აქციონერული ფასეულობა არის კომპანიის მიერ მიწოდებული ღირებულება იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც კომპანიაში აქციებს ფლობენ. აქციონერთა ფასეულობა იქმნება მაშინ, როდესაც კომპანიის მმართველი გუნდი იღებს ისეთ ბიზნეს გადაწყვეტილებებს, რომლებიც კომპანიას საშუალებას აძლევს, გაზარდოს თავისი მოგება, დივიდენდები ან აქციების ფასი.
რატომ არის აქციონერული ფასეულობა მნიშვნელოვანი?
კომპანია, რომელიც აქციონერული ფასეულობის მაქსიმიზაციაზეა ფოკუსირებული, უფრო მეტად გამოიმუშავებს მიმზიდველ ანაზღაურებას ინვესტორებისთვის. საჯარო კომპანიების აღმასრულებლები, როგორც წესი, პრიორიტეტს ანიჭებენ აქციონერთა ინტერესებს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებით, რომლებიც აქციონერულ ფასეულობას გაზრდის.
მიუხედავად იმისა, რომ აქციონერული ფასეულობის შექმნა და გაზრდა უდავოდ მნიშვნელოვანია, უჩვეულო არ არის უთანხმოება აქციონერებსა და კომპანიის მენეჯმენტს შორის იმის შესახებ, თუ რომელი კონკრეტული ქმედებები გაზრდის აქციონერთა ფასეულობას ყველაზე მეტად.
როგორ იქმნება აქციონერული ფასეულობა?
აქციონერული ფასეულობის შექმნა და გაზრდა ყველა საჯარო კომპანიის მთავარ მიზანს წარმოადგენს. მმართველ გუნდებს აქციონერული ღირებულების შესაქმნელად და გასაზრდელად სხვადასხვა გზები გააჩნია:
მომგებიანობა
ბევრი მზარდი კომპანია ჯერ კიდევ არ არის მომგებიანი. თუ კომპანია, რომელიც ზარალს განიცდიდა მოგების დაფიქსირებას იწყებს, აქციონერული ფასეულობა იქმნება. მომგებიანი კომპანიებს აქციების ფასები უფრო მაღალია, ვიდრე კომპანიების, რომლებიც ფულს ჯერ კიდევ კარგავს.
EPS-ის ზრდა
მომგებიანი კომპანიები, რომელთა EPS (მოგება თითო აქციაზე) მატულობს, აქციონერულ ფასეულობასაც ზრდის, რადგან აქციების ფასები, როგორც წესი, კომპანიის მოგებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.
გაყიდვების ზრდა
კომპანიებს ზოგჯერ შეუძლია გაზარდოს აქციონერული ფასეულობა შემოსავლის გამომუშავებით, რომელიც ინვესტორების მოლოდინს აღემატება. ზრდაზე ორიენტირებული კომპანიები ხშირად პრიორიტეტს ანიჭებს გაყიდვების გაზრდას, ვიდრე მოგების მიღებას, რადგან სწრაფად მზარდი შემოსავლები შეიძლება მომავალი მოგების ძლიერ პოტენციალზე მიუთითებდეს. აქციონერული ფასეულობა, აქციების მზარდი ფასის სახით, შეიძლება ძლიერი გაყიდვების შედეგად გაიზარდოს.
თავისუფალი ფულადი ნაკადების (FCF) ზრდა
ზრდაზე ორიენტირებული კომპანიები ხშირად ნეგატიურ თავისუფალ ფულად ნაკადებს (FCF) გამოიმუშავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ, კაპიტალური დანახარჯების აღრიცხვის შემდეგ, ფულადი სახსრების დეფიციტი აქვს. კომპანიები, რომლებსაც უამრავი ხელმისაწვდომი ნაღდი ფული გააჩნია, საუკეთესო მდგომარეობაშია ახალი შესაძლებლობების განსახორციელებლად ან აქციების გამოსასყიდად.
კომპანია, რომელიც უარყოფითი FCF-დან პოზიტიურზე გადადის, აქციონერულ ფასეულობას ქმნის.
