რეპუტაციული რისკი წარმოადგენს საფრთხეს კომპანიის კარგი რეპუტაციის ან პოზიციისთვის. ის შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გზებით:
- პირდაპირ, კომპანიის ქმედებების შედეგად
- არაპირდაპირ, თანამშრომლ(ებ)ის ქმედებების გამო
- არაპირდაპირ, სხვა მხარეების გამო, როგორებიც არიან კომპანიის პარტნიორები ან მომწოდებლები.
გარდა კარგი მმართველობითი პრაქტიკისა და გამჭვირვალობისა, კომპანიებს უნდა გააჩნდეთ სოციალური პასუხისმგებლობა და გარემოსდაცვითი ცნობიერება, რათა შეამცირონ ან თავიდან აიცილონ რეპუტაციული რისკი.
რეპუტაციული რისკის გააზრება
რეპუტაციული რისკი ფარული საფრთხეა, რომელსაც შეუძლია ყველაზე დიდი და საუკეთესო კომპანიებიც კი დააზარალოს. ხშირად რისკი გადაიზრდება შედეგებში, რომლებიც ადვილად არ იზომება და მან შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს კომპანიის მომგებიანობასა და შეფასებაზე. რეპუტაციული რისკის დადგომას შეუძლია კომპანიას მილიონობით ან მილიარდობით დოლარი დააკარგვინოს და ზოგჯერ გამოიწვიოს ცვლილებები მენეჯმენტის უმაღლეს რგოლში.
რეპუტაციული რისკის წარმოშობის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს თანამშრომლების ქმედებები, როგორიც არის თაღლითობა.
ზოგიერთ შემთხვევაში, რეპუტაციული რისკი შეიძლება შემცირდეს ზარალის კონტროლის სწრაფი ზომების მიღებით, რაც მყისიერი კომუნიკაციისა და სოციალური მედიის ქსელების ეპოქაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სხვა შემთხვევებში, ზარალი შეიძლება უფრო დიდი იყოს და წლების განმავლობაში გაგრძელდეს. მაგალითად, ბუნებრივი აირისა და ნავთობის მწარმოებელი კომპანიები სულ უფრო მეტად ხდებიან აქტივისტების სამიზნეები გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო.
ონლაინ აქტივობების, მაგალითად, ნეგატიური მიმოხილვების, მონიტორინგის პროცესი შეიძლება ძალიან დიდ დროს მოითხოვდეს. ონლაინ რეპუტაციის მართვის (ORM) პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმებს კი შეუძლია კომპანიებს დაეხმაროს, გააკონტროლონ, თუ რას ამბობენ მომხმარებლები ბრენდის შესახებ მიმოხილვების ვებგვერდებზე, სოციალურ მედიასა და საძიებო სისტემებში. ამ გადაწყვეტებიდან ბევრი საშუალებას იძლევა, მიმოხილვების სანახავად და მათთვის პასუხების გასაცემად ერთიანი პლატფორმა იქნას გამოყენებული.
რეპუტაციული რისკის მაგალითი
2016 წელს Wells Fargo-ში გამოაშკარავდა სკანდალი საცალო ბანკირების მიერ მილიონობით არაავტორიზებული ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებით. ამასთან ცნობილი გახდა, რომ ამ პროცესში ჩართულნი იყვნენ მაღალი რგოლის მენეჯერებიც.
აღმასრულებელ დირექტორს — ჯონ შტუმპფს და სხვებს დაკავებული თანამდებობების თავად დატოვება აიძულეს ან სამსახურიდან გაათავისუფლეს. მარეგულირებლებმა ბანკს ჯარიმები დააკისრეს, ხოლო მსხვილი კლიენტების ნაწილმა შეამცირა, დროებით შეაჩერა ან საერთოდ შეწყვიტა ბანკთან თანამშრომლობა. შედეგად Wells Fargo-ს რეპუტაცია შეილახა და კომპანიას მის აღსადგენად დიდი ძალისხმევა დასჭირდა.