აქციების ფასები ვარდნას განაგრძობს, S&P 500 იანვრის პიკის შემდეგ 14%-ზე მეტით არის შემცირებული. კიდევ უფრო შემაშფოთებელი ის არის, რომ არავინ იცის, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ვარდნა ან რამდენად დაეცემა ფასები მანამ, სანამ ბაზარი აღდგენას დაიწყებს.
ამ გაურკვევლობაში, შესაძლოა, მრავალი კითხვა გაგიჩნდეთ: უნდა გავაგრძელო ინვესტირება? ბაზრის სტაბილიზაციას უნდა დაველოდო? ან იქნებ საერთოდ უნდა გავიტანო ფული ბაზრიდან? აი, რა უნდა იცოდეთ.
რას ნიშნავს ვარდნა თქვენი ინვესტიციებისთვის?
უმეტეს შემთხვევაში, ბაზრის ვარდნისას გადარჩენის საუკეთესო გზა თქვენი სტრატეგიის გაგრძელებაა. განაგრძეთ ინვესტირება ჩვეულებისამებრ, შეინარჩუნეთ თქვენი მიმდინარე ინვესტიციები და უბრალოდ პანიკას მოერიდეთ.
მიუხედავად იმისა, რომ ფასების კლების პერიოდში ბაზარზე ფულის დაბანდება, შესაძლოა, არაინტუიციურად მოგეჩვენოთ, ეს სტრატეგია, რეალურად, დროთა განმავლობაში მეტის გამომუშავებაში დაგეხმარებათ.
დაარსების დღიდან საფონდო ბირჟა ათობით ვარდნის წინაშე აღმოჩნდა. 1928 წლიდან S&P 500 21 ცალკეულ შემთხვევაში 20%-ზე მეტით დაეცა. მიუხედავად ამისა, ინდექსი ყოველი ამ ვარდნის შემდეგ აღდგა და დროთა განმავლობაში დადებითი საშუალო შემოსავალი გამოიმუშავა. რაც არ უნდა ცუდი იყოს ეს მიმდინარე ვარდნა, ძალიან სავარაუდოა, რომ ბაზარი კიდევ ერთხელ აღდგება.
თუ ახლა ინვესტირებას განაგრძობთ, მომავალში მნიშვნელოვანი სარგებლის მისაღებად მშვენიერ პოზიციაში აღმოჩნდებით. მოცემულ სიტუაციაში შეგიძლიათ ხარისხიანი კომპანიების აქციები დაბალ ფასად შეიძინოთ და ბაზრის აღდგენის შემდეგ დიდი მოგება მიიღოთ.
როდის არის ინვესტირების თავიდან არიდება უმჯობესი?
მაგალითად, თუ საგანგებო ფონდი არ გაქვთ, ინვესტირების დაწყებამდე უმჯობესი იქნება, თუ პირველ რიგში მყარ დანაზოგებს შექმნით. ბაზრის ვარდნა პოზიციების გასაყიდად ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დროა და თუ მთელ თქვენს სათადარიგო ფულს აქციებში ჩადებთ, აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება ინვესტიციების გაყიდვა ძალიან დაბალ ფასად მოგიწიოთ.
მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის აღდგენა ძალიან სავარაუდოა, შესაძლოა, ამ პროცესს თვეები ან წლები დასჭირდეს და თუ ინვესტიციებში ისეთ ფულს ჩადებთ, რომელიც მოკლევადიან პერსპექტივაში დაგჭირდებათ, შეიძლება ზარალი განიცადოთ, რადგან ყოველთვის არის იმის შანსი, რომ აღდგენამდე თქვენი ინვესტიციების ღირებულება კიდევ უფრო შემცირდეს.
ბაზრის ვარდნა ადვილი გადასატანი არ არის, მაგრამ ეს მოვლენა მუდმივად არ გრძელდება. გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებით და ინვესტიციების ფრთხილად განხორციელებით, გაცილებით უფრო დიდი შანსი გეძლევათ, რომ ბაზრის პოტენციურ არასტაბილურობას გადაურჩეთ.