პორტფელის მენეჯერი არის პირი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებელია ურთიერთდახმარების, გაცვლითი სავაჭრო (ETF) ან დახურული ფონდის აქტივების ინვესტირებაზე, მისი საინვესტიციო სტრატეგიის განხორციელებაზე და პორტფელის ყოველდღიური ოპერაციების მართვაზე. პორტფელის მენეჯერი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ფონდებში ინვესტირების განხილვისას გასათვალისწინებელია. პორტფელის მენეჯმენტი შეიძლება იყოს აქტიური ან პასიური. ისტორიული მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ აქტიური ფონდების მენეჯერების მხოლოდ მცირე ნაწილმა შეძლო, მუდმივად ფართო ბაზარზე უკეთესი წარმადობა დაეფიქსირებინა.
პორტფელის მენეჯერის როლის გააზრება
პორტფელის მენეჯერს დიდი გავლენა აქვს ფონდზე და არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის არის ეს უკანასკნელი — ღია ან დახურული ურთიერღდახმარების ფონდი, ჰეჯ-ფონდი, ვენჩურული კაპიტალის ფონდი თუ ETF. პორტფელის მენეჯერი პირდაპირ ზემოქმედებს ფონდის მთლიან ანაზღაურებაზე. ამრიგად, პორტფელის მენეჯერები, როგორც წესი, არიან წარმატებული ინვესტორები, ბროკერები ან ტრეიდერები, რომლებსაც ფინანსური მენეჯმენტის დიდი გამოცდილება აქვთ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, პორტფელის მენეჯერი შეიძლება იყოს აქტიური ან პასიური. ამ უკანასკნელი მიდგომის არჩევის შემთხვევაში, ფონდის საინვესტიციო სტრატეგია კონკრეტული საბაზრო ინდექსის წარმადობას იმეორებს. ინდექსის საორიენტაციოდ გამოყენება ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში ინვესტორი სწორედ მის მსგავს ანაზღაურებას უნდა მოელოდეს.
ამის საპირისპიროდ, მენეჯერს შეუძლია, ინვესტიციების მიმართ აქტიური მიდგომა გამოიყენოს, რაც ნიშნავს, რომ იგი ცდილობს, მუდმივად აჯობოს ბაზრის საშუალო ანაზღაურებას. ამ სცენარში ძალიან მნიშვნელოვანია თავად პორტფელის მენეჯერი, რადგან მისი საინვესტიციო სტილი პირდაპირ განსაზღვრავს ფონდის შემოსავლიანობას.
კარგი პორტფელის მენეჯერის მახასიათებლები
საინვესტიციო მიდგომის მიუხედავად, ყველა პორტფელის მენეჯერს უნდა გააჩნდეს კონკრეტული სპეციფიკური თვისებები, რათა წარმატებული იყოს. პირველი არის იდეის ჩამოყალიბებისა და აღქმის უნარი. თუ პორტფელის მენეჯერს არჩეული აქვს აქტიური სტილი, მაშინ ორიგინალური საინვესტიციო ხედვის უნარი უმთავრესი ფაქტორია. თუ მენეჯერი იყენებს პასიურ მიდგომას, ხედვა წარმოჩენილია იმ ბაზრის ინდექსის სახით, რომლის წარმადობის გამეორებაც მან გადაწყვიტა.
გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ის გზა, რომლითაც პორტფელის მენეჯერი ატარებს კვლევას. აქტიური მენეჯერები ადგენენ ათასობით კომპანიის სიას და მას რამდენიმე ასეულამდე ამცირებენ. შემდეგ შემოკლებული სია გადაეცემა ფონდის ანალიტიკოსებს პოტენციური ინვესტიციების ბიზნეს საფუძვლების გასაანალიზებლად, რის შემდეგაც პორტფელის მენეჯერი აფასებს კომპანიებს და საინვესტიციო გადაწყვეტილებას იღებს. პასიური მენეჯერები ასევე ატარებენ კვლევას, განიხილავენ სხვადასხვა საბაზრო ინდექსს და არჩევანს აკეთებენ ფონდზე, რომელიც მათ მიზნებს საუკეთესოდ შეეფერება.