პოლიტიკური რისკი გულისხმობს, რომ ინვესტიციის ანაზღაურება შეიძლება დაზარალდეს ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების ან არასტაბილურობის შედეგად. ქვეყანაში არსებული არასტაბილური მდგომარეობა შეიძლება გამოწვეული იყოს მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოების, საგარეო პოლიტიკის სხვა შემქმნელების ან სამხედრო კონტროლის ცვლილებებით. პოლიტიკურ რისკს ასევე „გეოპოლიტიკურ რისკს“ უწოდებენ და ის უფრო მნიშვნელოვანი ხდება საინვესტიციო დროის ჰორიზონტის გახანგრძლივებასთან ერთად. ის საიურისდიქციო რისკის ტიპად განიხილება.
პოლიტიკური რისკის გააზრება
ზოგიერთი პოლიტიკური რისკისგან დაზღვევა საერთაშორისო სააგენტოების ან სხვა სამთავრობო ორგანოების მეშვეობით შეიძლება. პოლიტიკური რისკის შედეგებმა შეიძლება შეამციროს ინვესტიციების ანაზღაურება ან თუნდაც სიტუაცია მივიდეს იქამდე, რომ ინვესტირებული კაპიტალის ამოღება საერთოდ შეუძლებელი გახდეს.
პოლიტიკური რისკის ტიპები
გარდა ბიზნეს ფაქტორებისა, რომლებიც ბაზრებისგან წარმოიქმნება, კომპანიებზე ასევე ზემოქმედებს პოლიტიკური გადაწყვეტილებები. მთავრობების მიერ გადადგმულმა ზოგიერთმა ნაბიჯმა შეიძლება გავლენა იქონიოს ცალკეულ ბიზნესებზე, ინდუსტრიებზე და მთლიან ეკონომიკაზე. ეს მოიცავს გადასახადებს, ხარჯებს, რეგულირებას, ვალუტის კურსს, სავაჭრო ტარიფებს, შრომის კანონებს და გარემოსდაცვით რეგულაციებს. კანონებმა, თუნდაც მხოლოდ განხილვის ეტაპზე, შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ბიზნეს სექტორზე. რეგულაციები შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების ყველა, მათ შორის ფედერალურ, სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე. კონკრეტულ კომპანიებზე შეიძლება სხვა ქვეყნებში დაწესებულმა კანონებმაც იმოქმედოს.
პოლიტიკური რისკებისგან დაზღვევა
კომპანიებს, რომლებიც საერთაშორისო დონეზე ოპერირებენ და ცნობილები არიან, როგორც მრავალეროვნული ბიზნესები, შეუძლიათ, მიმართონ დაზღვევას გარკვეული რისკების თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად. ეს მენეჯმენტსა და ინვესტორებს საშუალებას აძლევს, კონცენტრირდნენ ბიზნესის საფუძვლებზე, მაშინ როცა იციან, რომ პოლიტიკური რისკებისგან ზარალი თავიდან აცილებული ან შეზღუდულია. ტიპური შემთხვევები, რომლებსაც დაზღვევა ითვალისწინებს მოიცავს ომს და ტერორიზმს.
მაგალითი
Walmart-მა ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიაში (SEC) შესატან თავის ყოველწლიურ 10-K დოკუმენტში გამოავლინა გარკვეული პოლიტიკური რისკები, რომლებსაც ის აწყდება. თავის მარეგულირებელ, შესაბამისობის, რეპუტაციის და სხვა რისკების განყოფილებაში კომპანია ხაზს უსვამს საკანონმდებლო, სასამართლო, მარეგულირებელ და პოლიტიკურ/ეკონომიკურ რისკებს. აღნიშნულ რისკ ფაქტორებში შედის:
- პოლიტიკური არასტაბილურობა
- სამართლებრივი და მარეგულირებელი შეზღუდვები
- ადგილობრივი პროდუქტის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი კანონები
- საგადასახადო რეგულაციები
- ადგილობრივი შრომის კანონები
- სავაჭრო პოლიტიკა
- სავალუტო რეგულაციები.
მომწოდებლებთან დაკავშირებულ რისკებში Walmart-ის მენეჯმენტი ხაზს უსვამს პოტენციურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ არასტაბილურობას იმ ქვეყნებში, სადაც უცხოელი მომწოდებლები ოპერირებენ. კომპანიის წარმომადგენლები ასევე აღნიშნავენ შრომით პრობლემებს, საერთაშორისო სავაჭრო პოლიტიკას და ტარიფების დაწესებას. მენეჯმენტი კონკრეტულად ხაზს უსვამს ბრაზილიასა და ჩინეთს, მათი ფედერალური, სახელმწიფო და ადგილობრივი კანონების სირთულეს.