აქციები შეიძლება გახდეს “whisper stock”, თუ გავრცელდება ჭორები, რომ მისი გამომშვები საჯარო კომპანიის შეძენით სხვა ფირმაა დაინტერესებული. ამ სიახლეს სავარაუდოდ მოჰყვება ვაჭრობის მოცულობის მყისიერი ზრდა და აქციების ფასის გაუმჯობესება.
როდესაც ორი კომპანიის მენეჯმენტი შესყიდვის შესაძლებლობებს განიხილავს, მოლაპარაკებები საიდუმლოდ მიმდინარეობს. ინსაიდერი კი, რომელიც, საკუთარი თავისთვის ან სხვისთვის სარგებლის მოტანის მიზნით, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოქმედებს, ინსაიდერული ვაჭრობის დანაშაულს სჩადის.
აქციების ფასი შეიძლება ძალიან სწრაფად შემცირდეს, თუ აღმოჩნდება, რომ ჭორები სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
“Whisper Stock”-ების გააზრება
ინფორმაციის უნებლიე გაჟონვა თითქმის ისეთივე ცუდი მოვლენაა, როგორც ინსაიდერული ვაჭრობა, რადგან ასეთ შემთხვევაში ერთ ადამიანს ან მცირე ჯგუფს ეძლევა შესაძლებლობა, იმოქმედოს იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც ინვესტორების უმეტესობისთვის არ არის ხელმისაწვდომი.
„Whisper Stock”-ის ფენომენი შეიძლება სხვა სახის ჭორებმაც გამოიწვიოს, მაგრამ ცოტა თუა ისეთი მასშტაბის, როგორიც ინფორმაცია პოტენციური შესყიდვის შესახებ. მაგალითად, ჭორებმა მნიშვნელოვანი მედიკამენტის FDA-ის (აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ასოციაცია) მიერ დამტკიცების მოლოდინში შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ფარმაცევტული კომპანიის აქციების ფასზე.
ყიდვა სწორ დროს
ინსაიდერული ვაჭრობის შესახებ შეშფოთების მიუხედავად, უოლ სტრიტს უყვარს ჭორები. საფონდო ბირჟის ტრეიდერებს, რომლებიც მოქმედებენ მანამ, სანამ მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდება, შეუძლიათ უფრო მეტი მოგება მიიღონ, ვიდრე მათ, ვინც აქციებს ამ მოვლენის შემდეგ ყიდულობენ/ყიდიან. ანუ, ასეთ შემთხვევაში ტრეიდერები იღებენ სარგებელს, თუ ჭორები გამართლდება.
SEC-ის წესები ინსაიდერული ვაჭრობის შესახებ
აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას (SEC) ამასთან დაკავშირებით მკაცრი წესები აქვს და კრძალავს ინსაიდერ ვაჭრობას. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ინსაიდერულ ინფორმაციას ფლობს, ფრთხილად უნდა იყოს და მისი გამჟღავნებისგან თავი შეიკავოს. რესურსები, ამ დანაშაულთან საბრძოლველად, ზოგადად არასაკმარისია, მაგრამ, ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელი მკაცრია.
თუმცა ჭორების შეჩერება შეუძლებელია. კერძო ლანჩზე ორი აღმასრულებელი დირექტორის ხილვა საკმარისია იმისათვის, რომ დაიწყოს სპეკულაცია რომელიმე ან ორივე კომპანიის აქციებთან დაკავშირებით.