მზარდი აქცია არის ნებისმიერი წილობრივი საკუთრება კომპანიაში, რომელსაც ბაზრის საშუალო ზრდის ტემპის მნიშვნელოვნად გადაჭარბების პოტენციალი გააჩნია. ასეთ აქციებს, როგორც წესი, თან არ ახლავს დივიდენდები. ეს იმიტომ ხდება, რომ მზარდი აქციების ემიტენტები, როგორც წესი, არიან კომპანიები, რომლებსაც სურთ, თავიანთი მოგების რეინვესტირება განახორციელონ, რათა ზრდა დააჩქარონ მოკლევადიან პერიოდში.
როდესაც ინვესტორები ფულს მზარდ აქციებში აბანდებენ, ისინი იმედოვნებენ, რომ მოგებას მომავალში მათი უფრო ძვირად გაყიდვით გამოიმუშავებენ.
მზარდი აქციების გააზრება
მზარდი აქციები შეიძლება გამოჩნდეს ნებისმიერ სექტორში ან ინდუსტრიაში და, როგორც წესი, მათი P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი მაღალია. შესაძლოა, მათი გამომშვები კომპანია მოცემულ მომენტში მოგებას ვერ გამოიმუშავებდეს, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ის ამას მომავალში შეძლებს.
მზარდ აქციებში ინვესტირება შეიძლება სარისკო იყოს. ვინაიდან ისინი, როგორც წესი, დივიდენდებს არ გვთავაზობს, ინვესტორებისთვის მათი საშუალებით ფულის გამომუშავების ერთადერთი საშუალება შეძენის ფასზე უფრო ძვირად გაყიდვაში მდგომარეობს. თუ ასეთი კომპანია კარგი წარმადობით არ ხასიათდება, შეიძლება ინვესტორს მისი აქციების ზარალით გაყიდვა მოუწიოს.
მზარდი აქციები იზიარებენ რამდენიმე საერთო მახასიათებელს. მაგალითად, მათი გამომშვებ კომპანიებს გააჩნიათ უნიკალური პროდუქტის ხაზი; ისინი შეიძლება სარგებლობდნენ პატენტებით ან წვდომით ტექნოლოგიებზე, რომლებიც მათ ინდუსტრიაში სხვებზე წინ აყენებს. კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად და გრძელვადიანი ზრდის უზრუნველსაყოფად, ასეთი კომპანიების მმართველი გუნდები მიმართავენ რეინვესტირებას კიდევ უფრო ახალი ტექნოლოგიებისა და პატენტების განსავითარებლად.
უწყვეტი ინოვაციების წყალობით, ხშირ შემთხვევაში მზარდ კომპანიებს გააჩნიათ ლოიალური მომხმარებლების ბაზა ან ბაზრის მნიშვნელოვანი წილი თავიანთ ინდუსტრიაში. მაგალითად, ფირმა, რომელიც ავითარებს კომპიუტერულ აპლიკაციებს და არის პირველი, რომელიც უზრუნველყოფს რაიმე ახალ სერვისს, შეიძლება მზარდ კომპანიად იქცეს. თუ ამ სერვისის თავისი ვერსიით ბაზარზე სხვა ფირმები შემოდიან, მზარდ კომპანიად ქცევის პოტენციალი გააჩნია იმას, ვინც მომხმარებელთა ყველაზე დიდი რაოდენობის მოზიდვასა და შენარჩუნებას ახერხებს.
ბევრი მცირე საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე ფირმა განიხილება მზარდ კომპანიად, თუმცა ამ სტატუსით შეიძლება ზოგიერთი უფრო დიდი ფირმებით სარგებლობდნენ.
მზარდი აქცია vs ღირებულებითი აქცია
ინვესტორები მოელიან, რომ მზარდი აქციები, მისი გამომშვები კომპანიის ძლიერი აღმასვლიდან გამომდინარე, მათ მნიშვნელოვან კაპიტალურ მოგებას მოუტანს. ამ მოლოდინმა შეიძლება ასეთი აქციების ფასის ზედმეტი ზრდა გამოიწვიოს .
ამის საპირისპიროდ, ღირებულებითი აქციები ხშირად არ არის სათანადოდ დაფასებული ან საერთოდ უგულებელყოფილია ბაზრის მიერ, მაგრამ მათ საბოლოოდ მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლიათ. როგორც წესი, ინვესტორები ღირებულებითი აქციებისგან პასიური შემოსავლის მიღებასაც ცდილობენ, რადგან მათ ხშირად თან ახლავს დივიდენდები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ღირებულებითი აქციების P/E კოეფიციენტი, როგორც წესი, დაბალია.
ზოგიერთმა ინვესტორმა შეიძლება, დივერსიფიკაციის მიზნით, საინვესტიციო პორტფელში შეიტანოს როგორც მზარდი, ისე ღირებულებითი აქციები. სხვებმა კი შეიძლება ამ ორი ვარიანტიდან კონკრეტულად რომელიმეზე ფოკუსირება ამჯობინონ.