თუ ეძებთ ინვესტიციას, რომელიც წინასწარ არის შემუშავებული, როგორც მყარად დივერსიფიცირებული პორტფელი, შესაძლოა, თქვენთვის შესაფერისი იყოს დაბალანსებული ფონდი. ეს არის ჰიბრიდული ფონდის ტიპი, რომელიც ერთ პორტფელში უამრავ განსხვავებულ ინვესტიციას აერთიანებს.
დაბალანსებული ფონდის გააზრება
დაბალანსებული ფონდი არის ერთობლივი საინვესტიციო ფონდი, რომელიც ზოგადად მოიცავს როგორც აქციებს, ისე ობლიგაციებს. ზოგიერთ შემთხვევაში ის შეიძლება ითვალისწინებდეს ფულად რეზერვებსაც, მაგრამ, როგორც წესი, ძალიან მცირე რაოდენობით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მიუხედავად იმისა, რომ ნაზავი შეიძლება განსხვავდებოდეს, სტანდარტული დაბალანსებული ფონდი, ჩვეულებრივ, 60%-70% აქციებს და 30%-40% ობლიგაციებს მოიცავს. ზოგჯერ ფონდში სხვა სახის ინვესტიციებიც ერთიანდება, მაგრამ აქციებისა და ობლიგაციების კომბინაცია ყველაზე გავრცელებულია.
ვინ აბანდებს ფულს დაბალანსებულ ფონდში?
დაბალანსებული ფონდი ითვლება შედარებით უსაფრთხო საინვესტიციო ინსტრუმენტად, რომელიც ინვესტორისგან ჩართულობას არ მოითხოვს. ასე რომ, ხშირად, პოტენციური ანაზღაურება არ არის ისეთი დიდი, როგორც, მაგალითად, მზარდი პოტენციალის აქციების კალათის შემთხვევაში. თუმცა, ზომიერი ანაზღაურება და დაბალი მერყეობა დაბალანსებულ ფონდს იდეალურს ხდის ინვესტორებისთვის, რომლებიც ნაკლები რისკის პირობებში შედარებით „გარანტირებულ“ სარგებელზე არიან ფოკუსირებულნი.
დაბალანსებული ფონდები შეიძლება კარგი არჩევანი იყოს დამწყები ინვესტორებისთვის, რომელთათვისაც ზარალთან გამკლავება რთულია. იმის გამო, რომ დაბალანსებული ფონდები ძალიან დივერსიფიცირებულია, ისინი განიხილება შედარებით უსაფრთხო ინვესტიციებად რისკისადმი ნაკლებად მიდრეკილი ინვესტორებისთვის.
დაბალანსებული ფონდის უპირატესობები
დაბალანსებულ ფონდს გააჩნია რამდენიმე უპირატესობა, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ:
დაბალი საკომისიო. ვინაიდან დაბალანსებული ფონდები სტაბილურ აქტივებს მოიცავს, მათი ხელახლა დაბალანსება იშვიათად ხდება საჭირო, რაც იმას ნიშნავს, რომ საკომისიოც დაბალია. ეს მათ ბევრად უფრო იაფს ხდის, ვიდრე მრავალი სახის ფონდს და სხვა აქტივს, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურ მენეჯმენტს მოითხოვს.
დაბალი რისკი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაბალანსებული ფონდები მოიცავს ისეთი აქციებისა და ობლიგაციების ნაზავს, რომლებიც საიმედო ინვესტიციებს წარმოადგენს. ეს კი მათ დაბალრისკიან საინვესტიციო ინსტრუმენტად აქცევს.
ნაკლები ჩართულობა. თუ დამწყები ან ისეთი ინვესტორი ხართ, რომლის მიზანიც პასიური ინვესტირებაა, დაბალანსებული ფონდი საშუალებას გაძლევთ, დაბალრისკიან ინვესტიციებს მათზე ფიქრის გარეშე ფლობდეთ. ფონდის მენეჯერი დროდადრო განაახლებს მას, მაგრამ ამ პროცესში თქვენ არ იქნებით ჩართული. კონტროლის არ ქონა შეიძლება გარკვეულწილად დაბალანსებული ფონდის ნაკლოვანებადაც ჩაითვალოს.
დაბალანსებული ფონდის ნაკლოვანებები
ქვემოთ მოცემულია ამ საინვესტიციო პროდუქტის რამდენიმე უარყოფითი მხარე:
„მოსაწყენი“ პორტფელი. დაბალანსებული ფონდი მოსაწყენი ინვესტიციაა. ის შედგება მოსაწყენი აქციებისა და მოსაწყენი ობლიგაციებისგან. მასში არაფერია ისეთი, რამაც შეიძლება აგაღელვოთ.
საშუალო ანაზღაურება. დაბალანსებული ფონდები, როგორც წესი, მოიცავს უსაფრთხო, კარგად ჩამოყალიბებულ კომპანიებს, რომლებიც დაბალი ტემპით იზრდება. ეს კი ინვესტორისთვის საშუალო ანაზღაურებას იწვევს.