„ზედა ხაზი“ არის ტერმინი, რომელიც კომპანიის გაყიდვებს ან შემოსავალს აღნიშნავს. სახელწოდება გამომდინარეობს იქიდან, რომ ეს მაჩვენებელი კომპანიის მოგება-ზარალის ანგარიშგების ზედა ნაწილშია მოთავსებული. „ზედა ხაზის“ საპირისპირო არის „ქვედა ხაზი“, რომელიც კომპანიის წმინდა მოგებას გულისხმობს.
„ზედა ხაზის“ გააზრება
„ზედა ხაზი“ არის კომპანიის შემოსავალი, რომელიც ასახავს მომხმარებლებზე გაყიდული საქონლის ან მომსახურების სრულ ფასს საანგარიშგებო პერიოდში. ის მოთავსებულია მოგება-ზარალის ანგარიშის ზედა ნაწილში, ხოლო მომდევნო სტრიქონი მიუთითებს ხარჯზე ან ზარალზე, რომელიც მას უნდა გამოაკლდეს.
ხარჯები შეიძლება მოიცავდეს ნებისმიერ გადახდას, რომელიც საქონლის წარმოების ან მომსახურების გაწევის მხარდასაჭერად განხორციელდა. ასევე შეიძლება გამოიქვითოს კაპიტალური დანაკარგები, რომლებიც კაპიტალის ზარალით გაყიდვით წარმოიქმნება. საერთო ხარჯები მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) მასალების ღირებულებას, რომელიც საჭიროა გაყიდული საქონლის წარმოებისთვის, ასევე ნებისმიერ საოპერაციო ხარჯებს. ამასთან, შემოსავალს უნდა გამოაკლდეს მოქმედი გადასახადები.
მას შემდეგ, რაც „ზედა ხაზს“ გამოაკლდება ხარჯები, ცნობილი გახდება ბიზნესის მოგების მაჩვენებელი, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასევე ცნობილია, როგორც „ქვედა ხაზი“.
„ზედა ხაზის“ მნიშვნელოვნება
„ზედა ხაზი“ არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებაში. ის ასახავს კომპანიის საქონელზე ან მომსახურებაზე სუფთა მოთხოვნას სხვა ეფექტების გარეშე.
„ზედა ხაზი“ ასახავს კომპანიის ზრდას და აჩვენებს, ყიდის თუ არა კომპანია მეტ საქონელს ან მომსახურებას დროთა განმავლობაში. თუ ასეა, შემოსავალი გაიზრდება. თუ მაჩვენებელი უცვლელია, მცირდება ან იზრდება, მაგრამ არა სასურველი ტემპით, ეს კომპანიისთვის იმის მანიშნებელია, რომ ცვლილებები უნდა განხორციელდეს. ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები შეიძლება ეხებოდეს მარკეტინგულ სტრატეგიას, პროდუქტის ხარისხს, ფასს ან მომხმარებლების საერთო ჩართულობას.
„ზედა ხაზი“ vs „ქვედა ხაზი“
„ქვედა ხაზი“ ასახავს იმას, რაც „ზედა ხაზიდან“ ყველა საჭირო ხარჯის გამოქვითვის შემდეგ რჩება და წარმოადგენს მოგების მოცულობას, რომელიც საანგარიშგებო პერიოდში წარმოიშვა.
ორივე მაჩვენებელი მნიშვნელოვანია, მაგრამ თითოეული მათგანი ძალიან განსხვავებული პერსპექტივებით უზრუნველგვყოფს. „ზედა ხაზი“, უპირველეს ყოვლისა, არის ზრდის მაჩვენებელი და წარმოაჩენს კომპანიის უნარს, გაყიდოს თავისი პროდუქტი ან მომსახურება. „ქვედა ხაზი“ კი ასახავს ბევრ შიდა ასპექტს, როგორიცაა დანახარჯები, საოპერაციო ხარჯები და ზოგადად ის, თუ როგორ ახორციელებს კომპანია თავის ბიზნესს.
კომპანიის „ზედა ხაზი“ შეიძლება ძლიერი იყოს, მაგრამ თუ მისი წარმოების პროცესები და სხვა ცვლადები მაღალ ხარჯებს წარმოქმნის, „ქვედა ხაზი“ შეიძლება შემცირდეს და მინიმალურ მოგებაზე მიუთითებდეს.
მნიშვნელოვანი საკითხები
„ზედა ხაზის“ ზრდა გულისხმობს კომპანიის მიერ გამომუშავებული მთლიანი შემოსავლის მატებას და სულაც არ იძლევა მოგების გაზრდის გარანტიას. შემოსავლების მატებამ შეიძლება „ქვედა ხაზის“ ზრდა მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიწვიოს, თუ პირველი მათგანი მომატებული ხარჯებით არ იქნება კომპენსირებული.