ინდექს ფონდი საინვესტიციო ფონდია, რომელიც სხვადასხვა ტიპის აქტივებს, აქციებს, ობლიგაციებს ან სხვა პროდუქტებს — ოქროს ნავთობს და ა.შ აერთიანებს. ინდექს ფონდი ინვესტორებს საშუალებას აძლევს, ერთდროულად ბევრი აქცია ან ობლიგაცია შეიძინონ. ინდექს ფონდების უმეტესობა საბაზრო ინდექსების “დუბლიკაციას” ცდილობს. მსოფლიოში ბევრი სხვადასხვა ინდექსი არსებობს, თუმცა ყველაზე პოპულარული S&P 500-ია, რომელიც აშშ-ს 500 უმსხვილეს საჯარო კომპანიას აერთიანებს. ინდექს ფონდი, რომელიც S&P 500 ინდექსს მიჰყვება, ცდილობს, ასახოს ინდექსში არსებული კომპანიების საქმიანობა.
ინდექს ფონდში ინვესტირებით საშუალება გაქვს ფული დააბანდო არა ერთ რომელიმე კონკრეტულ კომპანიაში, არამედ სხვადასხვა სექტორში, ოქროში, ნავთობში, კრიპტოვალუტაში და ა.შ. მისი დახმარებით თავიდან ირიდებ ინდივიდუალურ კომპანიების შესწავლას. ფონდის პორტფელში უკვე განსაზღვრულია ის აქციები და ობლიგაციები, რომლებიც უნდა შეისყიდო. ამასთან, დანაკარგების რისკიც მცირეა, რადგან ინდექსების უმეტესობა დივერსიფიცირებულია და ათობით და ასობით აქციასა თუ სხვა ტიპის ინვესტიციას მოიცავს. თუ ერთი ან ორი კომპანია წამგებიანი იქნება, ჯამში შენს კაპიტალს დიდი ზარალი არ მიადგება.
მაგალითად, თუ გჯერა, რომ ტექნოლოგიურ კომპანიაში ინვესტირება ჭკვიანური გადაწყვეტილებაა, თუმცა არ იცი, კონკრეტულად რომელ ტექ-კომპანიაზე შეაჩერო არჩევანი, შეგიძლია NASDAQ-ის ინდექსის ფონდი იყიდო. აღნიშნულ ფონდში ინვესტირება საშუალებას მოგცემს, ინვესტიცია ერთდროულად რამდენიმე კომპანიაში განახორციელო.
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.