ის წარმატება მაღალი რისკისა და მაღალი პოტენციური ანაზღაურების მქონე სავაჭრო ოპერაციების განხორციელებასთან იყო დაკავშირებული. 90-იანი წლების ბოლოს dot-com-ის ბუშტის1 დროს კომპანიის საინვესტიციო პორტფელმა 70%-იანი ანაზღაურება მიიღო და SAC-მა დამატებით 70% გამოიმუშავა მაშინ, როდესაც 2000 წელს, ტექნოლოგიური ბუშტის „გახეთქვის“ დროს კომპანიამ იმავე აქციებზე მოკლე პოზიციები2 დაიკავა. 2007 წელს SAC-მა Equinix -ის $76 მილიონის ღირებულების აქციების შეიძინა. ერთი თვის შემდეგ კი კომპანიამ ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა და მისი აქციების ღირებულება 32%-ით გაიზარდა.
2012 წლის დასაწყისში სტივენმა Ardea Biosciences-ის $26.7 მილიარდის ღირებულების აქციები შეიძინა. სამი კვირის შემდეგ AstraZeneca-მ კომპანიის შესყიდვა გადაწყვიტა და ინვესტორის პოზიცია Ardea-ში თითქმის $40 მილიარდამდე გაიზარდა.
SAC-მა Whole Foods-ში 2009 და 2010 წლებში, შესაბამისად, $49 და $78 მილიონის მოცულობის გრძელი პოზიციები3 დაიკავა. ორივე შემთხვევაში სუპერმარკეტების ქსელში განხორციელებული ხელსაყრელი საოპერაციო ცვლილებების შედეგად აქციების ფასი გაიზარდა.
ამის საპირისპიროდ, ფირმის ფუნქციონირების ორი ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანი ზარალის შემთხვევებიც დაფიქსირდა. 2000-იან წლებში SAC-ის რამდენიმე მილიონი დოლარის მოცულობის გრძელი პოზიციები ფარმაცევტულ კომპანიებში, მათ შორის ImClone Systems-სა და Human Genome Sciences-ში, საბოლოოდ წარუმატებელი აღმოჩნდა.
SAC Capital-ის ვარდნა
2008 წელს SAC-მა დააგროვა $700 მილიონის მოცულობის პოზიციები ფარმაცევტულ საწარმოებში Elan და Wyeth, რომლებიც ერთობლივად ამუშავებდნენ ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალო პრეპარატს. როდესაც კომპანიებმა კლინიკური კვლევების მეორე ეტაპის არასახარბიელო შედეგი გამოაცხადეს, ორივეს მათგანის აქციების ფასები დაეცა. თუმცა SAC Capital-ს ზარალი არ განუცდია. ამ მოვლენამდე ერთი კვირით ადრე სტივენმა არა მხოლოდ გაყიდა პოზიციები Elan-სა და Wyeth-ში, არამედ მან ამ აქციებზე მოკლე პოზიციები დაიკავა. კომპანიების წინააღმდეგ ფსონების დადებამ მას $276 მილიონის ოდენობით მოგება მოუტანა.
2012 წლის ნოემბერში, SEC-მა ბრალი წაუყენა მეთიუ მარტომას, SAC Capital-ის ყოფილ პორტფელის მენეჯერს, ინსაიდერული ვაჭრობისთვის. SEC-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მეთიუმ Elan-ისა და Wyeth-ის კლინიკური კვლევების შესახებ ინფორმაცია იქამდე მიიღო, სანამ ეს დეტალები საზოგადოებისთვის გახდებოდა ცნობილი. მან კი ეს ინფორმაცია სტივენისთვის შესაბამისი რჩევის მისაცემად გამოიყენა. შეერთებული შტატების პროკურორმა — პრიტ ბჰარარამ, რომელმაც მეთიუს ბრალი ფედერალურ სასამართლოში წაუყენა ინციდენტს ყველა დროის ყველაზე სარფიანი ინსაიდერული ვაჭრობის სქემა უწოდა.
მეთიუ მარტომა გაასამართლეს, $9 მილიონის მოცულობის ჯარიმა და თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა სტივენ კოენისთვის ბრალი არასოდეს წაუყენებიათ. მის წინააღმდეგ SEC-ის მიერ წამოყენებული სამოქალაქო სარჩელი, რომელიც მაღალი თანამდებობის მქონე თანამშრომლის არასათანადოდ ზედამხედველობას გულისხმობდა, 2013 წელს შეწყდა.
საერთო ჯამში, დამნაშავედ ცნეს SAC-ის რვა თანამშრომელი ინსაიდერულ ვაჭრობაში 1999-2010 წლებში. მათ შორის იყო პორტფელის მენეჯერი — მაიკლ სტეინბერგი, რომელსაც ასევე პატიმრობა მიესაჯა. თუმცა, მოგვიანებით სააპელაციო სასამართლომ მას ბრალდებები მოუხსნა.
SAC Capital-საც ბრალი წაუყენეს და შემდგომში დამნაშავედ ცნეს ინსაიდერულ ვაჭრობაში. $900 მილიონის მოცულობის სისხლის სამართლის ჯარიმისა და $1.8 მილიარდის ოდენობით ფინანსური ჯარიმის გარდა, სტივენ კოენს 2 წლით სხვა ინვესტორების აქტივების მართვა აეკრძალა. 2014 წელს მან თავისი საინვესტიციო ოპერაციები Capital-დან Point72 Asset Management-ში გადაიტანა. 2018 წლის იანვარში ამ უკანასკნელს გარე კაპიტალის მოზიდვისა და მართვისთვის მარეგულირებლისგან ნებართვა მიენიჭა.
[1] ეკონომიკური ციკლი, რომელიც ხასიათდება საბაზრო ღირებულების სწრაფი ზრდით, განსაკუთრებით აქტივების ფასებში. ამას მოჰყვება ღირებულების სწრაფი კლება, რომელსაც ხანდახან „კრახს“ ან „ბუშტის გახეთქვას“ უწოდებენ.
[2] საინვესტიციო აქტივობა, რომლის დროსაც ინვესტორი სესხულობს და ყიდის ფასიან ქაღალდებს იმ იმედით, რომ შემდგომში მათ უფრო იაფად შეიძენს.
[3] აქციების ან დერივატივების ყიდვა მათი ფასების გაზრდის მოლოდინით