სოციალური პასუხისმგებლობა ნიშნავს, რომ ბიზნესმა, გარდა აქციონერთა ღირებულების მაქსიმალური გაზრდისა, უნდა იმოქმედოს ისე, რომ სარგებელი მოუტანოს საზოგადოებას და მიზნად მხოლოდ მოგების გამომუშავება არ დაისახოს. სოციალური პასუხისმგებლობა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ინვესტორებისა და მომხმარებლებისთვის, რომელთა მიზანიც არის კავშირი ისეთ კომპანიებთან, რომლებიც არა მხოლოდ მომგებიანია, არამედ ხელს უწყობს საზოგადოებისა და გარემოს კეთილდღეობას. მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსების მტკიცებით, ტრადიციულად ბიზნესის ძირითადი ბუნება საზოგადოებას დაინტერესებულ მხარედ არ განიხილავს, ახალგაზრდა თაობები სოციალურ პასუხისმგებლობას ითვისებენ და ამ მიმართულებით ცვლილებებს ნერგავენ.
სოციალური პასუხისმგებლობის გააზრება
სოციალური პასუხისმგებლობა ნიშნავს, რომ ინდივიდებმა და კომპანიებმა თავიანთი გარემოსა და მთლიანად საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედონ. ბიზნესში სოციალური პასუხისმგებლობა ცნობილია როგორც კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR — corporate social responsibility) და სოციალური ნორმების ცვლილების გამო ეს მიმართულება კომპანიების სულ უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება.
ამ თეორიის არსი არის ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც ხელს უწყობს ეთიკური ბალანსის მიღწევას მომგებიანობისკენ სწრაფვისა და მთლიანად საზოგადოების სარგებლობის მანდატებს შორის. ეს პოლიტიკა შეიძლება გულისხმობდეს ქველმოქმედებას, გარემოს დაცვის ინიციატივებს და ა. შ.
ბევრმა ფირმამ, როგორიცაა „მწვანე“ პოლიტიკის მქონე კომპანიები, სოციალური პასუხისმგებლობა თავისი ბიზნეს მოდელის განუყოფელ ნაწილად აქცია და ეს მომგებიანობის კომპრომისის გარეშე გააკეთა.
გარდა ამისა, ზოგიერთი ინვესტორი და მომხმარებელი აფასებს კომპანიის სოციალურად პასუხისმგებლობიან პრაქტიკას ინვესტიციის ან შესყიდვის განხორციელებამდე. ასეთი პოლიტიკის გატარებამ შეიძლება აქციონერთა ღირებულების მაქსიმიზაციას შეუწყოს ხელი. ამასთან, არსებობს მორალური იმპერატივიც — სოციალურად პასუხისმგებლობიანი ქმედებები ან მათი ნაკლებობა გავლენას იქონიებს მომავალ თაობებზე.
სოციალური პასუხისმგებლობის 4 ტიპი
სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ISO) ხაზს უსვამს, რომ ბიზნესის უნარი, შეინარჩუნოს ბალანსი ეკონომიკურ წარმადობასა და სოციალური, გარემოსდაცვითი საკითხების დაცვას შორის, ეფექტიანად მუშაობისთვის კრიტიკულ ფაქტორს წარმოადგენს.
ძირითადი გზები, რომლითაც კომპანია სოციალურ პასუხისმგებლობას ითვისებს, მოიცავს ქველმოქმედებას, მოხალისეობის ხელშეწყობას, ეთიკური შრომის პრაქტიკას და გარემოსდაცვით ცვლილებებს.
სოციალურად პასუხისმგებლობიანი კორპორაციები
სოციალური პასუხისმგებლობა ინდუსტრიებსა და კომპანიებში სხვადასხვა მნიშვნელობას იძენს. მაგალითად:
- Starbucks Corp. (SBUX) თავიდანვე სოციალური პასუხისმგებლობის, მათ შორის მდგრადობისა და საზოგადოების კეთილდღეობის მიზნების ერთგულია. კომპანია, პროდუქციის საწარმოებლად, ყიდულობს Fair Trade Certified (მკაცრი გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური სტანდარტების შესაბამისად წარმოებული) ინგრედიენტებს და აქტიურად უჭერს მხარს მდგრად ფერმერობას რეგიონებში, სადაც Starbucks-ის პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ინგრედიენტები მოიპოვება.
- Ben & Jerry’s Homemade Holdings Inc.-ს სოციალური პასუხისმგებლობა ინტეგრირებული აქვს თავისი ოპერაციების ძირითად ნაწილში. Starbucks-ის მსგავსად, ეს კომპანიაც Fair Trade Certified ინგრედიენტების შეძენაზეა ფოკუსირებული.
- სათამაშოების მწარმოებელ კომპანია Lego Group-ს აღებული აქვს ვალდებულება, გარემოში ნახშირბადის გამოყოფა შეამციროს.
- Salesforce-მა შეიმუშავა ის, რასაც მენეჯმენტი 1-1-1 მოდელს უწოდებს. კომპანია თავისი კაპიტალის 1%-ს, პროდუქტის 1%-ს და თანამშრომლების დროის 1%-ს საზოგადოებას უთმობს.
- საცალო ვაჭრობის კომპანია Target, რომელიც ასევე ცნობილია თავისი სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამებით, ქველმოქმედებას ეწევა იმ რეგიონებში, სადაც მისი მაღაზიები ფუნქციონირებს.
კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის კრიტიკა
ყველა არ მიიჩნევს, რომ ბიზნესი სოციალურ პასუხისმგებლობაზე უნდა იყოს ფოკუსირებული. ეკონომისტმა — მილტონ ფრიდმანმა თქვა, რომ ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა გამოირჩევა ანალიტიკური სიფხიზლისა და სიმკაცრის ნაკლებობით. ფრიდმანი მიიჩნევდა, რომ მხოლოდ ინდივიდებს შეუძლიათ ჰქონდეთ სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა. ბიზნესს კი, თავისი ბუნებით, ამის უნარი არ გააჩნია. ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ სოციალური პასუხისმგებლობა ეწინააღმდეგება ბიზნეს საქმიანობაში ჩართვის არსს — მოგება უპირველეს ყოვლისა.
თუმცა, სოციალური პასუხისმგებლობა სულ უფრო პოპულარული ხდება და ახლა მრავალი კომპანიის მიერ გამოიყენება. ახალგაზრდა თაობები, როგორებიც არიან მილენიალები და Gen-Z, ითვისებენ სოციალურ პასუხისმგებლობას და ცვლიან როგორც სამუშაო, ასევე სამომხმარებლო გარემოს.