ტერმინი „ეთიკური კედელი“ აღწერს ვირტუალურ ბარიერს, რომელიც მიზნად ისახავს, დაბლოკოს ინფორმაციის გაცვლა დეპარტამენტებს შორის, თუ ამან შეიძლება გამოიწვიოს ბიზნეს საქმიანობა, რომელიც ეთიკურად ან იურიდიულად საეჭვოა. ტერმინის თავდაპირველი ვერსია „ჩინური კედელი“ საზიანოა მისი კულტურული შეუფერებლობის გათვალისწინებით და, ენობრივი დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად, „ეთიკური კედელი“ უფრო შესაფერის ალტერნატივად განიხილება.
შეერთებულ შტატებში კორპორაციებმა, საბროკერო ფირმებმა, საინვესტიციო და საცალო ბანკებმა გამოიყენეს ტერმინი „ეთიკური კედლები“ ისეთი სიტუაციების აღსაწერად, როდესაც საჭიროა კონფიდენციალურობის დაცვა ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.
წლების განმავლობაში, მსხვილმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა გამოიყენეს „ეთიკური კედლის“ პოლიტიკა, როგორც საშუალება, დეპარტამენტებს შორის ეთიკური საზღვრების შექმნით თავიანთი ბიზნეს ურთიერთობების თვითრეგულირებისთვის. თუმცა ეს ძალისხმევა ყოველთვის ეფექტიანი არ ყოფილა. ამრიგად, ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ (SEC) მიიღო რეგულაციები, რომლებიც განსაზღვრავს, თუ როგორ აზიარებენ ფინანსური ინსტიტუტები ინფორმაციას. SEC-მა დააწესა ჯარიმები და სამართლებრივი შედეგები იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ამ რეგულაციებს არღვევენ.
როგორ მუშაობს „ეთიკური კედელი“?
კომპანიის შიგნით „ეთიკური კედლის“ აშენების პოლიტიკა გავრცელებულია საინვესტიციო ბანკებს შორის. კლიენტებთან ურთიერთობის საშუალებით, საინვესტიციო ბანკირებს ხშირად აქვთ წვდომა არა-საჯარო, მნიშვნელოვან ინფორმაციაზე, რომელიც ეხება საჯარო კომპანიებს ან ფირმებს, რომელთა საჯარო საკუთრებაში გადასვლაც იგეგმება აქციების პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) გზით. საინვესტიციო ბანკირები პასუხისმგებელნი არიან საინფორმაციო ბარიერების შემუშავებაზე, რომლებიც ბანკის ერთი დეპარტამენტიდან მეორეში გარდამავალ კონფიდენციალური ინფორმაციის ნაკადს აკონტროლებს.
ფინანსურ ინდუსტრიაში „ეთიკური კედლის“ საჭიროება უფრო კრიტიკული გახდა 1999 წლის Gramm-Leach-Bliley აქტის (GLBA) ამოქმედების შემდეგ. ამ კანონმა გააბათილა ფედერალური რეგულაციები, რომლებიც კომპანიებს საბანკო, საინვესტიციო და სადაზღვევო მომსახურების ნებისმიერი კომბინაციის გაწევას უკრძალავდა. GLBA-მ გააუქმა შეზღუდვები ასეთ კომბინაციებზე, რომლებიც მოქმედებდა დიდი დეპრესიის შემდეგ. GLBA-მ ასევე გააჩინა შესაძლებლობა შექმნილიყო დღევანდელი ფინანსური გიგანტები, როგორებიც არიან, მაგალითად, Citigroup და JPMorgan Chase.
GLBA გააკრიტიკეს რამდენიმე მიზეზით, განსაკუთრებით მისი გავლენის გამო მომხმარებლებზე და მისი წვლილისთვის ეკონომიკურ კრიზისებში (მაგ., 2008-2009 წლებში). მან შეასუსტა მომხმარებელთა დაცვა ფინანსური სერვისების კონსოლიდაციის დაშვებით, რაც პოტენციურად ზღუდავს მომხმარებელთა არჩევანს და სავაჭრო ძალაუფლებას.
„ეთიკური კედლის“ მაგალითი
ფინანსური მომსახურების ფირმას შეიძლება ჰქონდეს კორპორატიული საინვესტიციო ფილიალი, რომელიც მოქმედებს საჯარო კომპანიის სახელით და გეგმავს კონკურენტი ფირმის ხელში ჩაგდებას. მოლაპარაკებები უაღრესად კონფიდენციალურია, განსაკუთრებით უკანონო ინსაიდერული ვაჭრობის პოტენციალის გამო. მიუხედავად ამისა, იმავე ფირმას ჰყავს საინვესტიციო მრჩევლები სხვა განყოფილებაში, რომლებიც შესაძლოა აქტიურად ურჩევდნენ კლიენტებს, შეიძინონ ან გაყიდონ აქციები მოლაპარაკებებში ჩართულ კომპანიებში. „ეთიკურმა კედელმა“ საინვესტიციო მრჩევლებისგან ინფორმაციის გაჟონვის შესაძლებლობა უნდა აღკვეთოს.
„ეთიკური კედლის“ პოლიტიკის საჭიროება გაძლიერდა 2002 წელს სარბანეს-ოქსლის აქტის (SOX) მიღებით, რომელიც კომპანიებს ავალდებულებს, ინსაიდერული ვაჭრობის წინააღმდეგ უფრო მკაცრი გარანტიები გააჩნდეთ.
„ეთიკური კედლის“ ცნება სხვა პროფესიებშიც არსებობს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ის შეიძლება დროებითი ან მუდმივი იყოს. მაგალითად, თუ იურიდიული ფირმა მიმდინარე სამართლებრივ დავაში ჩართულ ორივე მხარეს წარმოადგენს, შეიძლება ჩამოყალიბებულ ორ იურიდიულ გუნდს შორის დროებითი „კედელი განთავსდეს“, რათა ფაქტობრივი, თუ აღქმული შეთქმულება ან მიკერძოება თავიდან იქნას აცილებული.
რატომ არის ტერმინი „ჩინური კედელი“ კულტურულად შეუფერებელი
„ეთიკურმა კედელმა“ თავდაპირველი, შეურაცხმყოფელი ფორმის სახელწოდება ჩინეთის დიდ კედლისგან მიიღო, რომელიც ძველად ამ ქვეყნის მტრებისგან დასაცავად იყო აღმართული. მისი გამოყენება აშშ-ში დაიწყო 1929 წლის საფონდო ბირჟის კრახიდან მალევე, როდესაც კონგრესმა წამოიწყო დებატები ბროკერებსა და საინვესტიციო ბანკირებს შორის მარეგულირებელი ბარიერების შექმნის აუცილებლობის შესახებ.
ბოლო ხანებში ეს ტერმინი უფრო ფართოდ იქნა დაგმობილი, როგორც კულტურულად შეუფერებელი. 1988 წელს მოსამართლე ჯასტის ლოუმ ვრცლად დაწერა ამ ფრაზის შეურაცხმყოფელობაზე ჩინური კულტურისა და ბიზნეს პრაქტიკის მიმართ.
მოსამართლემ ისიც აღნიშნა, რომ მეტაფორა „ჩინეთის კედლის“ რეალურ მნიშვნელობას არ შეესაბამება. ჯასის ლოუმ ალტერნატივად საზოგადოებას ტერმინი „ეთიკური კედელი“ შესთავაზა.