საფონდო ბირჟაზე ინვესტირება ყოველთვის ადვილი არ არის, განსაკუთრებით კი არასტაბილურობის პერიოდში. S&P 500 იანვრის დასაწყისის პიკთან შედარებით 20%-ზე მეტით დაეცა და bear market-ის ტერიტორიაზე აღმოჩნდა.
ასეთი ვარდნა ინვესტორებისთვის, შეიძლება, მძიმე ასატანი იყოს და მათ აინტერესებთ, თუ როდის დასტაბილურდება ბაზარი და დაუბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას. მიუხედავად იმისა, რომ ამ კითხვაზე მარტივი პასუხი არ არსებობს, არის რამდენიმე საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა გახსოვდეთ.

- ინვესტირება გრძელვადიანი სტრატეგიაა
ზუსტად არავინ იცის, თუ რა მოხდება ბაზარზე უახლოესი დღეების, კვირების ან თვეების განმავლობაში. ექსპერტებიც კი ვერ იწინასწარმეტყველებენ, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ვარდნა ან რამდენად შემცირდება აქციების ფასები მანამ, სანამ ისინი ზრდას დაუბრუნდება.
მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, ეს გაურკვევლობა ინვესტორებისთვის საგანგაშო იყოს, კარგი ამბავი ის არის, რომ ბაზრის გრძელვადიანი წარმადობა ბევრად უფრო პროგნოზირებადია. ისტორიულად, საფონდო ბირჟამ, მიუხედავად მრავალი კორექციისა და კრახისა, დროთა განმავლობაში დადებითი საშუალო შემოსავალი გამოიმუშავა.
გაურკვეველია, რამდენი დრო დასჭირდება ბაზარს, რომ ეს ვარდნა გადალახოს, მაგრამ, ძალიან სავარაუდოა, რომ ადრე თუ გვიან აღდგენა დაიწყება. თუ ახლა ინვესტიციებზე ღელავთ, გახსოვდეთ, რომ ბაზარს წარსულში უფრო დიდი წინაღობებიც გადაულახავს.
- პოზიციების შენარჩუნებას შეუძლია თქვენი ფულის უსაფრთხოება უზრუნველყოს
ბაზრის ვარდნის დროს დანაზოგების დასაცავად საუკეთესო გზა უბრალოდ თქვენი ინვესტიციების შენარჩუნებაა. მიუხედავად იმისა, რომ ზარალის თავიდან ასაცილებლად ფულის ბაზრიდან ამოღება, შეიძლება, მაცდური ვარიანტი იყოს, ეს არის ნაბიჯი, რომელიც, სავარაუდოდ, ძვირი დაგიჯდებათ. ბაზრის ვარდნის დროს, თავისთავად, აქციების ფასები უფრო დაბალია და მოგიწევთ პოზიციები იმაზე ნაკლებად გაყიდოთ, ვიდრე შეიძინეთ.
თუ ინვესტიციებს ბაზრის აღდგენამდე შეინარჩუნებთ, ვერაფერს დაკარგავთ. მოკლევადიან პერიოდში, შეიძლება, თქვენი საინვესტიციო პორტფელის ღირებულება შემცირდეს, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ ზარალი ქაღალდზე, თუ აქციებს არ გაყიდით და ზარალს არ გაანაღდებთ.
- სწორი აქციის შერჩევა საკვანძო საკითხია
ბაზრის აღმავლობის დროს, შედარებით სუსტი კომპანიების აქციების ფასებიც კი შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ ბაზრის კრახის გადალახვა მხოლოდ ძლიერ კომპანიებს შეუძლია. ძლიერ კომპანიებს ჯანსაღი საფუძვლები გააჩნია, რაც მათ არასტაბილურობის პერიოდში უპირატესობას ანიჭებს.
გაითვალისწინეთ, რომ ყველაზე ძლიერი კომპანიების აქციებიც კი, ბაზრის ვარდნის პერიოდში, დარტყმას მიიღებს და თქვენი საინვესტიციო პორტფელის ღირებულება შემცირდება, მაგრამ ასეთ კომპანიებს აღდგენის და მომავალი ზრდის საუკეთესო შანსი აქვს.
საფონდო ბირჟის ვარდნა, შესაძლოა, ყველაზე გამოცდილი ინვესტორებისთვისაც კი შემაშფოთებელი იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არავინ იცის, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი და რამდენად მძიმე იქნება შედეგები. თუმცა, მომავალზე ფოკუსირებით და სწორი აქციების შერჩევის საშუალებით, შეგიძლიათ თქვენს საინვესტიციო პორტფელს აღდგენის საუკეთესო შანსი მისცეთ.