დივიდენდები
კომპანიას ასევე შეუძლია აქციონერული ფასეულობა დივიდენდის გადახდით შექმნას. მას შეუძლია კიდევ უფრო გაზარდოს აქციონერთა ფასეულობა დივიდენდური სარგებლის მომატებით. რადგან დივიდენდები, ჩვეულებრივ, ნაღდი ფულის სახით გაიცემა, აქციონერს შეუძლია დივიდენდები აიღოს ან მათ რეინვესტირებას მიმართოს. დივიდენდების საშუალებით აქციონერთა ფასეულობის მაქსიმალურად გაზრდის გზა სწორედ მათი რეინვესტირებაა, რადგან ის შესაძლებლობას გაძლევთ რთული პროცენტის ეფექტი გამოიყენოთ.
აქციების გამოსყიდვა
კომპანიას, რომელიც საკუთარი აქციების გამოსყიდვით არის დაკავებული, შეუძლია აქციონერული ფასეულობა გაზარდოს, რადგან აქციების გამოსყიდვა, როგორც წესი, კომპანიის აქციების ფასზე სასარგებლოდ ზემოქმედებს. კომპანიები, რომლებიც გამოისყიდის აქციებს, როგორც წესი, უპირატესობას ანიჭებს ამ აქციების მიმოქცევიდან ამოღებას, რაც აქციების მთლიანი რაოდენობის შემცირებას იწვევს. აქციების ნაკლები რაოდენობა ირიბად ზრდის აქციონერთა ფასეულობას თითო აქციაზე მოგების გაზრდით, თუნდაც კომპანიის მთლიანი მოგება არსებითად უცვლელი დარჩეს.
კომპანიის შერწყმა ან შესყიდვა
კომპანიას შეუძლია აქციონერული ფასეულობა სხვა კომპანიის შეძენით ან შერწყმით შექმნას. გაერთიანებულ ერთეულს შეუძლია გაზრდილი საბაზრო წილით ისარგებლოს, შესაძლოა, ის ახალ ბაზრებზე გასაფართოებლად უკეთ იყოს პოზიციონირებული და ხარჯების შემცირების საშუალებაც მიეცეს. გარდა ამისა, ახალი ორგანიზაცია, სავარაუდოდ, უფრო მეტ EPS-ს გამოიმუშავებს, რის შედეგადაც კომპანიის აქციების ფასი გაიზრდება.
როგორ გამოითვლება აქციონერული ფასეულობა?
თქვენი, როგორც აქციონერის ფასეულობა პირდაპირ კორელაციაშია იმასთან, თუ კომპანიის რამდენ აქციას ფლობთ. აი როგორ გამოითვლება ეს მაჩვენებელი:
- განსაზღვრეთ კომპანიის მოგება თითო აქციაზე.
- დაუმატეთ კომპანიის აქციების ფასი მის EPS-ს, რათა დადგინდეს თქვენი აქციონერული ფასეულობა თითო აქციის საფუძველზე.
- მიღებული სიდიდე კომპანიაში თქვენს მფლობელობაში არსებული აქციების რაოდენობაზე გაამრავლეთ.
მაგალითად, თუ კომპანიის EPS $2-ს შეადგენს, ხოლო აქციის ფასი $40-ია, მაშინ აქციონერული ფასეულობა ერთ აქციაზე $42 იქნება. თუ კომპანიის 10 აქციას ფლობთ, მაშინ თქვენი ინდივიდუალური აქციონერული ფასეულობა $420 გამოვა.
როგორ შეუძლია კომპანიებს აქციონერული ფასეულობის მაქსიმიზაცია?
კომპანიებს, აქციონერული ღირებულების მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, სხვადასხვა ვარიანტები გააჩნია, მაგრამ მათ ყველა შესაძლებლობის ან ინიციატივის გონივრულად განხორციელება არ შეუძლია. ბიზნეს გადაწყვეტილებებმა, რომლებიც აქციონერთა მოკლევადიან ფასეულობას მაქსიმალურად გაზრდის, შეიძლება საფრთხე შეუქმნას კომპანიის გრძელვადიან წარმატებას, ხოლო ის გადაწყვეტილებები, რომლებიც პრიორიტეტს მხოლოდ გრძელვადიან შედეგებს ანიჭებს, შესაძლოა, კომპანიის აქციების მოკლევადიანი წარმადობისთვის საზიანო იყოს. კომპანიები, რომლებიც საუკეთესოდ ზრდის აქციონერულ ფასეულობას, არის ორგანიზაციები, რომლებიც მოკლევადიან პრიორიტეტებს გრძელვადიან საჭიროებებთან აბალანსებს.