“Buy and Hold” (ყიდვა და შენარჩუნება) არის პასიური საინვესტიციო სტრატეგია, რომლის დროსაც ინვესტორი ყიდულობს აქციებს (ან სხვა სახის ფასიან ქაღალდებს, როგორიცაა ETF) და მათ დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს, ბაზრის რყევების მიუხედავად. ინვესტორი, რომელიც ამ სტრატეგიას იყენებს, ინვესტიციებს აქტიურად ირჩევს, მაგრამ ფასების მოკლევადიანი მოძრაობებითა და ტექნიკური მაჩვენებლებით არ ინტერესდება. ბევრი ლეგენდარული ინვესტორის, მათ შორის უორენ ბაფეტისა და ჯონ ბოგლის აზრით, “Buy and Hold” მიდგომა არის იდეალური იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც გრძელვადიანი ჯანსაღი ანაზღაურების მიღება სურთ.
როგორ მუშაობს “Buy and Hold” სტრატეგია?
გრძელი საინვესტიციო დროის ჰორიზონტის შემთხვევაში, როგორც წესი, აქციები უფრო მაღალი ანაზღაურებით უზრუნველგვყოფს, ვიდრე აქტივთა სხვა კლასები, როგორიცაა ობლიგაციები. თუმცა, არსებობს გარკვეული დებატები იმის შესახებ, გვაძლევს თუ არა “Buy and Hold” მიდგომა უკეთეს შედეგებს, ვიდრე აქტიური საინვესტიციო სტრატეგია.
ჩვეულებრივი აქციების შეძენა კომპანიის წილის ფლობას ნიშნავს. ამას გააჩნია თავისი პრივილეგიები, რაც მოიცავს ხმის მიცემის უფლებას და წილს კორპორატიულ მოგებაში. აქციონერები ფუნქციონირებენ როგორც პირდაპირი გადაწყვეტილების მიმღებნი, მათი ხმების რაოდენობა მათ მფლობელობაში არსებული აქციების რაოდენობის ტოლია. ისინი წყვეტენ კრიტიკულ საკითხებს, როგორიცაა კომპანიების შერწყმა და შესყიდვა, ასევე ირჩევენ დირექტორთა საბჭოს წევრებს. აქტივისტი ინვესტორები (აქტივისტი ინვესტორი არის ინდივიდუალური ან ინსტიტუციონალური ინვესტორი, რომელიც ცდილობს, შეიძინოს საკმარისი წილი საჯარო კომპანიაში, რათა მის მმართველობაზე იქონიოს გავლენა), რომლებიც კომპანიებში მნიშვნელოვან წილებს ფლობენ, მენეჯმენტზე საგრძნობლად ზემოქმედებენ და ხშირად დირექტორთა საბჭოში წარმომადგენლობის მოპოვებას ცდილობენ.
პასიური სტრატეგიის მიმდევარი ინვესტორები, იმის გაცნობიერებით, რომ ცვლილებებს დრო სჭირდება, “Buy and Hold” მიდგომას იყენებენ. ინვესტიციის მოკლევადიან საკუთრებად განხილვის ნაცვლად ისინი პოზიციებს წლობით ინარჩუნებენ.
აქტიური vs პასიური მენეჯმენტი
აქტიური ინვესტორები საფონდო ბირჟაზე დიდი მოგების მიღებისკენ ისწრაფვიან. ისინი თავად ირჩევენ ფასიან ქაღალდებს. აქტიურ ინვესტორებს ერთი მიზანი აქვთ: აჯობონ ბაზრის საშუალო ანაზღაურებას. ისინი ამას სხვადასხვა სტრატეგიის საშუალებით აკეთებენ, მაგრამ მთავარი საფუძველს მოკლევადიანი რყევებით და გრძელვადიანი ტენდენციებით სარგებლობა წარმოადგენს.
აქტიური ინვესტირება დიდ დროსა, ძალისხმევას მოითხოვს და საინვესტიციო პორტფელში შემავალი ფასიანი ქაღალდების ღრმა ანალიზს მოიცავს. ამრიგად, ბევრი აქტიური ინვესტორი ყოველდღიურ ვაჭრობას მიმართავს, თუმცა ყველა მათგანი არა, რადგან ზოგიერთ აქტიურ ინვესტორს როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი მოგების მიღება სურს.
პასიური ინვესტორები, თავიანთი პოზიციების შემდეგი შესაძლებლობისთანავე გაყიდვის ნაცვლად, მათ წლების ან ათწლეულების განმავლობაშიც კი ინარჩუნებენ.
პასიური ინვესტორები ეთანხმებიან პასიური ინვესტიციის ძირითად დაშვებას იმის შესახებ, რომ ფართო ბაზარი, საბოლოოდ, ყოველთვის გაიზრდება.
პასიური ინვესტორების მიზანია მინიმუმამდე დაიყვანონ საინვესტიციო ხარჯები და რისკები, ხოლო ანაზღაურება მაქსიმალურად გაზარდონ. ბაზრის საფუძვლიანად გამოკვლევის ნაცვლად, ასეთი ინვესტორები კარგად დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელის შექმნაზე არიან ორიენტირებულნი. ასეთი პორტფელი, ცალკეულ აქციებთან ერთად, ხშირად მოიცავს გაცვლით სავაჭრო ფონდებს (ETF) და ურთიერთდახმარების ფონდებს.
პასიური ინვესტორები, ხშირად უგულებელყოფენ ტექნიკურ ინდიკატორებს და ამის ნაცვლად გრძელვადიან ტენდენციაზე ორიენტირდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ამ სტრატეგიის მოკლევადიანი მოგება შეიძლება მცირე იყოს, გრძელვადიან პერსპექტივაში მას მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია.
“Buy and Hold” სტრატეგიის პრაქტიკული მაგალითი
“Buy and Hold” სტრატეგიის ერთ-ერთი მაგალითი, რომელსაც პრაქტიკაში საკმაოდ კარგი შედეგი ექნებოდა, არის Apple-ის აქციების შეძენა 2008 წლის იანვარში. ამ პერიოდში Apple-ში $1,000-ის მოცულობის ერთჯერადი ინვესტიცია რომ ჩაგედოთ, მისი ღირებულება დღემდე 2,841.77%-ით გაიზრდებოდა და $28,417.69-ს შეადგენდა.
ისინი, ვინც გრძელვადიანი სტრატეგიის გამოყენებას ეწინააღმდეგებიან, ამტკიცებენ, რომ ინვესტორები ამ მიდგომის გამოყენებით, ბევრ შესაძლებლობას უშვებენ ხელიდან. თუმცა აღსანიშნავია, რომ მოკლევადიანი მოგებების დაფიქსირება შეუძლიათ ამ საქმის ნამდვილ პროფესიონალებს, ბევრად მაღალი რისკის პირობებში.