ინვესტორებს, რომლებიც საკუთარ ფულად სახსრებს აქციებში აბანდებენ, მოგების მიღება ორი გზით შეუძლიათ: მათ მიერ შეძენილ აქციებზე ფასების ზრდის საშუალებით და კომპანიის მოგებიდან წილის მიღებით. კომპანიის მიერ საკუთარი აქციონერებისთვის განაწილებულ მოგებას დივიდენდი ეწოდება.
კომპანიები დივიდენდებს ძირითადად კვარტალურად იხდიან, თუმცა შეუძლიათ, აქციონერებზე მოგება არ გაანაწილონ და თანხების რეინვესტირება მოახდინონ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თანხა შესაძლოა გამოიყენონ მეტი თანამშრომლის დაქირავების, წარმოების ზრდისა და სხვა დანიშნულებით.
მოგების განაწილების პოლიტიკის შემუშავებისას კომპანიები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ იმას, თუ განვითარების რომელ ეტაპზე იმყოფება ბიზნესი. როგორც წესი, შედარებით ახალგაზრდა კომპანიები, რომლებიც ჯერ კიდევ ზრდის ფაზაში არიან, დივიდენდებს არ გასცემენ. მზარდი აქციები: როდესაც კომპანიის აქციები მზარდია, მისთვის შემოსავლების ხელახალი ინვესტირება მეტად ხელსაყრელია, ვიდრე აქციონერებისთვის მოგების განაწილება. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ინვესტორს მოგება კომპანიის აქციებზე ფასების ზრდამაც შეიძლება მოუტანოს.