რისკისადმი ტოლერანტობა არის რისკის დონე, რომლის მიმღებლობაც გააჩნია ინვესტორს, ინვესტიციის ღირებულების ცვალებადობის გათვალისწინებით. რისკისადმი ტოლერანტობა ინვესტირების მნიშვნელოვანი კომპონენტია და ის ხშირად განსაზღვრავს ინვესტიციების ტიპსა და მოცულობას, რომელსაც ინდივიდი ირჩევს.
რისკისადმი მაღალი ტოლერანტობა ხშირად აქციებში, სააქციო ფონდებში და გაცვლით სავაჭრო ფონდებში (ETF) ინვესტირებას გულისხმობს, ხოლო რისკის მიმღებლობის დაბალი დონე, როგორც წესი, ობლიგაციებში, საობლიგაციო ფონდები და შემოსავლიან ფონდებში (საინვესტიციო ფონდი, რომლის ძირითადი ამოცანა მიმდინარე შემოსავლის უზრუნველყოფაა და არა — კაპიტალის ზრდა) ფულის დაბანდებას გულისხმობს.
რისკისადმი ტოლერანტობის გააზრება
ყველა ინვესტიცია გარკვეულ რისკს მოიცავს და რისკისადმი საკუთარი ტოლერანტობის დონის გააზრება ინვესტორს ეხმარება, დაგეგმოს საკუთარი საინვესტიციო პორტფელი და განსაზღვროს, თუ როგორ ჩადებს ინვესტიციებს. იმის მიხედვით, თუ რამდენად დიდი რისკის მიმღებლობა გააჩნიათ ინვესტორებს, მათი კლასიფიცირება შემდეგი სახით შეიძლება: აგრესიული, ზომიერი და კონსერვატიული.
ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც რისკისადმი ტოლერანტობას განსაზღვრავს ინვესტორის დროის ჰორიზონტია. დიდი დროის ჰორიზონტის მქონე ფინანსური მიზნების არსებობის შემთხვევაში ინვესტორმა შეიძლება მეტი ანაზღაურება მიიღოს ფულის ფრთხილად და გააზრებულად დაბანდებით მაღალი რისკის შემცველ აქტივებში, როგორიც არის აქციები. დაბალი რისკის მქონე ფულადი ინვესტიციები კი შეიძლება მოკლევადიან ფინანსურ მიზნებს შეესაბამებოდეს.
რისკისადმი ტოლერანტობაზე ასევე ზემოქმედებს ინვესტორის მომავალი შემოსავლის მოცულობა და სხვა აქტივების არსებობა, როგორიცაა სახლი, მემკვიდრეობა და ა. შ. ინვესტორს შეუძლია ინვესტირებადი აქტივებით საკუთარ თავზე აიღოს მეტი რისკი, როდესაც მას ფულადი სახსრების სხვა, უფრო სტაბილური წყაროები გააჩნია. გარდა ამისა, უფრო მსხვილი საინვესტიციო პორტფელის მქონე ინვესტორები შეიძლება რისკისადმი უფრო ტოლერანტულები იყვნენ, რადგან მსხვილ პორტფელებში, მცირესთან შედარებით, ზარალის წილი გაცილებით ნაკლებია.
„აგრესიული“ ინვესტორი
„აგრესიული“ ან რისკისადმი მაღალი ტოლერანტობის მქონე ინვესტორი მზადაა, პოტენციურად უკეთესი შედეგების მისაღებად, ფულის დაკარგვის რისკი გასწიოს. „აგრესიულ“ ინვესტორებს, როგორც წესი, კარგად ესმით ბაზრის სპეციფიკა და მიჰყვებიან სტრატეგიებს, რომლებიც მათ საშუალოზე მაღალ შემოსავალს მოუტანს.
მათი ინვესტიციები ორიენტირებულია კაპიტალის ზრდაზე და არა შემოსავალზე ან დაბანდებული თანხის შენარჩუნებაზე. ასეთი ინვესტორების აქტივთა განაწილება, როგორც წესი, მოიცავს აქციებს და მცირე მოცულობით (ან საერთოდ არა) ობლიგაციებს და ნაღდ ფულს.
„ზომიერი“ ინვესტორი
„ზომიერ“ ინვესტორებს სურთ თავიანთი ფულის გაზრდა ზედმეტის დაკარგვის გარეშე. მათი მიზანია, შესაძლებლობები და რისკები კარგად აწონონ-დაწონონ. ასეთი ინვესტორების მიდგომა ზოგჯერ აღწერილია, როგორც „დაბალანსებული“ სტრატეგია.
როგორც წესი, „ზომიერი“ ინვესტორები ქმნიან საინვესტიციო პორტფელს, რომელიც მოიცავს აქციებისა და ობლიგაციების ნაზავს, სავარაუდოდ, შესაბამისად, 50/50 ან 60/40 პროპორციით განაწილებით.
„კონსერვატიული“ ინვესტორი
ამ კატეგორიაში ხშირად პენსიონერები ან საპენსიო ასაკთან მიახლოებული პირები შედიან, რადგან მათ შეიძლება არ სურდეთ, გარისკონ თავიანთი ინვესტიციები მოკლე დროის ჰორიზონტის გამო.
„კონსერვატიული“ ინვესტორი მიზნად ფულის გარანტირებულ, მაღალი ლიკვიდობის მქონე აქტივებში დაბანდებას ისახავს. ამ ტიპის ინვესტორები, როგორც წესი, შემოსავლისა და კაპიტალის შესანარჩუნებლად, საბანკო სადეპოზიტო სერტიფიკატებს (CD), ფულის ბაზრებს ან აშშ-ის მოკლევადიან სახაზინო თამასუქებს ირჩევენ.