სამომხმარებლო აქციებს უშვებს ბიზნესი, რომელიც აწარმოებს ან ყიდის ადამიანების მიერ რეგულარულად მოხმარებულ პროდუქტებს. სამომხმარებლო აქციების ორი კატეგორია არსებობს და ორივეს თავისი გამოწვევები, უპირატესობები და ციკლები გააჩნია. ეს ორი კატეგორიაა: პირველადი და დისკრეციული სამომხმარებლო საქონელი.
პირველადი სამომხმარებლო პროდუქტები არის ნივთები, რომელთა გარეშეც არ ან ვერ იცხოვრებთ, მიუხედავად თქვენი ფინანსური მდგომარეობისა. გავრცელებული მაგალითებია სასურსათო პროდუქტები, ალკოჰოლი და თამბაქო, პირადი მოვლის ნივთები და საყოფაცხოვრებო საჭიროებები. კომპანიები, რომლებიც ფერმერულ და ფარმაცევტულ მრეწველობაში მოღვაწეობს, ასევე ამ კატეგორიაში ექცევა.
დისკრეციული სამომხმარებლო საქონელი არის ნივთები, რომლებიც კვაზი-არსებითია, მაგრამ არა აბსოლუტურად აუცილებელი. ეს კატეგორია ისეთ ნივთებს მოიცავს, როგორებიც არის კომპიუტერი, ავტომობილი, სწრაფი კვება და ა. შ. ზოგიერთი ინდუსტრია, რომელიც ცხოვრებისთვის, მაგრამ არას სიცოცხლისთვის საჭირო საქონელს აწარმოებს, ასევე დისკრეციულ კატეგორიას მიეკუთვნება. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია ტანსაცმლის მწარმოებლები.
რატომ უნდა ჩავდოთ ინვესტიცია სამომხმარებლო აქციებში?
როგორც წესი, პირველადი სამომხმარებლო პროდუქტები არაციკლურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათზე მოთხოვნა ყოველთვის არსებობს. რეცესიის ან ნელი ზრდის პერიოდში, სამომხმარებლო ძირითად პროდუქტებზე გაწეული ხარჯები, შეიძლება, შემცირდეს, მაგრამ ის არ გაჩერდება. ფაქტობრივად, რეცესიის ზოგიერთმა პერიოდმა გვიჩვენა, რომ ძირითადი სამომხმარებლო საქონლის მწარმოებელი კომპანიების აქციები უფრო საინტერესო ინდუსტრიებს წინ უსწრებდა.
თავის მხრივ, დისკრეციული სამომხმარებლო აქციები, ციკლური ფასიანი ქაღალდებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ეკონომიკურ ციკლებზე რეაგირებს. როგორც წესი, მომხმარებლები, რომლებსაც თავიანთი ფინანსური მდგომარეობა აწუხებთ, პროდუქტების ამ კატეგორიაზე ნაკლებ ფულს ხარჯავენ მაშინ, როცა ფინანსურად დაცული მომხმარებლები უფრო მხარჯველები არიან.
ამრიგად, ეკონომიკური ვარდნის პერიოდებში, ასეთი საქონლის მწარმოებელი კომპანიების აქციების ფასები მცირდება, მაგრამ როდესაც ბაზარი კვლავ ფართოვდება, დისკრეციული სამომხმარებლო აქციების მდგომარეობაც აღდგება.
ის, რაც სამომხმარებლო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებისას უნდა გაითვალისწინოთ
იმ ინვესტორებისთვის, რომლებსაც სამომხმარებლო ფასიანი ქაღალდებით დაკავება სურთ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თითოეულ სექტორს თავისი გამოწვევები და სარგებელი აქვს.
ერთის მხრივ ჩვენ გვაქვს პირველადი სამომხმარებლო საქონელი. მათზე არსებული თანმიმდევრული მოთხოვნა, შესაბამისად, თანმიმდევრულ შემოსავლებს წარმოქმნის. პირველადი სამომხმარებლო საქონელი უფრო გამძლეა რეცესიის მიმართ და ვარდნის გარკვეულ პერიოდებში, შეიძლება, მაღალი წარმადობით ხასიათდებოდეს. გარდა ამისა, ძირითადი სამომხმარებლო საქონლის მწარმოებელი კომპანიები ხშირად გვთავაზობს მაღალ დივიდენდურ შემოსავალს.
თუმცა, პირველადი სამომხმარებლო აქციები ნელა იზრდება, თუნდაც საუკეთესო ეკონომიკურ პირობებში. მათ ასევე ახასიათებს მაღალი ფასების შეზღუდული დონე და, შესაძლოა, მაღალი საპროცენტო განაკვეთების პირობებში, დაბალი წარმადობა დააფიქსიროს.
მეორეს მხრივ, ჩვენ გვაქვს დისკრეციული სამომხმარებლო აქციები. ეს ციკლური ინვესტიციები, მძლავრი ეკონომიკის პირობებში, შეიძლება, აღემატებოდეს ფართო ბაზარს, მაგრამ, რეცესიის პერიოდში, დიდი ვარდნა განიცადოს.
შედეგად, ისინი უფრო ცვალებადია, ვიდრე ძირითადი სამომხმარებლო აქციები და შეიძლება მოკლე დროში მიაღწიოს როგორც უაღრესად მაღალ, ასევე კატასტროფულად დაბალ დონეს.
საინვესტიციო მიდგომები
მზარდი ეკონომიკის პირობებში, სექტორების უმეტესობის შემთხვევაში, აქციების ფასები იზრდება, რაც გაზრდილი მოგებითა და მომხმარებელთა შემოსავლით არის განპირობებული. იმის გამო, რომ დისკრეციული სამომხმარებლო აქციების ზრდა ხშირად წინ უძღვის ბაზრის გაუმჯობესებას, მათი ადრეული შესყიდვა და გრძელვადიან პერსპექტივაში, ან ბაზრის დაცემამდე შენარჩუნება პოპულარული და პოტენციურად მომგებიანი სტრატეგიაა.
ამის საპირისპიროდ, ძირითადი სამომხმარებლო აქციები რეცესიის დროს თავდაცვითი საინვესტიციო სტრატეგიის ნაწილია. როგორც წესი, პირველადი სამომხმარებლო საქონლის მწარმოებელი კომპანიების აქციები საუკეთესოა ინვესტორებისთვის, რომლებსაც სურთ სტაბილური ზრდა, თანმიმდევრული დივიდენდები და ზომიერი, დაბალი ცვალებადობა.
უფრო მეტიც, იმის გამო, რომ რეცესიის პერიოდში ძირითადი სამომხმარებლო აქციები დისკრეციულ აქციების საპირისპირო წარმადობით ხასიათდება, ისინი უზრუნველყოფს უსაფრთხო თავშესაფარს დივერსიფიკაციაზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის და მათ საშუალებას აძლევს, მოსალოდნელი ან წარსული ზარალის ფონზე გაზარდონ მოგება.